სტუ
01/05/2024

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პროექტის “კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - Reinnova” ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში კომპანია “ავტობანს” სტუმრობდნენ.

სამუშაო ვიზიტის მიზანს პროექტის Reinnova-ს ფარგლებში დაგეგმილი “სწავლებისა და ინოვაციების პროგრამის” განხორციელება წარმოადგენდა, რომელშიც ჩართულია კომპანია “ავტობანი”. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს დამფუძნებლებმა კომპანიის მუშაობის პრინციპი გააცნეს, ესაუბრნენ კომპანიის ძლიერ მხარეებზე, დაათვალიერებინეს სამუშაო გარემო: გაყიდვების სამსახური, სასაწყობე სივრცე, ავტომობილების სარემონტო სერვისი, ნარჩენების შემგროვებელი საცავი და საინვესტიციო სივრცე.

კომპანია "ავტობანი" 27 წელია, მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის, დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ კომპანიაში, სხვადასხვა მმართველობით და საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებულები ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან.

კომპანია “ავტობანი” ფაკულტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩართულია “სწავლებისა და ინოვაციების პროგრამის Reinnova-ს” განხორციელებაში, რომლის ძირითადი კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით. ასევე, ის მიზნად ისახავს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობას.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია “ავტობანის” მენეჯმენტს მასპინძლობისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ თანამშრომლობა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საუკეთესო ინტერესებისათვის.


სიახლეებში დაბრუნება