საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრა პირველკურსელებთან.
შეხვედრის მიზანს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სტუდენტთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების სერვისების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის დეკანის მ/შ ბორის გითოლენდია და ფაკულტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
დავით ოქიტაშვილმა პირველკურსელებს გააცნო ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი სპორტული და შემოქმედებითი ისტორია. მოუწოდა სტუდენტებს სწავლის პარალელურად აქტიურად დაკავდნენ უნივერსიტეტის შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებით, რაც უფრო საინტერესოს გახდის მათ სტუდენტურ ცხოვრებას.
აღსანიშნავია რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცალკეულ ფაკულტეტებზე პირველკურსელებთან შეხვედრებს რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიერ ჩაეყარა საფუძველი და ეს არის ძალიან კარგი საშუალება გავაცნოთ სტუდენტებს ის აქტივობები და სერვისები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.