სტუ
22/12/2023

19 დეკემბერს, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის, დოქტორ მიროსლავ ბონეკის ხელმძღვანელობით გაიმართა ონლაინ შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო პროექტის - „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზი“, მონაწილე მხარეებს შორის, რომელშიც ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი);  ჟილინას უნივერსიტეტის (სლოვაკეთი), პამუკალეს უნივერსიტეტის (თურქეთი); გებზეს ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი); ტურინის უნივერსიტეტის (იტალია); მინოს უნივერსიტეტის (პორტუგალია), გაზის უნივერსიტეტის (თურქეთი, ანკარა), სლოვანის ტექნიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) სტუდენტები და პროფესორები. სტუდენტებმა ონლაინ ფორმატში წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების, ასევე მათ უნივერსიტეტებში, მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამების, ლაბორატორიების, მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებისა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ.

შეხვედრაზე ჩვენი სტუდენტების მხრიდან წარმოდგენილი იყო სტუ-ის და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია.  შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა მიროსლავ ბონეკმა, წამოაყენა წინადადება სამომავლოდ ერთობლივი სხვა პროექტების და გაცვლით პროგრამების ინიციირებისა და განხორციელების შესახებ. მან მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო კონფერენციის „Talent Detector – 2024“ საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები. აღსანიშნავია რომ პროექტი უკვე ერთი თვეა გრძელდება და ის 2024 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დამუშავებული სტატიების გამოქვეყნება კონფერენციის შრომების კრებულში იგეგმება.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის სტუდენტებს და იმ პროფესორ მასწავლებლებს რომლებიც ჩართულები არიან აღნიშნულ პროექტში და ხელს უწყობენ ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლებას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს.


სიახლეებში დაბრუნება