სტუ
26/01/2024

24 იანვარს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კომპანია Lion Trans-ის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ლევან სუხიტაშვილმა, სტუდენტებთან საჯარო ფორმატის შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემატიკა ეხებოდა კომპანიის და მისი ხელმძრვანელობის წარმატების ისტორიას და ელექტრომობილების თანამედროვე ტენდენციებს. ბატონმა ლევან ისაუბრა კორპორაციაში შემავალი ბიზნეს ერთეულების და Lion Group-ის შესახებ და სტუდენტებს გააცნო კომპანიის შექმნის ისტორია, განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე მიღებული გამოცდილება, ელექტრომობილების კონტექსტში თანამედროვე ბაზარზე არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.

ბატონმა ლევან სუხიტაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა ელექტროავტომობილის, როგორც მომავლის ტრანსპორტის მნიშვნელობაზე და მის როლზე მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. ამასთან სტუდენტებმა შეხვედრის ინტერაქტიულ ნაწილში დასვეს საინტერესო კითხვები, ელექრტოავტომობილების აკუმულატორების ძირითადი შემადგენელი ნაწილის, „ლითიუმის“ როგორც გარემოსთვის მავნე ნივთიერების შემდგომი უტილიზაციის პროცესისთვის საჭირო ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ. აგრეთვე წყალბადის ზეჟანგზე მომუშავე ავტომობილების ძრავებთან დაკავშირებით, რაზეც ბატონმა ლევანმა კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები გასცა.

„ელექტროავტომობილი ამ ეტაპზე მომავლის უალტერნატივო ტრანსპორტად მოიაზრება და მისი სტაბილური არსებობა ბაზარზე სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამასთან კარგად გვესმის „ლითიუმის“ უტილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გარწმუნებთ, რომ ამ დარგის ინდუსტრიისთვის ეს საკითხი გამოწვევაა, რაზეც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები მუდმივად ზრუნავენ“ აღნიშნა ბატონმა ლევანმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 - წლის 7 დეკემბერს სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ელექტროავტომობილების სასწავლო კვლევითი ლაბორატორია, რომლის კონცეფციაც უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების მიერ იქნა შემუშავებული. ამავე დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა გურამ ყველაიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის თანახმადაც კომპანია უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელ დანადგარებზე და მასალებზე საქმის საფუძვლიანად შესწავლას . აგრეთვე სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთონ კვლევით სამუშაოებში და ერთობლივი მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თავის მხრივ უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კომპანიის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო კომპანია უნივერსიტეტთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ჩაატარებს ერთობლივ კვლევებს, ქვეყანაში ელექტროავტომობილების დანერგვის, გავრცელების, გაუმჯობესების და ეკოლოგიურობის, მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებული იქნება ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია Lion Trasn ს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება. სამომავლოდ სტუდენტებისთვის Lion Trans-ში ინდუსტრიალური ტური იგეგმება, სადაც კომპანიის წარმომადგენლები ახალგაზრდებს გააცნობენ და დაათვალიერებენ სამუშაო სივრცეში არსებულ ტექნიკურ ბაზას, რაც თავისთავად მათ, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზირების საშუალებას მისცემს.

მადლობას ვუხდით ბატონ ლევანს ამ საინტერესო შეხვედრისთვის. მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებისთვის შეუფასებელი გამოცდილების მომტანია, რაც შემდგომში მათი, როგორც დარგის სპეციალისტების ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოტივაცია და წინაპირობაა.


სიახლეებში დაბრუნება