ღია პლენარული დისკუსია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ
10 აპრილს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ღია პლენარული დისკუსია ჩატარდა, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებს ეხებოდა.
შეხვედრას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია მოხსენებით წარდგა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა, როგორც აკადემიური პერსონალის, აგრეთვე, სტუდენტების მხრიდან. აფხაზეთის მოვლენები გაიხსენეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს: ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფ. მამუკა გიორგაძემ, პროფ. ჯემალ გაბელიამ, პროფ. ჯემალ ჯანაშიამ, პროფ. ჰენრი კუპრაშვილმა, პროფ. მაია ყიფიანმა და სხვებმა.
პროფესორებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა 9 აპრილის შემდგომ მომხდარი მოვლენები აფხაზეთში, აფხაზი პოლიტიკოსების მოღვაწეობა, ეროვნული მოძრაობის პოლიტიკა აფხაზეთის საკითხის მიმართ, პროვოკატორების საქმიანობა აფხაზეთში და დაძაბულობის გაღვივების მიზეზები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები.
დისკუსიის ბოლოს სტუდენტებმა შერიგებისა და დაბრუნების პოლიტიკაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
შეხვედრა სტუდენტებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. პროფ. მამუკა გიორგაძემ გამოხატა ფაკულტეტის ინტერესი, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები და, რაც მთავარია, „დისკუსიები აფხაზეთზე“, კიდევ უფრო გააქტიურდეს, რათა მოხდეს საზოგადოების, უმთავრესად სტუდენტი-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. ფაკულტეტის დეკანმა დასძინა, რომ საჭიროა აფხაზეთის თემაზე ჩატარდეს სტუდენტური კონფერენციები, „ვორქშოფები“, საჯარო ლექციები და ა.შ.
ინიციატივა, ვახტანგ ყოლბაიამ მოიწონა და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სამომავლო აქტივობებში.
გვსურს, ფაკულტეტის სახელით დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვახტანგს! აგრეთვე პროფ. ჯემალ გაბელიას საინტერესო სტუმრის დაპატიჟებისთვის.