21 მაისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და კომპანია "Lion Trans"-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ინოვაციური “ავტოდილერის მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი” დაიწყო.
პროგრამის პირველ, თეორიულ მოდულში - „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“ - პირველი ლექცია ჩატარდა. სტუდენტები თანამედროვე ავტომობილების კონსტრუქციას შეისწავლიან, მათ დანიშნულებას, მუშაობის პრინციპებს და სხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებს.
ავტოდილერობა სპეციფიური საქმიანობაა, რაც სხვადასხვა ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ტრენინგის ამ მოდულით გათვალისწინებულია ყველა ის ტექნიკურ დეტალი, რაც ავტოდილერმა კარგად უნდა იცოდეს. ამასთან, ამ სფეროში ხარისხიანი სერვისის შესაქმნელად აუცილებელია დისტანციური საკომუნიკაციო უნარები, აგრეთვე, ავტომობილების თავისებურებების, აუქციონის წესების ცოდნა და სხვა.
სრული კურსი სამი ეტაპისგან შედგება: თეორიული მასალის გაცნობა, პრაქტიკული მუშაობა, შეფასება/სერტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა სრულადაა ორიენტირებული დასაქმებასა და სტუდენტების ხელშეწყობაზე. ტრენინგ-კურსი ინოვაციურია, ვინაიდან ის კარგად ასახავს სადილერო ბიზნესის საჭიროებებს და მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს ბიზნეს პრაქტიკაში. ამასთან, კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებს ითვალისწინებს.
„ავტომობილების დილერის მოსამზადებელი“ ტრენინგ-კურსი დღეს დაიწყო და ორ თვეში დასრულდება. კურსის გავლის შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და შესაძლებლობა ექნებათ კომპანია „Lion Trans”-ში დასაქმდნენ.