სტუ
27/10/2023

შეხვედრა პირველკურსელებთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განახლდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საავიაციო ინჟინერია“, სადაც წელს პირველ კურსზე 22 სტუდენტი ჩაირიცხა.

20 ოქტომბერს, პირველკურსელებს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი შეხვდა. როგორც პროფესორმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,   უნივერსიტეტს   საავიაციო ინჟინრების მომზადების დიდი ტრადიცია აქვს.

„ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე თბილისის საავიაციო ქარხნის ინიციატივით,   თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა ჩამოყალიბდა, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსებს ამზადებდა “ - აღნიშნა რამინ ზუკაკიშვილმა.

პროფესორმა სტუდენტებთან შეხვედრისას განმარტა, კათედრის ფასდაუდებელი ღვაწლი თბილისის საავიაციო საწარმოს ახალგაზრდა საინჟინრო კადრებით უზრუნველყოფის საქმეში.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი საავიაციო უნივერსიტეტი ჩამოყალიბებულია თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის ბაზაზე.

ზუკაკიშვილის შემდეგ, სტუდენტებს საავიაციო ინჟინერიის პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი პროფესორმა გივი სანაძემ გააცნო. მან სტუდენტებთან პროგრამის მიზნების, სტრუქტურის, დისციპლინათა ლოგიკური კავშირების შესახებ ისაუბრა.

სტუდენტებს აგრეთვე, საავიაციო საწარმო „თამ მენეჯმენტის“ წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს ავიასამოდელო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაკაბაძე მიესალმა. მან „თამ მენეჯმენტში“ მიმდინარე პროექტებისა და ავია-სამოდელო სპორტის განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პროფესორი ხათუნა ამყოლაძე ესწრებოდა.