სტუ
07/06/2024

ინდუსტრიული ტური საერთაშორისო სტუდენტებისათვის კომპანია SISECAM-ში

6 ივნისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიის“ სტუდენტები, თურქული კომპანია SISECAM-ის ქარხანა ს.ს. „მინა“-ს “ინდუსტრიული ტურის” ფარგლებში ეწვივნენ.

სტუდენტებმა ქარხნის საწარმოო ბაზა დაათვალიერეს, ასევე,   ინტერესით გაეცნენ ქარხნის საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესებს და მანქანა-დანადგარების მუშაობის პრინციპებს. ქარხნის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აჩვენეს და დაწვრილებით აუხსნეს , თუ როგორ ხდება ნედლეულის მიღება-დასაწყობება, მისი შემდგომი გადამუშავება და პროდუქციის დამზადება-შეფუთვა.


SISECAM-ი უდიდესი მინის ტარისა და ბრტყელი მინის მწარმოებელი კომპანიების მსოფლიო ხუთეულში შედის, სოდის წარმოებაში მერვე ადგილი უკავია და ლიდერია ქრომის ნაერთების წარმოებაში. თურქულ კომპანია SISECAM-ს თურქეთსა და საქართველოს გარდა ქარხნები აქვს ბულგარეთში, ეგვიპტეში, იტალიაში, ინდოეთში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  კომპანია SISECAM-თან  საქმიანი და ახლო პარტნიორობა აკავშირებს.


ქარხანაში სტუმრობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიის“ სტუდენტებს გლობალური სტაჟირების და დასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა და სამომავლოდ, კომპანიის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქარხნებში მუშაობა შესთავაზეს.  სტუდენტები ენთუზიაზმით შეხვდნენ შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ინდუსტრიულ კომპანიაში და კარიერული განვითარებისათვის უნარები   განავითარონ.