სტუ
18/05/2024

ფაკულტეტზე გერმანულ კომპანიასთან პარტნიორობით ერთობლივი სასწავლო-საწარმოო ცენტრი შეიქმნება

15 მაისს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე,  ავტომატური მართვის სისტემების სასწავლო-საწარმოო ცენტრის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია  ჩატარდა, რომლის დაფუძნება ფაკულტეტზე უახლოეს ხანებში გერმანულ კომპანია ELREHA-სთან თანამშრომლობით იგეგმება.  აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ექსკლუზიურად ხორციელდება, პრიორიტეტული საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა „საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია“.  

ერთობლივი ცენტრის შექმნის მიზანია, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სფეროში სპეციალისტების მომზადება-გადამზადებაში პარტნიორობისა და ურთიერთ­თანამ­შრომლობის განვითარება, ასევე, სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების დანერგვა.   

ცენტრის კონცეფციის პრეზენტაციასთან  დაკავშირებით,  ფაკულტეტზე გერმანიიდან, კომპანია ELREHA-ს აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი ოლაფ რიხტერი ესტუმრა,  რომელიც  ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, ა(ა)იპ სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წევრები, პროფესიული განათლების ცენტრების წარმომადგენლები, მაცივარაგენტების შემცველო მოწყობილობების მომხმარებლები, დარგობრივი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ზოგადად, მაცივრები და ჰაერის კონდიციონერები მუშაობენ გარემოსთვის საზიანო ნივთიერებებზე - მაცივარაგენტებზე, რის გამოც ექვემდებარებიან მუდმივ კონტროლს, როგორც ტექნიკური უსაფრთხოების, ისე გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ძალიან აქტუალურად დგას ჩვენ ქვეყანაში.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ცენტრის სასწავლო პროგრამას, რომელიც  250 სასწავლო საათს მოიცავს, რომელთაგან 138 საათი ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამასთან, პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან გერმანიაში კომპანია ELREHA-ს საწარმოო ბაზაზე. ცენტრის მუშაობის დასაწყებად საჭირო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.   ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას  წელს,  სექტემბრიდან დაიწყებს.