საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერას წარმოადგენს.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი არსებობა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. ფაკულტეტის შექმნას საფუძვლად ქვეყანაში მეცნიერებისა და მრეწველობის სწრაფი განვითარება დაედო. საქართველოში ავტომატიზაციისა და ინფორმატიზაციის სხვადასხვა დარგის სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებები გაიხსნა და განვითარდა: თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კიბერნეტიკის და სხვა ინსტიტუტები. ამ პროფილის ინსტიტუტები შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. დადგა აუცილებლობა, რომ მომზადებულიყო ამ ორგანიზაციებისათვის შესაბამისი კომპეტენციის კადრები.
1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ცენტრალური ელექტროსადგურების კათედრაზე გაიხსნა ახალი კათედრა „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია", რომლის კათედრის გამგედ არჩეული იყო თავად პროფესორი ნ. გაბაშვილი. სამი წლის შემდეგ კი, 1956 წელს, ამ კათედრაზე შეიქმნა ორი ახალი სპეციალობა:
• ავტომატიკური, ტელემექანიკური და ელექტროსაზომი ხელსაწყოები და მოწყობილობები;
• მათემატიკური საანგარიშო ამოსახსნელი ხელსაწყოები და მოწყობილობები.
1957 წელს ენერგეტიკის ფაკულტეტს გამოეყო ხელსაწყოთმშენებლობის ფაკულტეტი, რომელსაც შემდგომ ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ეწოდა. ფაკულტეტის დეკანი გახდა პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი კი, სათავეში ჩაუდგა გამოთვლითი ტექნიკის კათედრას.
1963 წლიდან პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი სათავეში ჩაუდგა ახალდაარსებულ ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრას, რომელსაც 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი კი, პროფესორი ლევან გაჩეჩილაძე გახდა.
სხვადასხვა დროს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების) ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ, პროფესორი გიორგი სეხნიაშვილი, პროფესორი გივი ჩიხლაძე, პროფესორი ნოდარ ლომინაძე და პროფესორი ზურაბ წვერაიძე. 2021 წლიდან კი, ფაკულტეტის დეკანი არის პროფესორი თამარ ლომინაძე.
1991 წლის იანვრიდან, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეეცვალა სტატუსი და გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. დაიწყო საუნივერსიტეტო რეფორმები. რეფორმა შეეხო ფაკულტეტსაც. კომპიუტერული მოწყობილობების და ტექნოლოგიური პროცესების განვითარებასთან ერთად, აქტუალური გახდა მთელი რიგი მიმართულებები, შეიცვალა ტერმინოლოგიაც. დეკანის, პროფ. ნ. ლომინაძის ინიციატივით, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტს მიენიჭა სახელი „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების" ფაკულტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ, 2005 წელს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს შეუერთდა საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი და მათემატიკის სამი კათედრა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაკულტეტის როგორც სასწავლო, ისე მეცნიერული პოტენციალის ამაღლებაში.
2021 წლიდან ფაკულტეტს შეუერთდა ტელეკომუნიკაციის და რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტები და ჩამოყალიბდა ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ხორციელდება 29 საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე. ამ პროგრამებზე სწავლობს 4000-ზე მეტი სტუდენტი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე აკადემიური განათლება სამსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაბამისად ენიჭება ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ფაკულტეტზე ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სპეციალობის დიპლომი.
სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, საუნივერსიტეტო საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორია, ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრი, სადაც ტარდება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები.
ფაკულტეტზე მუშაობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი საუნივერსიტეტო ცენტრი, ასევე ფუნქციონირებს სკოლის მოსწავლეებისთვის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია.
იმს ფაკულტეტზე გააქტიურდა საერთაშორისო კავშირები უნივერსიტეტებთან (ვესტ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პატრასის უნივერსიტეტი საბერძნეთი, ზაგრების უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენიის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლიტვა), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (რუმინეთი), მერი ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ), ვროცლავის უნივერსიტეტთან, ვარშავის და ლოძის უნივერსიტეტებთან (პოლონეთი), მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ვიგოს უნივერსიტეტი (Vigo University),
კორუნას უნივერსიტეტი (University of A Coruna), დებრეცენის უნივერსიტეტი (Ungret The University Of Debrecen); ჟეშუვის ტექნოლლოგიური უნივერსიტეტი – (პოლონეთი) (The Rzeczow University of Technology); დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (the West Pomeranian University of Technology) ინგლისის კრემფილდის უნივერსიტეტი, შვედეთის ლინეაუს უნივერსიტეტი, ათენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვებთან.) კვლევით ცენტრებთან (იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ცერნი, კეკი, ფერმილაბი და ა.შ. ).
ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, განათლების საერთაშორისო გამოფენაში. მათ გაიმარჯვეს სტუდენტთა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი და სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში: იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები.