საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია: თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“ და მესამე საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში – „საერთაშორისო ურთიერთობები: მშვიდობიანი დიალოგის კულტურა“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ცენტრალური აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას პროფესორი ბადრი ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები – ლაშა მესხი და ნიკა ნადარაია.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტის ვახტანგ მურადაშვილის თქმით, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთის, საქართველოს, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციების წევრმა სტუდენტებმა. მისივე ინფორმაციით, კონკურსმა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, წარედგინათ საკუთარი ხედვები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობის, დიპლომატიისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხებზე.
„კონკურსი მხოლოდ აკადემიური შეჯიბრება არ ყოფილა – ეს კულტურათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სივრცეც იყო. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებში გლობალური პასუხისმგებლობის, მშვიდობის კულტურისა და საერთაშორისო პარტნიორობის ღირებულებების გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი აკადემიური შესაძლებლობები, ისე ქართული საგანმანათლებლო პოტენციალი“. – აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის ბადრი ნაჭყებიას თქმით, კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა როგორც თეორიული ცოდნის, ისე ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების მიხედვით. როგორც ბადრი ნაჭყებია აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს: ლაშა მესხმა პირველი ადგილი აიღო, ხოლო ნიკა ნადარაიამ – მესამე. მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის ვორქშოფები, მასტერკლასები და საჩვენებელი ლექციები ჩაატარეს.