სტუ
16/05/2024

ავტოდილერის მოსამზადებელი პრაქტიკული კურსი Lion Trans-ისგან ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

მანქანების ყიდვა-გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესია მსოფლიო მასშტაბით. უამრავი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ შეიძინოს ავტომობილი და შემდეგ სარფიან ფასში გაყიდოს. მით უმეტეს, რომ მოთხოვნა მანქანაზე ყოველთვის მაღალია, სულ პირველი ავტომობილის გამოსვლიდან, 1886 წლიდან, დღემდე. 

Lion Trans დიდი ჰოლდინგის, Lion Group-ის ნაწილია და ის ავტოსადილერო ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს. ის თანამშრომლობს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტოაუქციონთან, IAA-სთან და მისი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამ პლატფორმის მეშვეობით, უკვე წლებია Lion Trans ავტოიმპორტს ახორციელებს და მომხმარებელს საიმედო მომსახურებას სთავაზობს.

დაგროვილ გამოცდილებას გუნდის წევრები საგანმანათლებლო ინვესტიციად იყენებენ და აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტების გადამზადების პროცესში. 2023 წლის 7 დეკემბრიდან, Lion Trans-ის ძალისხმევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია ფუნქციონირებს, ამჟამად კი სრულიად ახალი და უნიკალური პროგრამა მზადდება – „ავტოდილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსი”. 

თუ როგორ გაჩნდა ამ კურსის შექმნის იდეა და რას ისწავლიან მის ფარგლებში სტუდენტები, Lion Group-ის გენერალური დირეტორი, ლევან სუხიტაშვილი მოგვიყვება.

M: როგორ უჭერს Lion Trans მხარს სატრანსპორტო-საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას და როგორ გაჩნდა ტრენინგკურსის შექმნის იდეა?

თავის დროზე, როცა სტუ-ში ელექტრომობილების ლაბორატორია ჩამოყალიბდა, ჩვენი მიზანი იყო საგანმანათლებლო სფეროში წვლილის შეტანა. ეს მიმართულება საკმაოდ კომპლექსურია და მეტ განვითარებას მოითხოვს, რაშიც Lion Trans-ს თავისი წვლილი შეაქვს. ამისთვის ჩვენ სტუ-ს შევუქმენით ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი აუდიტორია, რომლის აკადემიური ფუნქციონირებაც უკვე თავად უნივერსიტეტის პრეროგატივაა. 

ამ ყველაფერთან ერთად, გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, სადაც  Lion Trans-ის უშუალო ჩართულობა მეტი დოზით გამოჩნდებოდა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ინდუსტრიის მოთხოვნებს, გამოწვევებს, გარდა ამისა, ორიენტირებულნი ვართ დილერების მომზადებაზე, რათა ამ სფეროში შევქმნათ ავტოდილერის პროფესიის სტანდარტი, ახალგაზრდებს საშუალება მივცეთ, შეიძინონ მოთხოვნადი სპეციალობა და იყვნენ ფინანსურად გამართულნი. ამ საკითხებზე მსჯელობისას გაჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ავტოსადილერო ტრენინგკურსი. 

M: ვისთვის შეიძლება იყოს ეს კურსი საინტერესო და როგორ ხდება მასზე მიღება?

ამ საკითხზეც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ვიმსჯელეთ და გვინდა, რომ სამომავლოდ კურსმა გაიაროს აკრედიტაცია და ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისთვის, ვისაც ავტოდილერობა აინტრესებს. თუმცა, პირველ ეტაპზე, სტუ-ის სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებს ენიჭებათ პრიორიტეტი.

აქვე გეტყვით, თუ რატომ სტუდენტები – ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია, ის არ მოითხოვს მთელი დღის რესურსს და ადაპტირებულია მოქნილი გრაფიკით, თანაც დისტანციურად მუშაობისთვის.

შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია, არ მოაკლოს დრო სწავლა-განათლებას, თუმცა ამის პარალელურად, იმუშაოს და აითვისოს კიდევ ერთი პროფესია. მე თავად კარგად მესმის, რას ნიშნავს სტუდენტებისთვის დამოუკიდებელი შემოსავლის ქონის სურვილი სწავლის პარალელურად, ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, მიგვეცა მათთვის ეს შესაძლებლობა. შედეგად კი, მგონია, რომ ჩვენი კომპანიისთვისაც და მათთვისაც დადებითი გამოცდილება იქნება.

M: რამდენ ხანს გრძელდება კურსი და რით იქნება ის სტუდენტებისთვის პროდუქტიული?

ავტოდილერობა სხვადასხვა ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, რის საფუძველზეც ავაწყვეთ სასწავლო კურსი. გავითვალისწინეთ ყველა ი კრიტერიუმი, რაც ავტოდილერმა კარგად უნდა იცოდეს. ამ სფეროში, თუ გვინდა, რომ ხარისხიანი სერვისი შევქმნათ, აუცილებელია დისტანციური საკომუნიკაციო უნარები, აგრეთვე, ავტომობილების თავისებურებების, აუქციონის წესების ცოდნა. 

სრული კურსი ორი თვე მიმდინარეობს, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: თეორიული მასალის გაცნობა, პრაქტიკული მუშაობა, შეფასება/სერტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა სრულადაა ორიენტირებული დასაქმებასა და სტუდენტების ხელშეწყობაზე, რომელთაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ და მოქნილი სამუშაო გრაფიკი ესაჭიროებათ.

M: თქვენ ხართ ამერიკული აუქციონის, IAA-ს წარმომადგენელი საქართველოში, რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ ამ კომპანიასთან და როგორ აძლიერებთ პრაქტიკულ სწავლებას IAA პლატფორმის მეშვეობით?

დიახ, Lion Trans ამ აუქციონის ოფიციალური  წარმომადგენელია საქართველოში, რაც გვეხმარება, რომ ამ პარტნიორობით გვქონდეს შესაბამისი უპირატესობები, იქნება ეს ფასი, არჩევანი, მოქნილობა თუ სხვა…შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებულს ეხსნება წვდომა IAA პლატფორმაზე და შეუძლია ამ ფართო მასშტაბის აუქციონის უკეთ გაცნობა.

M: რა მოთხოვნებია ავტოსადილერო ინდუსტრიაში და როგორ ეხმარება კურსი სტუდენტებს ამ მოთხოვნებთან გამკლავებაში?

ამ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის, რომ მომხმარებელს მოვუსმინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თავადაც ვართ სხვადასხვა სექტორის მომხმარებელი და კარგად გვესმის, რომ ყველა ბიზნესს აქვს თავისი ე.წ. წუხილი, რომელიც მომხმარებლისგან უკუკავშირად მოდის და ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ. 

სწორედ ამის გამოძახილია ჩვენ მიერ შექმნილი კურსიც, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზეა დაყრდნობილი და ავტოდილერებს ბაზარზე არსებული მოთხოვნების სწორ მენეჯმენტსა და მართვას ასწავლის, რათა მათ საფუძვლიანი ცოდნით შეძლონ მუშაობა.