სტუ
06/11/2023

ექსკურსია ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში

5 ნოემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პირველკურსელები  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩარგალში, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

სტუდენტებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და გაეცნენ  ქართველი კლასიკოსის ყოველდღიური ცხოვრების საინტერესო დეტალებს.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარეობს. იგი 1961 წელს დაარსდა. 1976 წელს მწერლის მამა-პაპისეული სახლი აღადგინეს, 1987 წელს  კი, მუზეუმის საგამოფენო შენობა აიგო, ოთხი საგამოფენო დარბაზითა და ერთი ფონდ საცავით. მუზეუმის შესასვლელის წინ დგას ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ბიუსტი. სახლ-მუზეუმში 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, აქ ნახავთ პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მემორიალურ ნივთებს, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალებს, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემებს, პოეტისადმი მიძღვნილ ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს, საინტერესო ფოტომასალასა და ა.შ. ვაჟა-ფშაველა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტია, მისი საცხოვრებელი სახლის, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გაცნობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ლიტერატურით დაინტერესებულთათვის.

სახლი, რომელშიც ვაჟა-ფშაველამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, ერთსართულიანი და ოროთახიანია. ნაგებობას წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს. ორივე ოთახში თითო ბუხარია. სახლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.

ექსკურსიის შემდეგ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო პიკნიკი,  რის შემდეგ  ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში სტუდენტები მონაწილეობდნენ.  უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ღონისძიებებს უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს და ის სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა. მსგავსი სახის სოციალური პროექტები კი, ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი და მეგობრული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ზრდის მათში თვითშემეცნების უნარს და ეხმარება მსოფლმხედველობის განვითარებაში.

ექსკურსია სტუდენტური სერვისების ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მიერ იყო ორგანიზებული და   სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.