საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე საუბრობს იმ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იურიდიული ფაკულტეტის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, პროფესიონალ ლექტორებსა და იმ რეპუტაციას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
სწავლის დაწყებისთანავე დარწმუნდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან სასწავლო პროცესი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზეც, რომლებიც თანამედროვე იურისტისთვის აუცილებელია.
„ვიცოდი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს სამართალმცოდნეობის ძლიერი ფაკულტეტ აქვს, სადაც ასწავლიდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. სწავლის პროცესში დავრწმუნდი, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში რეალურად გამოსადეგია. დღევანდელ რეალობაში ისეთი ცოდნის მიღება, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც შეგიძლია, იშვიათია“. – სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე
ნიკოლოზ იმნაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოზე, რომელიც უნივერსიტეტში ხვდება როგორც პირველკურსელ, ისე უფროსი კურსის სტუდენტებს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია სივრცე, სადაც სტუდენტები მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას, ხოლო ლექტორები აქტიურად არიან ჩართულნი მათ პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში.
„გარემო, როგორც აკადემიური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კეთილგანწყობილი და მეგობრულია. ბევრ ლექტორთან ურთიერთობისას ვგრძნობ მათ ზრუნვასა და რეალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ნამდვილად დასაფასებელია“. – სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე
ნიკოლოზ იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტია, უკვე ფლობს მნიშვნელოვან ცოდნას სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, რაც მას მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მყარ საფუძველს უქმნის. მისი შეფასებით, უნივერსიტეტში მიღებული განათლება, პროფესიონალი აკადემიური პერსონალი და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და წარმატებულ სპეციალისტებად.
„ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცი და ეს მაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და პროფესიულად განვვითარდე“. – სტუდენტი ნიკოლოზ იმნაძე