სტუ
08/04/2024

საწვავ-საცხი მასალების ტესტირების ლაბორატორია, სტუ-ს ადმინისტრაციის დახმარებით გასულ წელს განთავსდა სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ახალ, გარემონტებულ და ლაბორატორიული საჭიროებებისთვის ადაპტირებულ სივრცეში. ლაბორატორია შპს „ავიასერვისის“ დახმარებით აღიჭურვა თანამედროვე აპარატებით და ხელსაწყოებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სტუდენტებისათვის შესაბამისი დისციპლინის ხარისხიანად შესწავლის შესაძლებლობა. შესაბამისად გაიზარდა სტუდენტთა დაინტერესება, შეისწავლონ საავტომობილო საექსპლუატაციო მასალების დანიშნულება, კლასიფიკაცია, მარკირება, ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური და საექსპლუატაციო თვისებები, გამოყენების პირობები და ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც წამოიჭრება ამ მასალების ტრანსპორტირების, გამოყენების და უტილიზაციის დროს.

ლაბორატორია ასევე ღიაა სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისათვისაც, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამები დაკავშირებულია ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან. ამის სადემონსტრაციოდ 2024 წლის 6 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით, ლაბორატორიაში სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტით იმყოფებოდნენ აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი გაეცნენ საწვავ-საპოხი მასალების გამოცდის მეთოდებს და შესაბამის ხელსაწყოებს, მონაწილეობა მიიღეს ცალკეული ცდების ჩატარებაში.

ამჟამად ლაბორატორიის პერსონალი აქტიურად მუშაობს, სამომავლოდ აკრედიტაციის გასავლელად, რის შემდეგაც ლაბორატორიას ექნება საშუალება ჩაატაროს სსმ-ს ტესტირება იურიდიული და კერძო პირების მიერ წარმოდგენილ სინჯებზე.

მიმდინარე სემესტრში, ლაბორატორიის ბაზაზე დაგეგმილია არაერთი სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება, რომელზეც დასწრება ჩვენი ფაკულტეტის გარდა სხვა შესაბამისი პროფილური პროგრამების სტუდენტებსაც შეეძლებათ.


სიახლეებში დაბრუნება