სტუ
08/11/2023

„არემჯი“ ჯგუფის წარმომადგენელი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

6 ნოემბერს,  „არემჯი“ ჯგუფის წარმომადგენელი სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე „არემჯი“ ჯგუფის წარმომადგენელმა გიორგი ხეცურიანმა სტუდენტებს კომპანიის საქმიანობის სპეციფიკისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.  სტუ-სა და „არემჯი“-ის  შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში, სასტიპენდიო პროგრამა უნივერსიტეტის  სტუდენტებისთვის უკვე ექვსი წელია მოქმედებს და ამ ხნის მანძილზე  სტიპენდია ოთხმოცმა სტუდენტმა მოიპოვა.

პროექტის მიზანს სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულებების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს და აპლიკანტებს დოკუმენტაციის ( პირადი რეზიუმე; აკადემიური მოსწრების ბარათი; სამოტივაციო წერილი) გაგზავნა 13 ნოემბრამდე შეუძლიათ.  აპლიკანტებმა დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ  მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com .

შეხვედრაზე მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისთვის დაიგეგმა ინდუსტრიალური ტური. აგრეთვე, ლოჯისტიკისა და მექანიკის ინჟინერიის სასწავლო პროგრამის სტუდენტებისთვის ინდივიდუალური საჯარო ლექციები ჩატარდება, რაც  ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.