სტუ
16/10/2023

სტუდენტური სერვისების მართვის მიმართულებით სიახლეები იგეგმება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სტუდენტური სერვისების მართვის მიმართულებით გარკვეული სიახლეები იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორთან გიორგი ქურასბედიანთან.

- ფაკულტეტის კომპეტენციის ფარგლებში, რა სიახლეებს სთავაზობთ სტუდენტებს სტუდენტური სერვისების განვითარების მიმართულებით ?

- სტუდენტური თვითმმართველობის ბაზაზე 12 კაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაყოფილია სპორტის, კულტურის, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულებით. ამ ჯგუფების კოორდინატორები ფაკულტეტის აქტიური სტუდენტები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო პროცესის ეფექტურ წარმართვას.

-         ხშირ შემთხვევაში სტუდენტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი მათთვის კანონით განსაზღვრული უფლებების და ვალდებულებების შესახებ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ სტუდენტები უფრო მეტად ინფორმირებულნი იყვნენ?

-         საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ განსაზღვრულია სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სტუდენტების მცირე ნაწილი არის ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ. ამის გათვალისწინებით და ზოგადად სტუდენტებისთვის სრულფასოვანი საინფორმაციო მომსახურების გაწევის მიზნით, ფაკულტეტზე შეიქმნა სტუდენტთა საინფორმაციო ჯგუფი, რომლის ფუნქციაა სტუდენტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრებისა და სერვისების შესახებ ფაკულტეტის და იმავდროულად უნივერსიტეტის მასშტაბით.

-         სტრუქტურულ ნაწილში რა სიახლეებს გეგმავთ?

-         ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს ჯგუფში ჰყავთ ორი წარმომადგენელი. სტრუქტურული მიმართულების ნაწილში, რომელიც გარკვეულწილად სტუდენტსა და ფაკულტეტის აკადემიურ და ტექნიკურ პერსონალს შორის ხიდს წარმოადგენს. სტრუქტურული ჯგუფი ორიენტირებულია გაანალიზოს და განიხილოს ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც სტუდენტებისთვის პრობლემატურია. ამის შესაძლებლობას კი, იძლევა ისეთი აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვანი რგოლი იქნება დეკანატის, მენეჯერის, ხარისხის და სტუდენტური სერვისების სამსახურებთან თანამშრომლობისათვის.

-         2023 -2024 სასწავლო წლის დაგეგმილ პროექტებზეც გვესაუბრეთ

-         სპორტის სახეობებში: ფუტზალში, კალათბურთში, ფრენბურთში და სამაგიდო თამაშებში ჩატარდება შიდა საფაკულტეტო ჩემპიონატი. ასევე სპორტულ ფორმატში ჩატარდება ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი. გვაქვს საგანმანათლებლო პროექტი „სპეციალობის კვირეულები“, რომლის ფორმატშიც ფაკულტეტზე არსებულ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას დაეთმობა ე.წ. კვირეული. ამ კვირეულში გათვალისწინებულია საინჟინრო სპეციალობებში გასვლითი პროფესიული ექსკურსიების მოწყობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კომპანიებში სტუდენტების სტუმრობას და მათი ლაბორატორიული ტექნიკური ბაზის გაცნობას გარდა ამისა, ფაკულტეტზე მოწვეულნი იქნებიან გარკვეული მიმართულებების სპეციალისტები, რომლებიც ჩაატარებენ საჯარო ლექციებს თავის დარგში და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებს. პროექტის მიზანი და დანიშნულებაა სტუდენტების ცოდნის გაღრმავება. სტუდენტებისათვის საინტერესო პროექტების შეთავაზება მომავალშიც გაგრძელდება.