სტუ
13/03/2024

6 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების ზრდა ინჟინერიაში - ქალთა ტექნოლოგიური ცენტრის - Women’s Tech Hub“-ის, გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ინფორმირებას პროექტის იდეის, სტრატეგიული მიზნებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტუმრები - ალექსანდრ დენიელსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი და საგრანტო პროგრამების უფროსი მენეჯერი სოფო ბზიშვილი. ასევე სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქალთა ტექნიკური ცენტრის ინსტიტუციონალიზაცია სტუ-ს სტრუქტურაში, არა მხოლოდ შეავსებს გენდერულ ხარვეზებს საინჟინრო და ტექნიკურ მეწარმეობაში, არამედ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და საზოგადოების საერთო წინსვლას.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, შესაბამისად ფაკულტეტზე პროექტის ეგიდით გაიმართება არაერთი ღონისძიება და აქტივობა რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ჩვენს სტუდენტებს, ასევე პერსონალს.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ პროექტი ღიაა სტუ-ს ყველა სწავლების საფეხურის ქალი სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ინოვაციური ტექნიკურ-სამეწარმეო იდეები ან სურთ ცოდნის გაღრმავება სამეწარმეო მიმართულებით.

Women’s tech hub-ი საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება ა.შ.შ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში.


სიახლეებში დაბრუნება