სტუ

საინჟინრო გრაფიკის სწავლების ისტორიას საფუძველი ჩაეყარა ტექნიკური განათლების დაწყებიდან (1794 წ.), როდესაც შეიქმნა მსოფლიოში პირველი ტექნიკური სასწავლებელი _ საფრანგეთის პოლიტექნიკური სკოლა. ამავე პერიოდში (1798 წ.) დაიბეჭდა ფრანგი მეცნიერის,  მხაზველობითი გეომეტრიის ფუძემდებლის, გასპარ მონჟის (1746-1818) ,,მხაზველობითი გეომეტრია”, რომელშიც ავტორმა მწყობრად ჩამოაყალიბა კურსის ძირითადი დებულებები და მხაზველობით გეომეტრიას მეცნიერების სახე მისცა.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების შემდეგ, ჩამოყალიბდა მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის ქართული სკოლა, რომელსაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი არჩილ გულისაშვილი (1930-1971) წ.

1972-1977 წლებში მხაზველობითი გეომეტრიის კათედრას ხელმძღვანელობდა დამსახურებული მეცნიერი, პროფესორი ირაკლი ჯაფარიძე.

1977 წელს მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგედ ანზორ შავგულიძე აირჩიეს. ანზორ შავგულიძემ კოლეგებთან ერთად უდიდესი შრომა გასწია ამ კათედრის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და განვითარებისთვის. დაინერგა მანქანური გრაფიკის სწავლება. ეს სიახლე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ალგორითმისა” და პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. ჩამოყალიბდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მანქანური გრაფიკის ლაბორატორიული კომპლექსი. შავგულიძის თაოსნობით შეიქმნა უმაღლესი სასწავლებლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა პედაგოგიური დახელოვნების რესპუბლიკური მომზადების ცენტრი. 2007 წ. მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას  საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი ეწოდა.

2006-2007წ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს პროფესორი ნათელა ჯავახიშვილი, ხოლო,  2011-2021 წ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი იოსებ ბაციკაძე. მისი თაოსნობით 2014 წ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში გაიხსნა ა. შავგულიძის სახელობის  კომპიუტერული ცენტრი.

2011 წელს დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრა, რომელიც ჩამოყალიბდა 1959 წელს და მისი დამაარსებელი იყო პროფესორი ო. ეზიკაშვილი. 

1959 წლიდან `მანქანათა ნაწილებისა და ამწე სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე სხვადასვა პერიოდში მოღვა¬წეობდნენ პროფესორები საქ.მეცნიერებათა, საქ.საინჟინრო და საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსები მ. ხვინგია, ი. ბაქრაძე, კ. იმედაშვილი, დ. ჭელიძე, ბ. პეტრიაშვილი. სტუ-ს სხვადასხვა კათედრის გამგეები, პროფესორები დ. თავხელიძე თ. მჭედლიშვილი, მ. შილაკაძე და სხვა.

1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის `მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების კათედრას ხელმძღვანელობდა საქ. საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ტ.მ.დ პროფ  რ. ვარსიმაშვილი. 2000 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. შ. საბიაშვილი, 2007 წლიდან 2011 წლამდე პროფ. გ. ჭელიძე.

საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1950 წელს დაარსდა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომლის უცვლელი გამგე 1986 წლამდე ოყო აკადემიკოსი დავით სერგის ძე თავხელიძე. ის იყო საქართველოში პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1946) და პროფესორი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში.

1987-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის გამგედ დაინიშნა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს პროფესორი დავით დავითის ძე თავხელიძე. დავით თავხელიძე არის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი, იგი  დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით და ღირსების მედლით.

2005-2016 წწ. კათედრის გამგედ დაინიშნა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს პროფესორი ვახტანგ გოგილაშვილი. იგი მონაწილეობდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

წლების მანძილზე კათედრაზე წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს მრავალი კვლევითი თუ გამოყენებითი სახის სამუშაო მიძღვნილი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებისადმი. კათედრაზე სრულდებოდა სამუშაოები სამრეწველო რობოტების შემსრულებელი მექანიზმებისა და მოსიარულე მანქანების კვლევების თეორიული, ექსპერიმენტული, პრაქტიკული დანერგვის საკითხებზე,  ფუნქციონირებდა კათედრაზე დარგობრივი ლაბორატორია. აღნიშნულ ლაბორატორიაში სრულდებოდა მრავალი სამეცნიერო თემა, წყდებოდა ამოცანები, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენში არსებული ისეთი პრიორიტეტული დარგებისათვის, როგორიცაა კვებისა და მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა,  ხე ტყისა და საავეჯე მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა. კათედრის პროფესორთა ჯგუფმა დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსური რადიოტელესკოპის დაპროექტების საქმეში. ყოველივე ამან ხელი შეუწყო კოსმოსური რეფლექტორის ისეთი კონსტრუქციის შექმნას, რომელიც შემდგომ გაშვებული იქნა ორბიტაზე.