საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტი) პროფესორ ზურაბ გუდავაძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ და სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების – გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების – გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების – ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების – ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 103 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.