სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ
9 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, მოწვეული ასისტენტ-პროფესორის, მუხრან მდივანის ხელშეწყობით, გაცნობით-შემეცნებითი ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.
პარლამენტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს მასპინძლობა გაუწია პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ეკატერინე აბაშიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები პლენარულ სხდომას დაესწრნენ, სადაც მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გულთბილად მიესალმნენ.
სხდომათა დარბაზში სტუმრობის შემდგომ სტუდენტებმა, პარლამენტის ყველა კორპუსი დაათვალიერეს, ინახულეს ისტორიული დარბაზები, გაეცნენ პარლამენტარიზმის მუზეუმს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. კერძოდ, რუსეთის იმპერიის დროს პარლამენტის ადგილზე აშენდა წმ. ალექსანდრე ნეველის დიდი ტაძარი, რომელიც 2000 მომლოცველს იტევდა. შემდგომში ლავრენტი ბერიას განკარგულებით იგი დაანგრიეს და მის ადგილზე აშენდა მთავრობის სახლი. აქვე არიან დაკრძალული იმპერიასთან ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპული გმირები მარო მაყაშვილი და იუნკერები, რომელთა საფლავებიც ამჟამად დაკარგულია, თუმცა ყოველი წლის 23 თებერვალს ქართული სახელმწიფოს ლიდერები გვირგვინებით ამკობენ მათ სავარაუდო მარადიულ განსასვენებელს.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარლამენტარიზმის მუზეუმისა და მასში დაცული ექსპონატების მონახულებამ, მათ შორის უმდიდრესმა ფოტომასალამ და უნიკალურმა დოკუმენტებმა. მუზეუმი ასევე, ინახავს პირველი ხუთი პარლამენტარი ქალის შესახებ ცნობებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხდების შემდგომ აირჩიეს დამფუძნებელ კრებაში, რომელიც თანამედროვე პარლამენტის წინასახეს წარმოადგენდა.
დამფუძნებელი კრების, იგივე პარლამენტის პირველი თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე.
მასპინძლმა ეკატერინე აბაშიშვილმა ამომწურავად ისაუბრა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე დღევანდელ დღემდე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სტუდენტები ღირსეულად გააგრძლებენ პარლამენტარიზმის მატიანეს საქართველოში, მათ შორის მანდილოსნებიც, რისი ტრადიციაც, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უწინ, საქართველოს გააჩნდა.
სტუდენტებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს თანამედროვე პარლამენტის საქმიანობის შესახებ და გაეცნენ საკანონმდებლო პროცესის თავისებურებებს. პარლამენტში ხანგრძლივი ვიზიტი დასრულდა საკომიტეტო მოსმენების დარბაზში სტუმრობით, სადაც მასპინძელმა სტუდენტებს უამბო საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და საკანონმდებლო საქმიანობის უშუალოდ გაცნობას, რაც მათ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს.