სტუ

502  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის აკადემიური დეპარტამენტის ისტორია

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №01-05-04/106 (2025 წლის 06 ივნისი) დადგენილებით გაერთიანდა სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე არსებული №502  „სარკინიგზო ტრანსპორტის“ და №505 საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის აკადემიური დეპატრამენტები და მათ საფუძველზე ჩამოყალიბდა №502  „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის“ აკადემიური დეპარტამენტი. №502  „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის“ აკადემიურ დეპარტამენტში შემავალ მიმართულებებს აქვთ დიდი ტრადიციები, რომლებიც მოიცავენ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპებს, კერძოდ:

სარკინიგზო მიმართულება: გასული საუკუნის 30-იან წლებში, კერძოდ 1931 წელს თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, ხოლო შემდგომ 1936 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, რომელშიც იმ დროისთვის ჩამოყალიბებული იყო 5 ფაკულტეტი: რკინიგზების ექსპლუატაციის; რკინიგზების მშენებლობის; მექანიკური; ელექტროტრანსპორტის; სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის. ინსტიტუტში ფუნქციონირებდა 18 კათედრა. ინსტიტუტი განთავსებული იყო სტუ-ს დღევანდელ I-ელ სასწავლო კორპუსში. მისი კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილი იყო იმ დროისთვის არსებულ უმაღლეს ტექნიკურ დონეზე. 1959 წელს მოხდა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ჩამოყალიბებულ იქნა

 „ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვის პროცესების; „ელექტრული ტრანსპორტის“,„სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის“ კათედრები. 2006 წელს სტუ-ში სტრუქტურული  რეორგანიზაციის შედეგად მოხდა კათედრების გაერთიანება და ჩამოყალიბდა ერთი  სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულება: 1940 წელს შეიქმნა „საავტომობილო ტრანსპორტის კათედრა“, რომელსაც 1946 წელს გამოეყო კათედრა სახელწოდებით - ,,ავტომობილები, ტრაქტორები და საავტოტრაქტორო ძრავები”. 1971 წელს იგი გაიყო ,,ავტომობილებისა და ტრაქტორების“ და ,,შიგაწვის ძრავების“ კათედრებად, ხოლო 1984 წელს კათედრები კვლავ გაერთიანდა და დაერქვა ,,ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საზეთი მასალების“ კათედრა. 1998 წელს უკანასკნელისა და ,,საავტომობილო ტრანსპორტის“ კათედრების შერწყმით შეიქმნა ახალი კათედრა, რომელზეც თავი მოიყარა საავტომობილო დარგის თითქმის ყველა სპეციალობამ და კვლავ ეწოდა ,,საავტომობილო ტრანსპორტის“ კათედრა (ამჟამად დეპარტამენტი).   1946-1960 წლებში ,,ავტომობილების, ტრაქტორების და საავტოტრაქტორო ძრავების“ კათედრის   გამგე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. რ. დვალი, 1960-84 წ.წ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფ. რ. ფარცხალაძე. ,,შიგაწვის ძრავების“ კათედრის გამგე 1971-1977 წლებში  იყო პროფ. დ. პეტრიაშვილი, ხოლო 1977-1984 წწ. დოც. ჯ.იოსებიძე. პროფ. ჯ.იოსებიძე 1984-1998 წწ.  ხელმძღვანელობდა ,,ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საზეთი მასალების“ კათედრას, ხოლო 2021 წლამდე ,,საავტომობილო ტრანსპორტის” დეპარტამენტს.

ლოგისტიკის მიმართულება: ,,ლოგისტიკის” დეპარტამენტი შეიქმნა 2011 წელს. 2021 წლიდან ,,საავტომობილო ტრანსპორტისა”  და “ლოგისტიკის” დეპარტამენტები გაერთიანდა და ეწოდა  „საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის” დეპარტამენტი. 2021 წლიდან 2025 წლის 02 ოქტომბრამდე ,,საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის” დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პროფ.  ჯ. იოსებიძე. დეპარტამენტი სხვადასხვა დროს ამზადებდა სპეციალისტებს შემდეგი სპეციალობებით: ,,ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა“, ,,ავტომობილები და ტრაქტორები“, ,,შიგაწვის ძრავები“, ,,გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა საავტომობილო ტრანსპორტზე“, ასევე  სპეციალიზაციებით: ,,საწვავ-საზეთი მასალების რაციონალური გამოყენება“ ,,ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება“ ,,საბაჟო საქმე სახმელეთო ტრანსპორტზე“ და ,,სატრანსპორტო ლოგისტიკა”. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოთხი სპეციალიზაცია საქართველოში პირველად შეიქმნა და განხორციელდა ,,საავტომობილო ტრანსპორტის” დეპარტამენტში.   ამასთან, 2015 წლიდან 2021 წლამდე გერმანიის ვილდაუს უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდებოდა ორდიპლომიანი ქართულ-გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „ლოგისტიკა“.

საავიაციო მიმართულება: საავიაციო ტრანსპორტს, ჩვენს ქვეყანაში აქვს უდიდესი ტრადიციები და განსაკუთრებული ისტორია, საქართველოს ჰყავდა და ჰყავს უმაღლესი რანგის მფრინავები, ეროვნული გმირები. ავიაცია  უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების უდიდეს ეროვნულ საქმეში, ასევე სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საავიაციო ტრანსპორტს აქვს უმაღლესი სწავლების მიმართულებით დიდი გამოცდილება საქართველოში და მათ შორის სტუ-ში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საავიაცო  ინჟინერიის კადრების მომზადება გასული საუკუნის  60-იან წლებიდან იწყება, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხნის ინიციატივით 1968 წელს მექანიკა - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა. კათედრის გამგის მოვალეობას დროებით ასრულებდა დოც. ვლადიმერ ბარქაია.  1969 წელს კათედრის გამგედ დაინიშნა ტ.მ.დ. პროფ. გივი ბოკუჩავა. მან კათედრაზე სამუშაოდ მოიწვია მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდა სპეციალისტები ოთარ ტუსიშვილი, რამინ ზუკაკიშვილი, ამირან ტერტერაშვილი, რომლებთან ერთად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები კათედრის   საწავლო-მეთოდოლოგიური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საქმეში.  

კათედრის არსებობის პერიოდში შეიქმნა სასწავლო მეთოდური ლიტერატურა, ლაბორატორიები  სპეციალური საავიაციო დისციპლინების მიმართულებით: აეროდინამიკის, თვითმფრინავების კონსტრუქციების, თვითმფრინავების წარმოების, თვითმფრინავების მოწყობილობების  და სხვა.

1992 წელს თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

2005 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეწყდა აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება.

საავიაციო ინჟინრების მომზადების და საგანმანათლებლო პროგრამის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი იყო სწორედ შპს „თამ მენეჯმენტი“- ის გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“  აღდგენის შესახებ.   პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. რამინ ზუკაკიშვილი.

დღემდე №502  „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის“ დეპარტამენტის მეცნიერული მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიანობის; ავტომობილების  ხანგამძლეობის, საწვავ-ეკონომიურობის, მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლების ლოგისტიკური მეთოდების დამუშავება. სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა (ლოკომოტივები და ვაგონები) და მისი ცალკეული კვანძების კონსტრუქციული სრულყოფის, რემონტისა და დინამიკის საკითხები; სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვითი პროცესის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფის საკითხები (გამტარ - და გამზიდუნარიანობის ამაღლება), რკინიგზის სადგურების და კვანძების განვითარებისა და სრულყოფის საკითხები; რკინიგზის ენერგომომარაგების და ელექტრომოძრავი შემადგენლობის მექანიკური და ელექტრომოწყობილობათა სრულყოფის საკითხები; სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოწყობილობათა სრულყოფისა და დიაგნოსტირების საკითხები, საავიაციო საინჟინრო ტექნოლოგიების და საფრენი აპარატების სრულყოფის საკითხები და სხვა.

 დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია მრავალი მონოგრაფია და სამეცნიერო სტატია საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის 2 მონოგრაფია აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ნაშრომები ავტომობილების საწვავ-ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის შესახებ და  აღმოჩენის დონის ე.წ. „მოხახუნე ზედაპირებზე ნანოდისპერსული ალმასების მეორეული შრის ეფექტი”. დანერგვის ფაზაშია დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დამუშავებული ავტომობილების საწვავ-ეკონომიურობის დადგენის და ამაღლების მეთოდები, კონკურენტუნარიანი საავტომობილო ზეთები და პლასტიკური საცხებები (სახელწოდებით „კოლხეთი“). განხორციელებულია უმნიშვნელოვანესი პროექტები თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში (თემქ), თბილისის მეტროპოლიტენში, სს „საქართველოს რკინიგზაზე“, „ვაგონმშენებელ კომპანიაში“ და სხვა. დეპარტამენტს მჭიდრო შემოქმედებითი კავშირები აქვს დამყარებული საქართველოს და საზღვარგარეთის (გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის) უმაღლესი სასწავლებლების და კვლევითი ინსტიტუტების შესაბამისი პროფილის კათედრებთან და ლაბორატორიებთან. დეპარტამენტში წლების  განმავლობაში დამუშავებულია არაერთი საგრანტო თემა.

სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში მოღვაწე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის“ აკადემიური დეპარტამენტი მომავალშიც მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-მეთოდურ სამუშაოებს განახორციელებს  სტუდენტი ახალგაზრდობის კვალიფიციურ სპეციალისტად აღზრდისა და ფაკულტეტის შემდგომი განვითარების საქმეში.  2025 წლის 2 ოქტომბრიდან „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის“  აკადემიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ შარვაშიძე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ავთანდილ შარვაშიძე    - დეპარტამენტის უფროსი

💧  მ. კოსტავას 68; I-ლი სასწავლო კორპუსი; ოთახი 664

🖂   a.sharvashidze@gtu.ge 

მეგი პატურაშვილი - მეორე  კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

💧 მ. კოსტავას 68; I-ლი სასწავლო კორპუსი; ოთახი 664

🖂 megi.paturashvili@gtu.ge