29 მაისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა ბულგარეთის და პოლონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. კერძოდ, საქართველოში ევროკომისიის Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, სტუმრები ბულგარეთის რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტიდან პროფესორები პლამენ ივანოვ დასკალოვი და იულიანა პოპოვა, ხოლო პოლონეთიდან რჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან ასისტენტ პროფესორი ანდჟეშ დზიერვა იმყოფებოდნენ.
ევროპელ სტუმრებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, უნივერსიტეტებში სასწავლო და კვლევით მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. სტუმრებმა მშობლიურ უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს, დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზები დეპარტამენტების მიხედვით და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აკადემიურ პერსონალთან საქმიანი კონტაქტები გაცვალეს.
ვროპელი კოლეგების ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე კვირის განმავლობაში „საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გაგრძელდება, რომელიც ორგანიზებულია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა აპრობირებულია დასავლურ უნივერსიტეტებში და ის არის საუკეთესო საშუალება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გასაღრმავებლად. თავის მხრივ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ვინაიდან ის არის განვითარების, საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი წინაპირობა.