საერთაშორისო პროექტის „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბის“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) ტრენინგ-პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს. ტრენინგების ხუთი მოდულიდან სამი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოამზადეს.
აქტიურ ფაზაშია გრაფიკული დიზაინის ტრენინგ-მოდული. კურსი პროფესორ თეა ბარამაშვილს და მის ასისტენტს თინათინ იორდანიშვილს მიჰყავს. ამ მოდულის პირველი ეტაპი - თეორიული მასალის გაცნობის სამი შეხვედრა უკვე ჩატარდა. ტრენინგი დატვირთულია პრაქტიკული კომპონენტით.
ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგ-მოდულს უძღვებიან პროფესორები - ნატალია ჭანტურია და ბელა გოდერძიშვილი. ასისტენტები - თამარ შუბითიძე და ბელა დედანაშვილი. ტრენინგ-მოდულის ამოცანაა, მსმენელს მენეჯმენტის, როგორც მეცნიერული თეორიის საფუძვლები გააცნოს.
ყველაზე ადრე დაიწყო და დასრულების ეტაპზეა ტრენინგ-მოდული „მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები“, რომელსაც უძღვებიან ასოცირებული პროფესორები თამარ რუხაძე, თამარ ქამხაძე და ირინე უგრეხელიძე. ასისტენტები ნადია ცხოვრებაშვილი და თიკო ნიაური. პროექტის მენეჯერია პროფესორი ნათია ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში აღნიშნული ტრენინგ-კურსები 27 მაისს დაიწყო. მთლიანობაში, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლების მიერ ხუთი ტრენინგ-მოდულია მომზადებული.
• ზოგადი მენეჯმენტი;
• მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;
• გრაფიკული დიზაინი;
• ვებ. ტექნოლოგიები და Wordpress დეველოპმენტი;
• მეწარმეობა პრაქტიკაში;
პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“, აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და ხორციელდება.
პროექტს კოორდინაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს.