დეპარტამენტს დიდი ხნის ისტორია აქვს. ტიფლისის უმაღლესი ტექნიკური სკოლის დაარსებისას (1917წ.) არსებულ ოთხი კათედრიდან ერთ-ერთი „წარმოების ეკონომიკის და ორგანიზაციის“ კათედრა იყო, ინსტიტუტში სწავლება რუსულ ენაზე ხორციელდებოდა და შესაბამისად კათედრის წევრების უმრავლესობა იყო რუსი და სომეხი ეროვნების. ინჟინრების მომზადების პროგრამა სხვა რუსეთის იმპერიაში შემავალი ტექნიკური უმაღლესი სკოლების ანალოგიური იყო და ეკონომიკის და ორგანიზაციის საგნები საკმაო ხვედრითი წილით იყო წარმოდგენილი.
1928 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის და უმაღლესი ტექნიკური სკოლის შეერთებით ჩამოყალიბებულ „საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიც“ კათედრა იგივე დასახელებით ფუნქციონირებდა, რაც შენარჩუნებული იყო „საქართველოს ინდუსტრიულ“ და საქართველოს პოლიტექნიკურ“ ინსტიტუტებში.
1992 წლიდან უკვე „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ „წარმოების ეკონომიკის და ორგანიზაციის“ კათედრის ბაზაზე შეიქმნა ანალოგიური კათედრები საავიაციო ფაკულტეტზე (დღეისათვის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი), სამთო და მეტალურგიულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკის ფაკულტეტებზე.
1995 წლიდან კათედრამ საინჟინრო სპეციალობების მომზადებაში ეკონომიკის, დაგეგმვის, ორგანიზაციის და მართვის საგნების წაყვანასთან ერთად დაიწყო სტუდენტთა მომზადება შემდეგი მიმართულებებით: „მანქანათმშენებლობის მენეჯმენტი“, „ელექტროტექნიკური მრეწველობის მენეჯმენტი“, „ტრანსპორტის მენეჯმენტი“ და „კავშირგაბმულობის მენეჯმენტი“. ამავე დროს იგი რჩებოდა საერთო საუნივერსიტეტო კათედრად „მენეჯმენტის“ საგნების წაყვანაში.
მას შემდეგ, რაც შეიქმნა უმაღლესი სპეციალობების უნიფიცირებული კლასიფიკატორი კათედრას გადაეთქვა სახელწოდება და დღეისათვის იწოდება „ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტად“. იგი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე უძღვება ეკონომიკური და მენეჯერული ხასიათის დისციპლინებს და წარმოადგენს მაპროფილებელ დეპარტამენტს „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“ მაგისტრებისთვის, „ბიზნესის ადმინისტრირების“ დოქტორანტებისათვის.
ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესორ-მასწავლებლებით, რომელთა სამეცნიერო პუბლიკაციები ეძღვნება შემდეგ სამეცნიერო პრობლემატიკებს: მაკრო- და მიკროეკონომიკური სტაბილურობა; ტრანსპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი; მრეწველობის და მისი შემადგენელი დარგების ეკონომიკა და მენეჯმენტი; ლოგისტიკა; აღრიცხვა; აუდიტი და ა.შ.
ამჟამად დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ემდ, პროფესორი გოდერძი ტყეშელაშვილი. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, მეცნიერული მოღვაწეობა, შრომისმოყვარეობა, მაღალი ერუდიცია და ღრმა განსწავლულობა, მაღალპროფესიონალური კადრების მომზადების გარანტიაა.
ამჟამად დეპარტამენტი უზრუნველყოფს აკრედიტებული პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ (ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი) მომსახურებას. აღნიშნული პროგრამა საქართველოს მასშტაბით არის უანალოგო. ის მომზადდა ბრიტანელ კოლეგებთან კოლაბორაციით და მისი შინაარსი კონცენტრირებულია სამეწარმეო დარგებზე (ტრანსპორტი, მრეწველობა). პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების მქონე, ბიზნესის მენეჯმენტის ფართო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნილება მაღალია როგორც კერძო ბიზნესში, ასევე საჯარო სამსახურებში.