29 მაისს, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მექანიკის ინჟინერია“ სტუდენტები, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, ამავე ფაკულტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქიმიკოსის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის აზოტის ქარხანაში იმყოფებოდნენ.
სს „რუსთავის აზოტის“ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილეს ქიმიურ საწარმოა. ამჟამად, „რუსთავის აზოტი“ სამხრეთ კავკასიაში ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელია და აქვს მყარი პოზიციები როგორც შიდა, ასევე მსოფლიო ბაზარზე. დაბადების დღედ ითვლება 1956 წელი - როცა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით პირველად მოხდა ამიაკის წარმოება.
ამჟამად, სს „რუსთავის აზოტში“ დასაქმებულია ორიათასზე მეტი თანამშრომელი. ინდუსტრიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სს „რუსთავის აზოტის“ კვლევების ცენტრი ცდილობს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
სტუდენტებს უმასპინძლეს და წარმოების მუშაობის პრინციპები, მათი სამომავლო გეგმები გააცნეს საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ, დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ხმიადაშვილმა. საწარმოს მთავარმა ინჟინერმა გოჩა ქართლელიშვილმა კი, სტუდენტებს საამქროები და ლაბორატორია დაათვალიერებინა.
ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, შესაბამისი პოზიტიური შედეგებიც მოჰყვება. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, სს „რუსთავის აზოტის“ მენეჯმენტს მასპინძლობისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად გავაგრძელოთ თანამშრომლობა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საუკეთესო ინტერესებისათვის.