სტუ
01/12/2023

30 ნოემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კაიზერსლაუტერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორები რუდიგერ გრაშტი და ალექსანდრ ლავროვი სტუმრობდნენ. გერმანელმა პროფესორებმა ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან, საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ ვრცლად ისაუბრეს მშობლიურ უნივერსიტეტზე და იქ მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ასევე საჯარო ლექციის ფორმატში წარმოადგინეს პრეზენტაცია ლოგისტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითზე. სტუმრებმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიაში სწავლების და კვლევების გაგრძელების პერსპექტივებსა და საგრანტო შესაძლებლობებზე.

შეხვედრა ფაკულტეტზე დაიგეგმა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დახმარებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს თავის მხრივ მიაწოდეს ინფორმაცია  Erasmus+ საერთაშორისო მობილობის საგრანტო შესაძლებლობებზე, რამაც სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ კაიზერსლაუტერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და სტუ-ის შორის, ინტერინსტიტუციური თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე არსებობს და ამჟამად ფაკულტეტის ადმინისტრაციის ჩართულობით, იგეგმება Erasmus+ გაცვლითი პროექტის აპლიკაციის მომზადება, სადაც სამიზნე პროგრამას სწორედ ლოგისტიკის მიმართულება წარმოადგენს. აღნიშნული საგრანტო განაცხადის წარმატების შემთხვევაში, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებსა და პერსონალს დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდება ისარგებლონ სასწავლო და კვლევითი მობილობით კაიზერსლაუტერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ამ საინტერესო შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისათვის. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება ფაკულტეტზე კვლავ გაგრძელდება.


სიახლეებში დაბრუნება