სტუ

501 მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების აკადემიური დეპარტამენტის ისტორია

 №501 მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების აკადემიური დეპარტამენტი დაფუძნდა 2023 წელს, ორი სტრუქტურული ერთეულის - მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის და სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის გაერთიანების შედეგად. დეპარტამენტი აერთიანებს საქართველოში საინჟინრო განათლების თითქმის საუკუნოვან ტრადიციას და წარმოადგენს ამ სფეროს განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აკადემიურ ცენტრს.

„მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი აერთიანებდა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიისა და ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრებს,   რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოს პირველი საინჟინრო-ტექნიკური სასწავლებლის - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის - დაარსების დღიდან (1922 წლის თებერვალი). შესაბამისად, საქართველოში ინჟინერ-მექანიკოსთა მომზადებას საუკუნოვანი ისტორია აქვს.

მეცნიერების ამ მიმართულების  ჩამოყალიბება და განვითარება დაკავშირებულია საქართველოს მრავალი გამოჩენილი მეცნიერის სახელთან. მათ შორის აღსანიშნავნი  არიან  პროფესორები გიორგი გედევანიშვილი და გიორგი გოცირიძე - იმ თერთმეტ გამოჩენილ მეცნიერთა შორის, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საინჟინრო განათლების სისტემის განვითარებას საქართველოში.

პირველი კათედრის  გამგედ დაინიშნა პროფესორი გიორგი გედევანიშვილი.

1941-1949 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი,  მანქანათმშენებლობისა და ფიზიკის დარგის სპეციალისტი მარტინ კასიანი, რომელმაც  შემდგომში მონაწილეობა მიიღო ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. შემდგომ პერიოდში კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კვლავ დაბრუნდა პროფესორი გიორგი გედევანიშვილი. 1958-2000 წლებში, კათედრას სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სტუ-ს ყოფილი რექტორი, პროფესორი თეიმურაზ ლოლაძე.

„სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი  2011-2023 წლებში ფუნქციონირებდა პროფესორ ნია ნათბილაძის ხელმძღვანელობით. მისი შემადგენლობა მოიცავდა  პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის, სატყეო-ტექნიკური და კვების ინდუსტრიის მიმართულებებს - თითოეულ მათგანს გამორჩეული და ნაყოფიერი მოღვაწეობის ისტორიული წარსული აქვს.

„პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი 2012 წლიდან ფუნქციონირებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. იგი ჩამოყალიბდა შესაბამისი კათედრების გაერთიანების საფუძველზე. ამ დეპარტამენტში აღიზარდა მრავალი მეცნიერისა და  მკვლევარის თაობა, მათ შორის - მეცნიერებათა დოქტორები და ათეულობით მეცნიერებათა კანდიდატი, მათგან ათზე მეტი - უცხოელი მკვლევარია.

ქართული სამეცნიერო სკოლა მანქანათმშენებლობის დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებში. ამ მიმართულებით გამოქვეყნებულია ათზე მეტი  მონოგრაფია და ასზე მეტი ფუნდამენტური კვლევა. მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად დაგროვილი სამეცნიერო პოტენციალი და საერთაშორისო თანამშრომლობა ქმნის მყარ საფუძველს კვლევების გაგრძელებისა და ახალი მიმართულებების განვითარებისთვის.

 

„სატყეო და ხის გადამამუშავებელი“ მიმართულების ჩამოყალიბება დაიწყო 1961 წელს, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა „ხის დამუშავების ტექნოლოგიის“ კათედრა. კათედრას ხელმძღვანელობდნენ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები რევაზ ახვლედიანი და გიორგი ჯაბუა. 2011 წელს აღნიშნული კათედრა გარდაიქმნა სატყეო-ტექნიკურ დეპარტამენტად, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ტმდ, პროფესორი ზაურ ჩიტიძე. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ბაზით, სადაც წარმოდგენილია 30 ერთეული ჩარხი, მაკეტები და 32 ერთეული ლაბორატორიული ხელსაწყო, რაც უზრუნველყოფს სასწავლო და კვლევითი პროცესების მაღალ ხარისხს.

 კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების კათედრა ჩამოყალიბდა 1946 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკურ ფაკულტეტზე. მისი პირველი  გამგე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია (1946-1959). შემდგომ პერიოდში, 1959-1990 წლებში, კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ალექსანდრე კაკალაშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.  1990-1997 წლებში ხელმძღვანელის პოსტი ეკავა პროფესორ ნოდარ ზალდასტანიშვილს, რომელმაც 1996 წელს უზრუნველყო საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრის გაერთიანება აღნიშნულ მიმართულებასთან. შემდეგ, ჩამოყალიბდა „კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა“.

1998 წელს კათედრის გამგედ არჩეულ იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი თამაზ მეგრელიძე. ხოლო 2007 წელს იგი შევიდა ახლად ჩამოყალიბებული მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის შემადგენლობაში. კვების მიმართულებას ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა პროფესორი ზურაბ ჯაფარიძე. 2011 წელს აღნიშნული კათედრა გარდაიქმნა კვების ინდუსტრიის დეპარტამენტად.

№501 „მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების“ აკადემიური  დეპარტამენტი ღირსეულად აგრძელებს თავისი წინამორბედი სტრუქტურების ტრადიციებს - სწავლებისა და კვლევის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფით.  სასწავლო პროცესი ხორციელდება შემდეგ საფეხურებზე:

დეპარტამენტი მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას. სწავლების პროცესი ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, მუდმივი განვითარებისა და ხარისხის ამაღლების პრინციპებს.

აკადემიური პერსონალი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში, სილაბუსების სრულყოფასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში. დეპარტამენტი უწყვეტად აახლებს სასწავლო რესურსებს, სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ მასალებს, რაც უზრუნველყოფს სწავლების შინაარსის შესაბამისობას ტექნოლოგიური პროგრესის ტენდენციებთან და ინდუსტრიის მოთხოვნებთან.

დეპარტამენტი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა  და პრაქტიკულ გამოცდილებას, სადაც ინჟინრული აზროვნება, კვლევა და ინოვაცია ერთიანდება. სწორედ ამ სინთეზზე დაფუძნებულია მომავალი თაობის პროფესიონალთა ჩამოყალიბება, რომლებიც მზად არიან წარმატებით იმოქმედონ როგორც  საქართველოს, ისე საერთაშორისო ინდუსტრიულ სივრცეში.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ხათუნი ამყოლაძე  - დეპარტამენტის უფროსი

💧 მ. კოსტავას 68; I-ლი სასწავლო კორპუსი; ოთახი 634
🖂 k.amkoladze@gtu.ge  

 

მარინე ქაშიბაძე - მეორე  კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

💧 მ. კოსტავას 68; I-ლი სასწავლო კორპუსი; ოთახი 632