სტუ

აკადემიური დეპარტამენტები

ხელმძღვანელი

გია სურგულაძე
მისამართი: ოთახი 225დ-207დ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: g.surguladze@gtu.ge

1971 წლის 20 მაისს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა იოსებ ბუაჩიძემ, აკადემიური საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხელი მოაწერა ამიერკავკასიაში პირველი „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსების ბრძანებას. მსგავსი კათედრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფუნქციონირებდა მხოლოდ მოსკოვში, პეტერბურგსა და კიევში. ასე შეიქმნა „ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის“ (აგტ) ფაკულტეტზე „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ (მას) კათედრა - ახალგაზრდა (30 წლის) მეცნიერის, ტექნიკის მეცინერებათა კანდიდატის, გოჩა ჩოგოვაძის ინიციატივით. იგი იყო კათედრის დამფუძნებელი და მისი პირველი გამგეც (1971-1980). საინიციატივო ჯგუფში იყვნენ პროფ. მურთუზ კაჯაროვი (მოგვიანებით აზერბაიჯანის უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში) და გიორგი გოგიჩაიშვილი (ამავე კათედრის მეორე გამგე (1981-2016), პროფ. გ. ჩოგოვაძის მიწვევის შემდეგ პარიზში, UNESCO-ს „განათლებისდა კულტურის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 8 წლით). გ. ჩოგოვაძე 1988-1994 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად, მისი ინიციატივით განხორციელდა კარდინალური რეფორმები და შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1992).    

„მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრა გ. ჩოგოვაძემ 1972-73 წლებში ძირითადად დააკომპლექტა იმ დროს აგტ ფაკულტეტზე არსებული „გამოთვლითი ტექნიკისა“ და „ავტომატიკა-ტელემექანიკის“ კათედრების წარჩინებული კურსდამთავრებულებისგან. სტუდენტთა 2 ჯგუფი კი - (ქართული და რუსული სექტორები) შეიქმნა მე-3 კურსის სხვა ფაკულტეტის და სპეციალობის „მოხალისეებიდან“. ამავე წელს განხორციელდა იდმას-სპეციალობით (ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემები) პირველკურსელების მიღებაც. ამოქმედდა ასპირანტურის სექტორიც (ახლანდელი დოქტორანტურა).  

მას -კათედრა  სპი-ს 15-ვე ფაკულტეტზე ატარებდა ლექციებს და ლაბორატორიებს დარგობრივი მართვის ავტომატიზებული სისტემების პროფილით (ფაკულტეტის შესაბამისად). ეს საგანი ისწავლებოდა ბათუმის, სოხუმის, ფოთის, ზუგდიდის, ჭიათურის, ტყიბულის, გორის, თელავის და სპი-ის სხვა ფილიალებში (საღამოს დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების  ფაკულტეტებზე).

მას-კათედრის სამეცნიერო მიმართულება მრავალფეროვანი იყო, ორგანიზაციული მართვის (მენეჯმენტის) ავტომატიზებული სისტემები, საწარმოო პროცესების და ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული სისტემები და ა.შ. „ავტომატიზებული“ - ნიშნავს „ადამიანურ-მანქანურ“ სისტემებს (ანუ მართვის პროცესში, გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობენ ადამიანები). კათედრას სამეცნიერო კონტრაქტებით კავშირი ჰქონდა რუსთავის ქიმიური ბოჭკოს და მეტალურგიულ ქარხნებთან, საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ამოცანების გადასაწყვეტად. 1973 წელს კი სსრკ დამზადების სამინისტროს გადაწყვეტილებით (და დაფინანსებით) მას-კათედრაზე შეიქმნა პირველი სამეცნიერო-საპროექტო „დარგობრივი ლაბორატორია” ამიერკავკასიაში (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) პურ-პროდუქტების დამზადების სამინისტროებისა და შესაბამისი საწარმოების ცენტრალიზებული კომპლექსური ავტომატიზებული სისტემის ასაგებად, რომელიც შემდეგ მიუერთდა საერთო საკავშირო სისტემას.

გ. ჩოგოვაძის - „ორგანიზაციული მართვის პროცესების ავტომატიზაცია“ (1975), გ. გოგიჩაიშვილის - „სიტუაციური მართვის პროცესების კვლევა სემანტიკური ქსელებით ხელოვნური ინტელექტის მეთოდების საფუძველზე“ (1984), გ. სურგულაძის - „მონაცემთა რელაციური ბაზების პროექტირება“ (1980) და „საწარმოთა ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ქსელის აგება“ (ERP-კონცეფცია - 1993) -  გახდა კათედრის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები. ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონალური ქვესისტემების  (ინფორმაციული სისტემების) და უზრუნველყოფის ქვესისტემების (ინფორმაციული ტექნოლოგიების) პროექტირებისა და პროგრამირების (პროგრამული ინჟინერიის) მიმართულებით.: ვ. დიდმანიძე,

ნ. კვანტალიანი, კ. სილინსკი, გ. ჩაჩანიძე, თ. შეროზია,  გ. ნარეშელაშვილი, თ. სუხიაშვილი, ბ. მეფარიშვილი, ო. შონია, ა. ცინცაძე, ო. გაბედავა, თ. კაპანაძე, ვ. ცხვედაძე, შ. მაკაროვი, ვ. ქაჩიბაია და სხვ.

პირველად 1974-1975 წლებში კათედრის ასპირანტი გ. სურგულაძე მივლინებულ იქნა  სამეცნიერო სტაჟირებაზე მაგდებურგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (გერმანია). მის მიერ ამ დროს შემუშავდა მონაცემთა ახალი, რელაციური ტიპის ბაზების ავტომატიზებული დაპროექტების ტექნოლოგია, ამერიკელი მეცნიერის, ედგარ კოდის რელაციური ალგებრის საფუძველზე. მონაცემთა ბაზების თეორია და პრაქტიკა ხდება მას-კათედრის ახალი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულება. იცვება დისერტაციები მონაცემთა რელაციური ბაზების სფეროში (გ. სურგულაძე - პეტერბურგი, გ. ღარიბაშვილი - მოსკოვი, ვ. ქაჩიბაია - დრეზდენი, ზ. ჩხაიძე - თბილისი და სხვ.).

მას კათედრის პრიორიტეტული „სავიზიტო ბარათი“ მისი საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები და კონფერენციებია. კათედრის დაარსებიდან ყოველ 5 წელიწადში (1976-დან) ტარდება საერთაშორისო (ადრე საკავშირო) მასშტაბის კონფერენციები „მართვის ავტომატიზებული სისტემები“ (თბილისში, ბათუმში, თელავსა და ბაკურიანში). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1977 წელს სოხუმში 1-ელი საკავშირო (უმაღლესი) დონის (7-დღიანი) სკოლა-სემინარის ორგანიზება კათედრის მონაწილეობით (მასპინძელი ქვეყნის სტატუსით) „ინტელექტუალური მონაცემთა ბაზების სისტემების“ თემატიკით. მასში პოსტსაბჭოური 15-ვე რესპუბლიკის მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომლის დასკვნით შეხვედრაზე ერთხმად იქნა აღიარებული სპი-ს მას-კათედრის წარმატებული მეცნიერული შედეგებისა და წვლილის შესახებ მონაცემთა რელაციური ბაზების თეორიისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებში.

80-იანი წლების პირველი ნახევარი მას-კათედრის პროფესურის, დარგობრივი სამეცნიერო ლაბორატორიის და სტუდენტ-მეცნიერთა მაღალი აქტივობით გამოირჩევა. შედეგები ინერგება დარგობრივი მართვის ავტომატიზებული სისტემების სახით (თბილისში, ბაქოსა და ერევანში).

გ. გოგიჩაიშვილი იცავს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის „კიბერნეტიკის“ ფაკულტეტის საბჭოზე; სტუდენტთა საკავშირო სამეცნიერო კონკურსზე პირველი ოქროს მედალი და ლაურეატები ხდებიან სტუდენტები ვ. რეტერი და გ. ჩიხლაძე (1985, ხელმძღვანელი გ. სურგულაძე), შემდეგ კი სტუდენტი ნ. ნარეზნოი (1987, ხელმძღვანელი ვ. ცხვედაძე). კათედრაზე შესრულებული სამეცნიერო შედეგები „მონაცემთა რელაციური ბაზების სტრუქტურების ოპტიმიზაციის ამოცანების გადასაწყვეტად“, სავალდებულო ექსპერტიზის გავლის შემდეგ, მიღებულ იქნა სსრკ „ალგორითმებისა და პროგრამების სახელმწიფო ფონდში“ (საავტორო უფლების რეგისტრაციით).

1988 წ. მას-კათედრის პირველი გამგე, გოჩა ჩოგოვაძე ბრუნდება UNESCO-დან და ხდება სპი-ს პირველი კონკურსით არჩეული რექტორი. 

80-იანი წლების მეორე და 90-ანის პირველი ნახევარი ხასიათდება პოლიტიკური კატაკლიზმებით, რაც მძიმედ აისახება სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური გარემოს განვითარებაზე.

9 აპრილის მოვლენებმა გაწყვიტა მეგობრული და სამეცნიერო ურთიერთობის ძაფი მოსკოვთან. დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაინგრა ბერლინის კედელი... დადგა დრო ცხოვრების ესტაფეტის ახალი ეტაპის გადაწყვეტილებების მისაღებად.       

21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორი, კერძოდ მას-კათედრაზე „გენდერული“ სინდრომის გააქტიურება მეცნიერული კვლევის მიმართულებით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს „ინფორმატიკის და მართვის სისტემების“ სადისერტაციო საბჭოზე პირველად (კათედრის ისტორიაში) იცავენ ჩვენი ბაკალავრიატ-მაგისტრატურის კურსდამთავრებული ქალბატონები: ე. თურქია, ლ. პეტრიაშვილი, ნ. თოფურია, თ. ლომინაძე, მ. კაშიბაძე, მ. ოხანაშვილი, გ. ჯანელიძე და სხვ.

 მას-კათედრის პროფესორი გ. ჩაჩანიძე აფუძნებს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდს „ინტელექტი“ (1991), ავითარებს პედაგოგიკაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებას, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს თბილისსა და რეგიონებში. გამოსცემს წიგნებს „ალგებრა და საქართველოს მატიანე" (1991). „ანბანთქება" (1992). „პირამიდიდან სვეტიცხოვლამდე : გეომეტრიის ამოცანათა კრებული" (1997) და სხვ. პროფესორ გ. ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით დაცულია 70-ზე მეტი მეცნიერებათა და აკადემიური ხარისხის მისანიჭებელი დისერტაცია განათლების მენეჯმენტისა და ინფორმატიკის დიდაქტიკის საკითხებზე თბილისში, ქუთაისსა და თელავში;

 მას-კათედრის პროფესორის ა. ცინცაძის აქტიური ძალისხმევით 1992 წელს სტუ-ში დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი (შემდგომ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი). მისი სამეცნიერო მიმართულებაა  „ინფორმაციული ტექნოლოგიები ცივილიზაციურ მოდელებში“, აქ მას საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული;   

  მას-კათედრის პროფესორის, ბ. მეფარიშვილის და მისი მეუღლის, ასოც.პროფესორის გ. ჯანელიძის ენერგიული ძალისხმევით და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემოტანით სასწავლო პროცესში, მნიშვნელოვანად განახლდა სამივე საფეხურის პროგრამები. ესაა ძირითადად, დიდ მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ტექნოლოგიები, Hadoop-ეკოსისტემები, ბიზნესანალიტიკა, გენეტიკური ალგორითმები და პროგრამები და  სხვ.;   

  მას-კათედრის პროფესორის, ო. შონიას მიერ ჩამოყალიბდა მეცნიერ-პედაგოგთა ჯგუფი (ი. ქართველიშვილი, კ. ოდიშარია, ნ. თოფურია, ნ. ამილახვარი, ლ. შონია და სხვ.). შეიქმნა და ვითარდება „მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების“ მიმართულება. ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამის სპეცკურსი (კონცენტრაცია) და გამოცემულია ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. დაცულია 10-ზე მეტი დისერტაცია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით; 

  მას-კათედრის პროფესორის, გ. ღვინეფაძის და მისი ახალგაზრდა კოლეგების, ასოც. პროფესორების ნ. ჩორხაულისა და ა. კეკენაძის ტრიომ Web-ტექნოლოგიების სფეროში შეძლო არა მხოლოდ თანამედროვე დონის კურსების მომზადება, არამედ ქართულენოვანი სპეც-ლიტერატურის ბაზის შექმნა ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით, ელექტრონული სახელმძღვანელოების სახით; 

1994 წელს აკადემიკოსი გ. ჩოგოვაძე ხდება საფრანგეთისა და ესპანეთის ელჩი და გადადის პარიზში, 2001 წ. პარალელურად იგი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია. მისი ინიციატივით 2003 წელს სტუ-ში იხსნება UNESCO-ს კათედრა „ინფორმაციული საზოგადოება“. მყარდება საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის კონტაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კათედრის კურსდამთავრებულები, მეცნიერული ხარისხის მოპოვების შემდეგ გერმანიის უნივერსიტეტებში, ინიშნებიან სხვადასხვა დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩებად ან წარმომადგენლებად: კანადაში - ვ. ქაჩიბაია, გერმანიასა  და შემდეგ ავსტრიაში - კ. ზალდასტანიშვილი, აზერბაიჯანში - ზ. გუმბერიძე, მოლდოვაში - მ. ვაშაკიძე. გ. ჯოხთაბერიძე - „მაგთიკომი“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია,

თ. ლომინაძე - სტუ-ს ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი, ბ. ჩიხრაძე კალიფორნიაში Apple კორპორაციის წამყვანი პროგრამისტია და ა.შ.  

2001 წლიდან პროფ. გ. სურგულაძის ინიციატივით და ბერლინის ჰუმბოლდტისა და ნიურნბერგ-ერლანგენის უნივერსიტეტების მხარდაჭერით მას-კათედრაზე გაიხსნა გერმანულენოვან სტუდენტთა ჯგუფი „Wirtshafts¬-Informatik“ სპეციალობით (ფუნქციონირებდა 2010 წლამდე). აბიტურიენტები შემოდიოდნენ თბილისის გერმანული გიმნაზიებიდან და სკოლებიდან, გამოირჩეოდნენ სწავლის მაღალი მოტივაციით და აქტიურობით. სასწავლო პროცესში დაინერგა ძირითადი საგნების გამოცდების ჩაბარება ღია პრეზენტაციებით.  რამდენიმე მათგანმა მოიპოვა სემესტრული გრანტი  ავსტრიასა და გერმანიაში.

XXI საუკუნის პირველი ათწლეული მას-კათედრისთვის მეტად დატვირთული და ნაყოფიერი იყო საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვებით და  პროექტების შესრულებით. კერძოდ, 2001 წ. პროფ. სურგულაძემ გაიმარჯვა გერმანიის DAAD (Deutscher Akademischer Austauschdienst)-ის კონკურსში „ALUMNI-PROG¬RAMME des DAAD und der Hochschulen. სამეცნიერო თემა: „Objekt-orientierte Programmierung mit der Unified Modeling Language und Internetsprogrammierung mit Java (Linux Platform)“.

2002-2003 წლები: მსოფლიო ბანკის პროექტი: „საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა":

- საქართველოს  საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაცია: - ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზების პროცესის მონიტორინგისა და ანალიზის კომპიუტერული სისტემა; - რესტრუქტურიზებულ საავადმყოფოთა ჭარბი ქონების განსაზღვრისა და ძირითად პარამეტრებზე მისი გავლენის ანალიზის კონცეპტუალური მოდელების დამუშავება;

2003-2005: მსოფლიო ბანკის პროექტი - „საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა":

- სასამართლო საქმეთა წარმოების სისტემური ანალიზი და ქსელური კომპიუტერული სისტემის ტექნიკური დავალების ფორმირება; - სასამართლო საქმეთა წარმოების ქსელური კომპიუტერული სისტემის დაპროექტება, რეალიზაცია, დანერგვა.

2007-2008: სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების ელექტრონული სისტემის სადიაგნოსტიკო პროექტი: „საპროკურორო ზედამხედველობა საგამოძიებო საქმიანობაზე" (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს გენერალური პროკურატურა);     

2009-2010: USAID-ის პროექტები: -  სოციალური სფეროს მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნეს მოთხოვნების პროექტი; -  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს IT-სტრატეგიის ჩამოყალიბების პროექტი და ა.შ.

სტუ-ს პროგრამული ინჟინერიის („მართვის ავტომატიზებული სისტემების“ დეპარტამენტმა) 50 წლის მანძილზე (1971-2021) გამოუშვა 4000-ზე მეტი კვალიფიციური ინჟინერი ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით. ზოგიერთი სტატისტიკურ-ისტორიული ფრაგმენტი კათედრის დაარსებიდან დღემდე ასე გამოიყურება:

  • 1974 წელს შედგა კათედრის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება;

  • 2001 წელს დაფუძნდა „გერმანია-საქართველოს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი „GeoGer”, ბერლინის ჰუმბოლდტისა და ნიურნბერგ-ერლანგენის უნივერსიტეტების მხარდაჭერით, 2010 წლამდე ხდებოდა გერმანულენოვანი ჯგუფების სპეციალისტების გამოშვება;

  • 2020 წელს კათედრაზე ფუნქციონირება დაიწყო ახალმა ინგლისურენოვნამა საბაკალავრო ჯგუფმა „კომპიუტერული მეცნიერების“ საგანმანათლებლო პროგრამით (ხელმძღვანელი პროფ. ქ. ყაჭიაშვილი);             

  • დაცულია მეცნიერებათა დოქტორის (7), მეცნიერებათა კანდიდატის (30) და აკადემიური დოქტორის (50) ხარისხის მისანიჭებელი დისერტაცია;

  • გამოცემულია 200-ზე მეტი სასწავლო და სამეცნიერო წიგნი სტუდენტებისათვის;

  • 2006 წელს დაფუძნდა საერთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებული „მართვის ავტომატიზე-ბული სისტემები“, რომელიც დღემდე გამოიცემა პერიოდულად. 2015 წელს მიენიჭა Online სტატუსი, ხოლო 2020 წლიდან ციფრული იდენტიფიკატორი - DOI.org/10.36073/1512-3979 ; 

  • 2010 წელს შეიქმნა „IT-კონსალტინგის სამეცნიერო ცენტრი”, რომელიც ეხმარება დოქტორანტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისებასა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებაში. სტუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით გამოსცემს სამეცნიერო და საკონსულტაციო-მეთოდურ ლიტერატურას;

  • ჩატარებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია და „სკოლა-სემინარი“. განსაკუთრებით საყურადღებოა 2018 და 2021 წლებში იუნესკოს ეგიდით ორი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „ინფორმაციული საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“ ჩატარება (ვებ-გვერდი: http://www.conf-unesco.gtu.ge/);

  • კათედრაზე სხვადასხვა დროს სამეცნიერო სტაჟირება და მაგისტრატურა გაიარა გერმანიის, თურქეთის, ნეპალის, შრი-ლანკას და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა;

  • ჩვენი კურსდამთავრებულები და ყოფილი კოლეგები ამჟამად მოღვაწეობენ ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში;

  • 2011-2021 წლებში მას-კათედრის დოქტორანტებმა გაიმარჯვეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტებს შორის (ე. თურქია, მ. გიუტაშვილი, ზ. არხოშაშვილი, გიორგი სურგულაძე,  ა. გავარდაშვილი, გ. კივილაძე და სხვ.); ერაზმუს პროექტით ევროპაში გაიარეს სტაჟირება სტუდენტებმა (ლ. შონია, გ. ჩილინდრიშვილი, თ. ფოლადშვილი და სხვ.). Startup გრანტი მოიპოვეს ნ. გრიგალაშვილმა (იტალიაში) და ს. დოლიძემ (GITA- თბილისი).

ხელმძღვანელი

ლევან იმნაიშვილი
მისამართი: ოთახი 318დ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: l.imnaishvili@gtu.ge

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ისტორია (ადრე გამოთვლითი ტექნიკის კათედრა) გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილის მიერ შეიქმნა გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, რომლის მთავარი მისია იყო ინჟინრების მომზადება გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების საწარმოებისა და კვლევითი დაწესებულებებისათვის.

ნ. გაბაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1975 წლიდან გამოთვლითი ტექნიკის კათედრას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები  კონსტანტინე კამკამიძე, ბიძინა მებუკე. 

გამოთვლითი ტექნიკის განვითარებასთან ერთად აქტუალობა შეიძინა მთელმა რიგმა მიმართულებებმა, შესაბამისად შეიცვალა ტერმინოლოგიაც. ამიტომ, 1992 წლიდან კათედრას ეწოდა "კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კათედრა“.

პროფესორი კ. კამკამიძე კათედრას ხელმძღვანელობდა 30–ზე მეტი წლის განმავლობაში. მისი მოღვაწეობის წლები დაემთხვა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების აქტიურ პერიოდს, რამაც მას საშუალება მისცა ფრიად მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა მრავალი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმესა და სამეცნიერო–საინჟინრო მოღვაწეობაში.

2008 წელს კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი. მისი მოსვლით ახლებურად იქნა გააზრებული კათედრის საქმიანობის პროფილი, იგი გაფართოვდა კომპიუტერული ინჟინერიის ფარგლებში. შეიცვალა მისი ორგანიზაციული მხარეც, შესაბამისად მას ეწოდა კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი.

2010 წლიდან კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტს სათავეში უდგას პროფესორი ლევან იმნაიშვილი.

მისი საქმიანობის პერიოდში:

  • გამოიკვეთა ტრადიციებზე დამყარებული დეპარტამენტის საქმიანობის სამეცნიერო, საინჟინრო და საგანმანათლებლო ინტერესები;

  • დეპარტამენტში მოწვეული იქნა ახალგაზრდა, მოტივირებული სპეციალისტები;

  • გაიზარდა აკადემიური პერსონალის აქტიურობა მეთოდური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

  • შესრულდა მრავალი საგრანტო პროექტი: სამეცნიერო, საინჟინრო თუ საგანმანათლებლო;

  • გაფართოვდა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მათი ჩართულობა სხვადასხვა პროექტში;

  • სტუდენტები და აკადემიური პერსონალი აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში;

  • გააქტიურდა საერთაშორისო კავშირები უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან;

  • გაფართოვდა დეპარტამენტის მონაწილეობა სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებაში;

  • აკადემიურმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაში;

  • აკადემიურმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის IT სასწავლო–სამეცნიერო–საექსპერტო ლაბორატორიის ფორმირებასა და რეალიზაციაში;

  • აკადემიური პერსონალი აქტიურად საქმიანობს ახალი ქართული სახელმძღვანელოების შექმნის მიზნით;

  • აკადემიური პერსონალი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგამოფენო პროცესში, საჯარო აქტივობებში და ა.შ.

დღეისობით კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიურ დეპარტამენტს აქვს მკვეთრად გამოხატული სამეცნიერო, საინჟინრო და საგანმანათლებლო „ხელწერა“.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი  ეწევა სამეცნიერო–კვლევით, მეთოდურ, პედაგოგიურ, საინჟინრო, საგამომგონებლო საქმიანობას ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო სპექტრით. ამასთანავე, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ციფრულ ტექნოლოგიებში საჯარო ლექციებით, გამოფენებში, სამეცნიერო პიკნიკებსა და სხვა სახის მონაწილეობით.

დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სხვადასხვა წლებში მოპოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გაეროს, USAID–ის, უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის, Erasmus+, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტები, რომელთა შესრულებაში მონაწილეობას იღებენ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები. ამდენად, სტუდენტებს საშულება აქვთ ჩაერთონ რეალურ საინჟინრო და სამეცნიერო საქმიანობაში.

ხელმძღვანელი

იოსებ ქართველიშვილი
მისამართი: ოთახი 303დ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: s.kartvelishvili@gtu.ge

დღევანდელ დინამიურ სამყაროში სულ უფრო იზრდება ორგანიზაციების ინფორმაციაზე დამოკიდებულება და შესაბამისად, ინფორმაციისადმი ინტერესი და მოთხოვნებიც. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ძლიერი ინსტრუმენტი სოციალური განვითარების ყველა სფეროში პროგრესის დაჩქარებისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის, რეგიონის, მრეწველობისა და ცალკეული ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას. ინფორმაცია ორგანიზაციისთვის ისეთივე არსებითი აქტივია, როგორც საქმიანობის მართვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივები და მას შესაბამისი მართვა სჭირდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ურთიერთდამოკიდებულ და დაკავშირებულ ბიზნეს-გარემოში, რასაც შედეგად მოსდევს სისუსტეებისა და საფრთხეების მზარდი რაოდენობის მიმართ ინფორმაციის დაუცველობა.  ინფორმაციის დამუშავების პროცესებს მეტი სიზუსტე და სანდოობა მოეთხოვება. შედეგად, ორგანიზაციები თანმიმდევრულად და ეტაპობრივად დგებიან კონკრეტული მართვის მოდელებისა თუ პრაქტიკების საკუთარ საჭიროებაზე მორგებისა და დანერგვის რეალობის წინაშე. ორგანიზაცია საკუთარ მიზანს უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯით აღწევს. ზუსტად ამაში გამოიხატება საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობა სხვა მიდგომებისგან განსხვავებით. საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა (კერძო, საჯარო), ზომისა, საქმიანობისა და პროცესების სირთულისა. ბიზნეს პარტნიორებიც მეტი მონდომებით თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხედავენ ინფორმაციის სწორი და სანდო დამუშავების საჭიროებას და ითვალისწინებენ მას საკუთარ საქმიანობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბდა „საინფორმაციო ტექნოლოგიების“ მიმართულება, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი იოსებ ქართველიშვილი.

აღნიშნული დეპარტამენტი მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს: ინფორმაციული უსაფრთხოება; ვებ და მულტიმედია ტექნოლოგიები; მონაცემთა ბაზები; საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები და ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში.

დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სახელმწიფო სტრუქტურების, მსხვილი კორპორაციების, მცირე ბიზნესისა და სხვადასხვა დარგის მეცნიერებების მოთხოვნების განსახორციელებლად.

დეპარტამენტში დიდი ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე, საინჟინრო და სასწავლო-მეთოდურ საქმიანობაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესორ-მასწავლებლებით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ინფორმატიკისა და მასთან ასოცირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განვითარებაში.  დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი უზარმაზარ როლს თამაშობს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში.

ხელმძღვანელი

მედეა თევდორაძე
მისამართი: ოთახი 304ბ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: medeat@gtu.ge

1997 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე პროფესორ ნოდარ ლომინაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა „ეკონომიკური ინფორმატიკის“  მიმართულება, რომელიც დაარსების დღიდან იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლიდერი.

ნ.ლომინაძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტს, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტი დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესორ-მასწავლებლებით. სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად ჩართული იყვნენ სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები. დეპარტამენტში შესრულდა მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო კვლევა.

დეპარტამენტის თანამშრომლების თაოსნობით სტუ-ში გაიხსნა CISCO-ს საერთაშორისო ქსელური აკადემიის ფილიალი. ასევე, კოლექტივის უშუალო მონაწილეობით და ნ. ლომინაძის ხელმძღვანელობით პირველად, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, სტუ-ში შეიქმნა კომპიუტერული ქსელი და საუნივერსიტეტო ვებგვერდი. თანამშრომლების ძალისხმევით უნივერსიტეტში შეიქმნა და ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, ასევე სასწავლო ცენტრი „საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესსა და ეკონომიკაში“.  დღესაც დეპარტამენტის თანამშრომლები უზარმაზარ როლს თამაშობენ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში: თ.ლომინაძე, დ.კაპანაძე, თ.ჟვანია, თ.კაიშაური და სხვა.

დეპარტამენტის არსებობის დასაწყისშივე პროფესორ ნ.ლომინაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა ორი მიმართულება - სისტემების და  დაპროგრამების.  წლების განმავლობაში დეპარტამენტის სისტემების მიმართულების მიერ  (ხელმძღვანელი მ.თევდორაძე) შემოღებულ იქნა ისეთი ახალი საკითხების შესწავლა, როგორიც არის:  ბუღალტრული აღრიცხვა და მისი ინფორმაციული სისტემები და ტექნოლოგიები, საბანკო საქმე და ინფორმაციული სისტემები და ტექნოლოგიები საბანკო საქმეში,  ბიზნეს-პროცესების მართვა და ბიზნეს-პროცესების მართვის სისტემები, ბიზნეს-ანალიზის ინფორმაციული სისტემები, წარმოების მართვის სისტემები, ორგანიზაციის ფინასური საქმიანობა და სისტემები ფინანსურ საქმიანობაში. სისტემების მიმართულებით სწავლობდა ეკონომიკური ინფორმატიკის სტუდენტების უმრავლესობა.

2000-2001 წლებში საბაკალავრო- საგანმანათლებლო პროგრაისა „ინფორმატიკა“ მოდიფიცირების შედეგად მასში გამოიკვეთა საგანთა ჯგუფები, მათ შორის ერთ-ერთი ინფორმაციული სისტემები, რომელიც ფაქტიურად სრულად ასახავს იმ სასწავლო კურსებს, სამუშაოებს და გამოცდილებას, რომელსაც ადგილი ქონდა  ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში სისტემების მიმართულებით. სასწავლო პროგრამის საგანთა ჯგუფების მოხედვით 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებლების კონკურსი და ჩამოყალიბდა შესაბამისი დეპარტამენტები. შედეგად,  ჩამოყალიბდა ახალი დეპარტამენტი  - ინფორმაციული სისტემების, რომელშიც შევიდნენ, უმრავლეს შემთხვევაში,  ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები.

ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მ.თევდორაძე, ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა სისტემების მიმართულების მუშაობას. ამავ დროულად ის გახლავთ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა “ინფორმატიკის“ ხელმძღვანელი, რომელმაც 2021 წელს მიიღო შვიდწლიანი აკრედიტაცია და ასევე არის სტუ-ს სასწავლო ცენტრის  „საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესსა და ეკონომიკაში“ ხელმძღვანელი.

ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტში გაერთიანებულები არიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, მათ მიერ გამოქვეყნებულია მრავალი მონოგრაფია, მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, სასწავლო სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება, შემოღებულია მრავალი ახალი სასწავლო კურსი, ათვისებულია მრავალი ახალი ინფორმაციული სისტემა. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვადასხვა IT-ის სფეროს წამყვან კომპანიასთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან, როგორიც არის: ORIS-კომპანია,  ALTA-სოფტვეარი, DELTA-პროგრამები, პრაქტიკულად საქართველოს ყველა ბანკი და ა.შ.

დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მუშაობენ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმულები სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ გაზრდილია მრავალი წარმატებული მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც ღირსეულ როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში.

ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემუშავებულია მრავალი ახალი სასწავლო კურსი: ინფორმაციული სისტემების არქიტექტურა, ორგანიზაციული სისტემების ანალიზი, ორგანიზაციული პროცესების ანალიზი და დაპროექტება, კორპორაციის მართვის არქიტექტურული მოდელები, ინფორმაციული სისტემების განვითარების სტრატეგია, სტრატეგიული ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების დაგეგმვა და განვითარება.

ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტს შემუშავებული აქვს ფართო სამომავლო გეგმები, დასახულია  მრავალი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა, დაგეგმილია სამუშაოები ახალი მიმართულებებით. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი სრულად აგრძელებს იმ ტრადიციებს  და საქმისადმი მიდგომას, რომელსაც ადგილი ქონდა ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში.

ხელმძღვანელი

მარიამ ჩხაიძე
მისამართი: ოთახი 512ა, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: m.chkhaidze@gtu.ge

ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შედარებით ახალგაზრდა დეპარტამენტებს განეკუთვნება. დეპარტამენტი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაში სასწავლო კურსებს ავითარებს. ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის პროფილით სტუდენტების მომზადება დაიწყო.

1999 წელს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე შეიქმნა „მანქანური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი“. ცენტრი დააფუძნა პროფესორმა ოთარ ვერულავამ, რომელსაც სახეთა ამოცნობის დარგში მნიშვნელოვანი კვლევები ჰქონდა ჩატარებული მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის და ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) ლაბორატორიებში. ცენტრის საქმიანობაც თავიდანვე წარიმართა ამომცნობი სისტემების შემუშავებისა და ქართული რეალობისთვის გადაუჭრელი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის მიმართულებით. ამ პერიოდში ცენტრმა განახორციელა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისთვის“ ნაბეჭდი ტექსტის ავტომატური ამოცნობის პროგრამა, რითაც მოხერხდა ენციკლოპედიის მთლიანი ტექსტის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, რაც ქართული ნაბეჭდი ტექსტების ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის საფუძველი გახდა. აქედან დაიწყო ამომცნობი სისტემებისა და ნეიროინფორმატიკის დარგებში თეორიულ-პრაქტიკული კვლევები.

2001 წელს ცენტრმა მიიღო სტუდენტთა პირველი ნაკადი და ჩამოყალიბდა, როგორც იმს-ის ფაკულტეტის დამოუკიდებელი ერთეული - ხელოვნური ინტელექტის კათედრა. კათედრის პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ო. ვერულავა. ამ პერიოდიდანვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის დისციპლინებში სასწავლო პროგრამის, კურსების და სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ამ დარგის განვითარების თვალსაზრისით. მათში აისახება დეპარტამენტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო-მეთოდური მუშაობის შედეგები.

სხვადასხვა დროს კათედრას, უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, რამდენჯერმე შეეცვალა სტატუსი: იყო კათედრა, დეპარტამენტი, მიმართულება, ხოლო 2013 წლიდან დამტკიცდა, როგორც ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი. 2013 წლის შემოდგომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ო. ვერულავამ მიიღო ემერიტუსის წოდება და ჩამოშორდა ორგანიზაციულ საქმიანობას. 2015 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მარიამ ჩხაიძე.

დეპარტამენტი ჩართულია ფაკულტეტის სასწავლო-მეთოდურ მუშაობაში და მონაწილეობას იღებს პროგრამების, სასწავლო კურსების, სილაბუსების შემუშავებაში. მომზადდა და დამუშავების პროცესშია შესაბამისი სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებები ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ხელოვნური ნეირონული ქსელების და სხვა აქტუალურ მიმართულებებში, რომლებიც ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად. დეპარტამენტში  დამუშავებულია არა ერთი სამეცნიერო გრანტი და გამოცემულია  არაერთი მონოგრაფია.

2005-2021 წლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მკვლევართა ჯგუფებთან და შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად კვლევები და სასწავლო პროცესი ადის თვისებრივად ახალ საფეხურზე, მუშავდება ახალი პროექტები.

საერთაშორისო კოლაბორაცია დეპარტამენტმა დაარსებიდან მალევე დაიწყო მეხიკოს უნივერსიტეტთან (მექსიკა) თანამშრომლობით, რაც შემდეგში გაგრძელდა გერმანიის უნივერსიტეტებთან აქტიური კოლაბორაციით.

დეპარტამენტში აქტიური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ხორციელდება, სადაც დოქტორანტებთან ერთად, მაგისტრანტები და სტუდენტებიც არიან ჩართული, რაც კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. საკვლევი თემატიკა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის უახლეს აქტუალურ ამოცანებს.

დეპარტამენტში სტუდენტები ცოდნას იძენენ ხელოვნური ინტელექტის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • მანქანური სწავლება

  • კომპიუტერული ხედვა

  • ბუნებრივი ენის დამუშავება

  • ღრმა სწავლება

  • კომპიუტერული თამაშების ხელოვნური ინტელექტი

  • მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი

  • ევოლუციური გამოთვლები და ალგორითმები

  • გენეტიკური ალგორითმები

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რობოტებში

  • ექსპერტული სისტემები და სხვა.

დღეისათვის არ არსებობს ადამიანის მოღვაწეობის ისეთი სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი და მისი მეთოდები არ გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტი იქნება ის ბაზისური ტექნოლოგია, რომელიც მთლიანად მოიცავს ტექნიკურ პროგრესს და ძირეულად  შეცვლის ჩვენი ცხოვრების და მუშაობის წესს.

ხელმძღვანელი

თეიმურაზ ცაბაძე
მისამართი: ოთახი 515ბ, VI სასწავლო კორპუსი

დეპარტამენტის ისტორია იწყება 90-იანი წლების დასაწყისში. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 1991 წლიდან არსებობდა ჯერ გამოყენებითი მათემატიკის, შემდეგ გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მოდელირების კათედრა, 2017 წლიდან კი მას ეწოდა  გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტი.

2017 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა  პროფესორი  ალექსანდრე ლაშხი შემდგომ კი  დეპარატამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი თეიმურაზ ცაბაძე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჟურნალის AIS: Advances in Information Sciences თანარედაქტორი, შეყვანილია საქართველოს ენერგეტიკოსების ენციკლოპედიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

 დეპარტამენტში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები  მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით: გამოყენებითი მათემატიკის მეთოდები ინფორმატიკაში და მართვის სისტემებში, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება, მათემატიკური აპარატის გამოყენება მეცნიერებისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში.

დეპარტამენტი თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან (კიევის ტარას შევჩენკოს უნივერისტეტი, კიევის საავიაციო უნივერსიტეტი, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ტრანსილვანიის უნივერსიტეტი, University of Mary Washington, ვროცლავის აგრიკულტურული უნივერსიტეტი, ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტები, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, ვიგოს უნივერსიტეტი, კორუნიას უნივერსიტეტი, დებრეცენის უნივერსიტეტი;  ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) თანამშრომლობის ფარგლებში მუშავდება საერთო სამეცნიერო პროექტები.

გარდა ამისა, დეპარტამენტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოში გამოყენებითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ინსტიტუტებთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულია და ტარდება საერთაშორისო კონფერენციები.

ხელმძღვანელი

ქეთევან კოტრიკაძე
მისამართი: ოთახი 220ბ, VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: k.kotrikadze@gtu.ge

ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა დაარსდა 1963 წლეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. კათედრის პირველი გამგე იყო საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი ენერგეტიკისა და მართვის დარგში, მაღალი ინტელექტუალი და პიროვნული თვისებებით გამორჩეული, პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი.

აღნიშნულ პერიოდში კათედრაზე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი მიჰყავდათ უკვე ცნობილ მეცნიერებს: პროფესორ აკაკი კერესელიძეს, დოცენტ კარლო ბაქანიძეს, დოცენტ ივანე მაჭავარიანს, დოცენტ შოთა გარსევანიშვილს, დოცენტ გივი ჩიხლაძეს. თაობების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; დაიბეჭდა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ავტომატიკისა და მართვის დარგში; განხორციელდა პირველი გაცვლითი პროგრამები სასწავლო სფეროში (სლოვაკეთი, ბრნო); განმტკიცდა და გაფართოვდა სასწავლო-საწარმოო კავშირები; აქტიურად გაგრძელდა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; დაცული იქნა არაერთი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები.

1976 წელს კათედრის გამგის თანამდებობა დაიკავა საერთაშორისო დონეზე კარგად აღიარებულმა, შემოქმედებითი და ნოვატორული ნიჭით დაჯილდოვებულმა მეცნიერმა, პროფესორმა ალმასხან გუგუშვილმა.

პროფ. ა. გუგუშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ავტომატიკის და ტელემექანიკის კათედრის, ამჟამად მართვის სისტემების  და ავტომატიზაციის დეპარტამენტის, ახალ საფეხურზე აყვანაში, რაციონალური სტრუქტურის ფორმირებაში. საუკეთესო ტრადიციების ჩამოყალიბებაში მისი ძალისხმევით ძირფესვიანად გადახალისდა და ახალი მოთხოვნების დონეზე ავიდა კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შთამბეჭდავი გამარჯვებით დაგვირგინდა სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილება; განხორციელდა მრავალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი წარმოებაში;  შეიქმნა მაღალი დონის სახელმძღვანელოები და მეთოდური ლიტერატურა; გააქტიურდა საერთაშორისო ურთიერთობა აშშ-ს უნივერსიტეტებთან.

2004 წელს, პროფესორ ალმასხან გუგუშვილის გარდაცვალების შემდეგ, კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ნოდარ ჯიბლაძე. მის სახელთანაა დაკავშირებული რიგი ცვლილებები და რეფორმები, რომელიც ეხებოდა საგანმანათლებლო პროგრამებს „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი.“ აღნიშნული პროგრამები შემუშავდა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) და მიიღო აკრედიტაცია; გაიხსნა ახალი ლაბორატორიები, საერთაშორისო სპონსორების მონაწილეობით.

 2008-2014 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტსა და კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის  შედგა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. მართვის სისტემების ბაზაზე  განხორციელდა პროექტი, გრანტის ფარგლებში: „ჩაშენებული სისტემების სწავლება საქართველოში“ (Embdded Systems Education in Georgia), ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით. კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ ბაკალავრიატის სტუდენტები და აკადემიური პესონალი.

2015 წლიდან დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი, ქეთევან კოტრიკაძე. ამ პერიოდს უკავშირდება საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვანი მოდიფიცირება; მათი განმეორებითი აკრედიტაცია; სასწავლო ლიტერატურის მომზადება; პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლებთან და პარტნიორებთან გაფორმებული არაერთი ხელშეკრულება.

 2015-2016 წლები ტემპუსის პროგრამის ფარგლებში “ჩაშენებული სისტემების კურსების განვითარება და ინოვაციური ვირტუალური მიდგომების იმპლემენტაცია კვლევების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციისთვის უკრაინაში, საქართველოსა და სასომხეთში,” დეპარტამენტის ბაზაზე, გაიმართა ვორქშოპები სტუდენტებისთვის და პროფესურისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომდაგენლების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მართვის სისტემების დეპარტამენტს გადმოეცა თანამედროვე ტექნიკა;

ამავე პერიოდიდან დაიწყო დეპარტამენტის პროფესორთა გააქტიურება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით: საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; სხვადასხვა გაცვლით პროგრამები, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის; უცხოელი პარტნიორების ჩართულბით, ვორქშოფებში და სხვადასხვა ტიპის სემინარებში მონაწილეობა; დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში.

მართვის სისტემების და ავტომატიზაციის დეპარტამენტი დღემდე აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო, აკადემიურ საქმიანობას, რათა წარმეტებით ემსახუროს მომავალი თაობების აღზრდას.

ხელმძღვანელი

მერაბ ახობაძე
მისამართი: ოთახი 306ბ, VIII სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 2 77 11 11 (7829)
ელ ფოსტა: m.akhobadze@gtu.ge

დეპარტამენტის ისტორია 1975 წელს იწყება, როდესაც პროფესორ მიხეილ გოთოშიას ხელმძღვანელობით, ზოგადტექნიკური სტატუსით, შეიქმნა საინჟინრო და ეკონომიკურ გაანგარიშებებში კომპიუტერების გამოყენების კათედრა. 1995 წლიდან იგი ფუნქციონირებდა ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის, ხოლო 2012 წლიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის ახალ სტრუქტურებზე გადასვლის შემდეგ, `ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის სახელწოდებით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ ახობაძე. ზოგად ფუნდამენტური ხასიათის მიუხედავად, ინფორმატიკის გამოყენებას ცალკეულ სფეროებში, სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული თვისებები ახლავს. სწორედ ეს გარემოებაა ასახული დეპარტამენტის დასახელებაში ინტერდისციპლინური ინფორმატიკა, რომელიც გულისხმობს ინფორმატიკის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებას კონკრეტული დარგის მოთხოვნების გათვალისწინებით.

აკადემიური პერსონალი მუშაობს სასწავლო დისციპლინების სილაბუსების დასახვეწად საჭირო ლიტერატურით, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის. გამოცემულია და მზადდება ახალი სახელმძღვანელოები და მეთოდური ნაშრომები.

დეპარტამენტის პროფესურა მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროგრამასა და სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტში, საერთაშორისო კონფერენციებში, მათი ნაშრომები ქვეყნდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში. დეპარტამენტი მუშაობს სოციალური ინფორმატიკის სპეციალიზაციის (Social Informatics)-ის მიმართულებით, რომელიც ინფორმატიკის შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია, და რომელიც სოციალური სფეროს ინფორმაციის საკითხებს შეისწავლის. მისი დანიშნულებაა სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების სინთეზი. სპეციალიზაცია გულისხმობს ისეთი საკითხების შესწავლას, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, მენეჯმენტთან, ფსიქოლოგიასთან, სოციალური პროცესების კომპიუტერულ ანალიზთან, სოციალური ქსელებისა და ვებტექნოლოგიების დაპროექტებასა და ექსპლუატაციასთან. დეპარტამენტი ინტერდისციპლინური არსიდან გამომდინარე, ინარჩუნებს ფუნდამენტურ ფუნქციას და უზრუნველყოფს როგორც ზოგადსაუნივერსიტეტო, ისე იმ სასწავლო დისციპლინების სწავლებას, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. დეპარტამენტს დეპარტამენტის აქვს უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და აუდიტორიები.

სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია მიმართულების თანამშრომელთა მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით, მეთოდური ნაშრომებით, კონსპექტებით, სტუ-ისა და ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში არსებული დამხმარე ლიტერატურით.

დეპარტამენტის მთავარი ამოცანაა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპის ხელშეწყობა და ცხოვრებაში გატარება, ზრუნვა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.

კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო ორგანიზაციებსა და კომერციულ ფირმებში ოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებად, წამყვანი ბანკების ფილიალებში, მობილური კავშირის კომპანიებში, საჯარო რეესტრში, ადამიანური რესურსების (HR) მართვისა და მონიტორინგის სფეროში, წარმოებაში და სხვა.

ხელმძღვანელი

აკაკი გიგინეიშვილი
მისამართი: ოთახი 310, IV სასწავლო კორპუსი

ფიზიკის დეპარტამენტი (ადრე კათედრა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველესი დეპარტამენტია, ის ტექნიკური უნივერსიტეტის  მძლავრ და თანამედროვე სტრუქტურული ერთეულს წარმოადგენს. სტუდენტთა აღზრდას ემსახურება 14 სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრი, მიკროელექტრონიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრი, მყარი სხეულების კვლევის საპრობლემო ლაბორატორია, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნოლოგიების ცენტრი.

ფიზიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს: ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფიზიკის მრავალპროფილიანი სასწავლო ლაბორატორია, სადაც იგეგმება, სრულდება, ინერგება გამოყენებითი ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო სამუშაოები; კომპიუტერული მოდელირების ცენტრი, სადაც ხდება ყველა ფიზიკური მოვლენის კომპიუტერული მოდელირება.

ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, რაც საშუალებას იძლევა მკვეთრად ავამაღლოთ სტუდენტთა განათლების ხარისხი.

ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე ბოლო წლებში ჩატარებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში.

ფიზიკის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ინგლისის კრემფილდის, შვედეთის ლინეაუს, ათენის ტექნოლოგიურ და აშშ-ს სოკოროს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან.

ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით 2013, 2015, 2019 წლის შემოდგომაზე სტუ-ში ჩატარდა „შემოდგომის ლექციები თბილისში“, გაფართოებული ფორმატით, რომელშიც ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახენის უნივერსიტეტების პროფესორებმა.

პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის. ფონდის მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებით, 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  კონსორციუმში შემავალ ერთ-ერთ უნივერისტეტში ე.წ. SMART|MRI_lab ლაბორატორია დაარსდა, რომელიც იულიხის ცენტრის მკვლევარებთან  უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას ემსახურება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "სამედიცინო ფიზიკა" . პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია 2014 წლიდან მაგისტრანტები რეგულარულ სტაჟირებას  გადიან იულიხის კვლევით ცენტრში.

საინჟინრო ფიზიკის პროგრამაზე მომზადებული სპეციალისტების დასაქმების არეალი მოიცავს როგორც საინჟინრო საქმეს, ასევე ტექნიკური დარგებიდან საკმაოდ დაშორებულ სფეროებს _ ძალოვან სტრუქტურებს, საბანკო სექტორს, დიპლომატიურ სამსახურს, პოლიტიკურ მოღვაწეობას. ყველა ამ მიმართულებით ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებზე არიან და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფიზიკურ მეცნიერებებში კარგად გათვითცნობიერებული ახალგაზრდისათვის საკმაოდ ადვილია სხვა სფეროებში გარკვევა და ორიენტაცია.

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

ფიზიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ვირტუალური მოდულირების და კონსტრუირების ცენტრი. ცენტრი საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,საბუნებისმეტყველო საგნების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სისტემატურად ტარდება ტრენინგი ,,გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება“, სადაც საბუნებისმეტყველო  საგნების მასწავლებლები იღრმავებენ ცოდნას და გადიან პრაქტიკას სტემის გამოყენებასა და დანერგვაში სასწავლო პროცესში. ტრეინიგის ფარგლებში იმართება ვებინარი, რომელზეც პროექტის მონაწილე მასწავლებლები და მოსწავლეები  წარმოადგენენ  მათ  მიერ შექმნილ სხვადასხვა ინტეგრირებულ ინოვაციურ პროექტებს,  სმარტ  საზომ ხელსაწყოებს და ინტერაქტიულ მოდელებს, რომლის გამოყენება სასწავლო პროცეს  საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის.

წლების განმავლობაში აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელობით მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტები მონაწილეობს ,,მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ასევე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში. მოსწავლეები არიან აღნიშნული კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები და პრიზიორები.

ხელმძღვანელი

დავით ნატროშვილი
მისამართი: ოთახი 513ბ, VI სასწავლო კორპუსი

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი წარმოუდგენელია მათემატიკის გამოყენების გარეშე. საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, ინფორმაციული და ეკონომიკური დარგების განვითარება მოითხოვს ფართო და ღრმა მათემატიკურ განათლებას. მათემატიკური მეთოდების გამოყენებას თანამედროვე ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პროცესების, საბანკო-ეკონომიკური და მმართველობითი სისტემების სფეროებში.

მათემატიკის კათედრა (დეპარტამენტი) ერთ-ერთი უძველესი დეპარტამენტია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

1919-1921 წლებში თბილისში არსებობდა რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლიტექნიკუმი), რომლის მათემატიკის კათედრაზე მუშაობდნენ გ. ხარაზოვი, ზ. ელიაშევიჩი, ასისტენტები ნ. ბერგი და ლ. ლეიბენზონი. 1921 წლიდან იმავე ინსტიტუტში მათემატიკის სწავლებას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი პროფესორი ანდრია რაზმაძე.

1922 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში წაუკითხა ანდრია რაზმაძემ.

ფაკულტეტის გახსნის პირველი დღიდანვე მათემატიკის თეორიულ კურსს ასწავლიდა მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი ოთხეული: ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკო მუსხელიშვილი და არჩილ ხარაძე. საასისტენტო მოღვაწეობას ეწეოდნენ ანდრია ბეგიაშვილი, ივანე გვარიშვილი, უფრო გვიან კი - ლევან გოკიელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტისა და თბილისის პოლიტექნიკუმის ბაზაზე 1928 წელს შეიქმნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის რექტორად დაინიშნა დავით კანდელაკი, ხოლო ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში - ნიკოლოზ მუსხელიშვილი.

ახლად შექმნილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სხვადასხვა საგნობრივი კომისიები. მათემატიკურ საგნობრივ კომისიაში გაერთიანდა უმაღლესი მათემატიკა, თეორიული მექანიკა და მხაზველობითი გეომეტრია. ამ კომისიის თავმჯდომარედ ნ. მუსხელიშვილის წინადადებით გ. ნიკოლაძე აირჩიეს, ხოლო დროებითი მოადგილეობა თვით ნ. მუსხელიშვილმა იკისრა.

ქართულ სექტორზე 1928 წლის სექტემბრიდან მათემატიკის ჯგუფის საგნებისა და უძღვებოდნენ:

  • ანალიზი I – II - გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ლ. გოკიელი, გ. კონიაშვილი,ა. რუხაძე,

  • ანალიზური გეომეტრია - გ. ნიკოლაძე, ნ. მგელაძე

  • მექანიკა I - ა. ბეგიაშვილი, ვ. კუპრაძე

  • მხაზველობითი გეომეტრია - გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ა. გულისაშვილი

  • მექანიკა II - ნ. მუსხელიშვილი, ა. ბეგიაშვილი, ვ. კუპრაძე

რუსული სექტორი:

  • ანალიზი I – II - ნ. ბერგი, ნ. ბარანოვსკი, კ. მარჯანიშვილი

  • ანალიზური გეომეტრია - გ. გოლუბი, კ. მარჯანიშვილი

  • თეორიული მექანიკა I - გ. გოლუბი, კ. მარჯანიშვილი

  • თეორიული მექანიკა II - ნ. მუსხელიშვილი

  • მხაზველობითი გეომეტრია - ნ. ბარანოვსკი.

1929 წლის დეკემბერში სტუდენტთა დამატებითი კონტიგენტის მიღებასთან დაკავშირებით საჭირო გახდა საშუალო სკოლის მასწავლებელთა მოწვევა ინსტიტუტში, ესენი იყვნენ ცნობილი მასწავლებლები: ა.დევიძე, ი.გაჩეჩილაძე, ნ.კვინიკაძე, ნ.ფლორინსკი, გ.გეგელაშვილი. ამავე დროს მეცნიერ-თანამშრომლებად აირჩიეს გ.ხაჟალია, ი.მეცხვარიშვილი, ა.გორგიძე. ამ დროისათვის ინსტიტუტში მუშაობდნენ აგრეთვე ა.ხარაძე, დ.ვაშაკიძე, შ.მიქელაძე, ა.ელიაშვილი.

ამ წელს შემოღებული იქნა ჯგუფურ-ლაბორატორიული მეთოდით მეცადინეობა, რომლებსაც ატარებდნენ: კ. მარჯანიშვილი, გ. გეგელაშვილი, ა. ხარაძე, ნ. ბერგი, ნ. ფლორინსკი, ნ. მგელაძე, ნ.კვინიკაძე, ვ. გიგინეიშვილი, ნ. ბარანოვსკი, ა. გორგიძე და ი. მეცხვარიშვილი. ამავე საქმიანობისათვის 1930 წელს მოწვეულები იყვნენ: ინჟინერი მელიქ-ფარსადანოვი, მ.მირიანაშვილი, დ.დოლიძე.

მუშათა კადრების უმაღლეს სკოლაში მისაზიდად დააარსეს მოსამზადებელი ჯგუფები, რომლებშიც მათემატიკას ასწავლიდნენ: ვ. ჭელიძე, ვ. გოგოლაძე, ე. ხარაძე, შ. მიქელაძე.

1930 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი კვლავ დაიშალა ცალკე დარგების მიხედვით სასწავლო ინსტიტუტებად: სამშენებლო, სატრანსპორტო, სამთო-მეტალურგიული, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სამელიორაციო. მათში მათემატიკას ასწავლიდნენ იგივე კადრები, რომლებიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდნენ.

1931 წელს თბილისის უნივერსიტეტი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ქართული მათემატიკური სკოლის მთავარ ბაზად ამ წლიდან ხდება საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, მათემატიკის სწავლების მთელი სიმძიმე ნ.  მუსხელიშვილსა და ა. ხარაძეს დააწვათ.

1932 წლიდან დაიწყო დარგობრივი ინსტიტუტების გაერთიანება. 1936 წელს თბილისში მხოლოდ ორი დიდი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელია: კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და თბილისის ლენინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. ამ უკანასკნელში მათემატიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ჯერ ა.ხარაძე, შემდეგ შ.მიქელაძე, ე. წითლანაძე, დ. ავაზაშვილი. მექანიკის კათედრას - ნ. მუსხელიშვილი, შემდეგ ი. ვეკუა, ი.კვირკველია, შ. მიქელაძე.

ინდუსტრიულ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ჯერ ა.ხარაძე, შემდეგ ვ.კუპრაძე, ხოლო 1944 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა ა.რუხაძე. 1958 წლიდან კათედრის გამგე გახდა დ.ავაზაშვილი. სხვადასხვა წლებში ამ ინსტიტუტში მუშაობდა დოც. ნ.ართმელაძე, რომელმაც შემდგომში გააგრძელა ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1959 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და თბილისის რკინიგზის ინსტიტუტი კვლავ გაერთიანდა და შეიქმნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგედ დაინიშნა პროფესორი დ.ავაზაშვილი. მისი გარდაცვალების (1984 წ.) შემდეგ კათედრის გამგედ არჩულ იქნა პროფ. ა.ლაშხი (1984 წლის მაისიდან 1985 წლის აგვისტომდე), 1986 წელს იგი პროფ. ლ.მძინარიშვილმა შეცვალა.

1962 წელს ცალკე დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კათედრა დაუსწრებელი და საღამოს სწავლების განყოფილების სტუდენტებისთვის, რომელსაც პროფ. ბ.ხვედელიძე ჩაუდგა სათავეში. 1967 წელს იგი პროფ. ს.თოფურიამ შეცვალა.

1970 წელს ცალკე დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კიდევ ერთი კათედრა, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა პროფ. ს.შათაშვილი. 1987 წელს იგი პროფ. დ. ნატროშვილმა შეცვალა.

1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა სახელწოდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ მიიღო.

2007 წელს უმაღლესი მათემატიკის სამი კათედრის ბაზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა მათემატიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. დ.ნატროშვილი. დეპარტამენტი აერთიანებდა სამ მიმართულებას: ალგებრისა და გეომეტრიის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ლ.მძინარიშვილი, მათემატიკური ანალიზის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ს.თოფურია და მათემატიკური ფიზიკის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ლ.გიორგაშვილი.

2012 წელს მიმართულებები გაუქმდა და შეიქმნა მათემატიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი დ. ნატროშვილი.

2008 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ამოქმედდა მათემატიკის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლებას წარმართავენ მაღალკვალიფიციური პროფესორები, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მათემატიკოსები. მათ მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ საზღვარგარეთის ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ლონდონის იმპერიალ კოლეჯი და ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონის ჰავარდის, დელავერის და ფლორიდის უნივერსიტეტები - აშშ, შტუტგარტის და კარლსრუეს უნივერსიტეტები - გერმანია, ათენის უნივერსიტეტი - საბერძნეთი, ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი და ავეიროს უნივერსიტეტი - პორტუგალია, რენეს უნივერსიტეტი - საფრანგეთი, კრაკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი და პოზნანის უნივერსიტეტი - პოლონეთი და სხვა. ისინი აწარმოებენ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ბაზაზე.

ხელმძღვანელი

ზვიად ღურწკაია
მისამართი: ოთახი 313, IV სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: z.gurtskaia@gtu.ge

“ბიოსამედიცინო ინჟინერია” - არის 21 საუკუნის მეცნიერების განსაკუთრებით სწრაფად ზრდადი, მულტიდისციპლინური დარგი, რომელიც აერთიანებს ინჟინერიის, ბიოლოგიის და მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნას  და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე.

საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია 1983 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამედიცინო ტექნიკის კათედრა. კათედრის დაარსების ინიციატორი და ფუძემდებელი გახლდათ სამედიცინო ტექნიკის კათედრის პირველი გამგე პროფესორი ოთარ ხომერიკი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მართვის ტექნიკური საშუალებებისა და სამედიცინო ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო მიმართულების განვითარებაში.

1994 - 2007 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი რაულ კუპრავა. მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო ბიოსამედიცინო სისტემების მათემატიკური მოდელირება და მართვა.

კათედრის დაარსების დღიდან, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ორგანიზაციების უზრუნველყოფა საინჟინრო კლინიკური კადრებით, ხორციელდება ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრის მიერ გამოშვებული ახალგაზრდა სპეციალისტებით.

ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრაზე წარმოებული სამეცნიერო სამუშაოების საფუძველზე კათედრის პროფესორების ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, მომზადებულია უცხოელი სპეციალისტები და ასპირანტები.

2007-2021  წლებში ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ირინე გოცირიძე. მისი უშუალო ინიციატივით და მონაწილეობით დეპარტამენტში განხორციელდა ახალი საგანმანათლებლო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავება, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის. საბაკალავრო ინგლისურ და ქართულ ენოვანი პროგრმების მომზადება საინჟინრო პროგრამები  ABET (აშშ) აკრედიტაციისთუს, TEMPUS პროექტის  თანახელმძღვანელობით „ ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ -ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ბიოსამედიცინო ინჟინერია“   ინიცირება და განხორციელება, პარტნიორ უნივერსიტეტებთან  (თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად. Tempus პროექტის შედეგებმა პროფესორ ირინე გოცირიძის ინიციატივით ჩაუყარა  ERASMUS + პროექტის ფარგლებში მუშაობის გაგრეძლებას და სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მუდმივ ინტერნაციონალურ აქტივობაა პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. დეპარტამენტი თანამშრომლობს  ვესტ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (WZUT, პოლონეთი)  და ასევე პატრასის უნივერსიტეტთან (University of Patras, საბერძნეთი).

2021 წლის სექტემბრიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზვიად ღურწკაია.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის  ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო აპარატების და სისტემები :

კერძოდ: 

  1. კომპიუტერული სამედიცინო ხელსაწყო - "კომპიუტერული პერიმეტრი", რომელიც გამოიყენება მხედველობის ველის შესაფასებლად ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში.

  2. კორონარული ანგიოგრაფიის სასწავლო სისტემა,

  3. კომპიუტერული იონოფორეზისა და ელექტროთერაპიის აპარატი

  4. გეომაგნიტური ქარიშხლების კომპენსაციის სისტემა

  5. ვენის აღმომჩენი მობილური ტრანსტრანსილუმინატორული მოწყობილობა და სხვა,

2013 წლიდაბ ბიოსამედინო ინჟნერიის მიმართულების ბაზაზე დაარსდა სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ამერიკული კომპანიის Fluke- უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით.

2018 წელს ინსპექტირების ორგანომ გაიარა აკრედიტაცია სტანდარტით ISO 17020  და დღეისათვის ამიერკავკასიაში ერთადერთი, აღნიშნული სტანდარტით აკრედიტებული სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების სამსახურია. 

ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს დიდი მიღწევები აქვს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხრივ, სხვადასხვა  საგანმანთლებლო საფეხურზე სწავლობენ სტუდენტები, მაგისტრები, დოქტორანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: აშშ. თურქეთი, იემენის რესპუბლიკა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ერაყის რესპუბლიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სფეროს კლინიკურ ორგანიზაციებთან, სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების სხვადასხვა ფირმებთან და ორგანიზაციებთან.

ხელმძღვანელი

მარინა ქურდაძე
მისამართი: ოთახი 515, VIII სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 2 77 11 11 (7459)
ელ ფოსტა: m.kurdadze@gtu.ge

2021 წლის სექტემბრიდან „ტელეკომუნიკაციის“და «რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის» დეპარტამენტები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.

      ,,ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების’’ დეპარტამენტი, საქართველოში საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროს ერთგვარ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომლის ინტერესების სფეროს შეადგენს მასობრივი მომსახურების თეორია და სისტემები, ციფრული კავშირის თეორია, ინფორმაციის თეორია,  ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია და მოდულაცია, კოდირების სისტემები, ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების და ქსელების კომპიუტერული ინჟინერინგი, ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები. ამ მიმართულებებით კვლევების შედეგები ფაკულტეტის პროფესორებსა და სპეციალისტებს გამოქვეყნებული აქვთ ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში.

  დეპარტამენტში სწავლების სამივე საფეხურზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საგანმანათლებლო პროგრამით. რომელთაც მინიჭებული აქვთ 2021 წლიდან 7 წლიანი აკრედიტაცია. საბაკალავრო პროგრამა განშტოებულია და წარმოდგენილია: ტელეკომუნიკაციის ქსელები და სისტემები; მომავალი თაობის ქსელები; ციფრული ტელეკომუნიკაცია; სატელეკომუნიკაციო კომპანიათა მენეჯმენტი. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს: ტელეკომუნიკაციის ქსელები, კვანძები და ინფორმაციის განაწილება;  ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები; ტელეკომუნიკაციის ოპტიკური სისტემები; სიგნალების ციფრული დამუშავება, კოდირება და გადაცემა; სატელეკომუნიკაციო სპექტრის მართვა და რეგულირება; ტელეკომუნიკაციის მარკეტინგი     და მენეჯმენტი.  დოქტორანტურაში კვლევის სფეროებია: ანტენების თეორია და პროექტირება; სიგნალების თეორია; კოდირების თეორია; ხელშეშლამდგრადი კოდირება და მოდულაცია-კოდირების სისტემები; მობილური კავშირის განვითარების თანამედროვე კონცეფციები; გამოსახულების ციფრული განაწილების სისტემებში; ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება; ტელეკომუნიკაციის კომპანიათა სტრატეგიული მართვა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზი; მომსახურების ახალი სახეობების დანერგვა.

 2021-წელს   საბაკალვრო პროგრამაზე სწავლება მხარდაჭერილ იქნა სახელმწიფოს მხრიდან  და  4 წლიანი დაფინანსება გამოიყო სტუდენტებისთვის, რომელიც შემდეგშიც გაგრძელდება.

ცოტა რამ ისტორიის შესახებ.

           საქართველოში კავშირგაბმულობის  (ტელეკომუნიკაციის) ინჟინრების მომზადებას საფუძველი ჩაეყარა 1970 წელს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი. 1974 წელს კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი გარდაიქმნა კავშირგაბმულობის ფაკულტეტად. შემდეგ კი  საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად 2007 წელს განხორციელდა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

        პირველი  სიმპოზიუმი ვიდეოტელეფონიაში ჩატარდა კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე და პირველი საცდელი ვიდეოსატელეფონო ქსელი ამოქმედდა ქალაქ თბილისში. გამოსახულებათა ეფექტური კოდირების სფეროში მიღწეული შედეგების საფუძველზე შეიქმნა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემის ერთ მაღალსიხშირულ არხში ორი სატელევიზიო პროგრამის გადაცემა ციფრულ ფორმატში. ექსპერიმენტები ტარდებოდა ქ.დუბნაში (რუსეთი) არსებულ თანამგზავრულ კავშირგაბმულობის ცენტრში. კავშირგაბმულობის მიღწევათა მსოფლიო გამოფენაზე ქ.ჟენევაში (შვეიცარია), საბჭოთა კავშირის საგამოფენო სივრცე აღიჭურვა ავტომატური ვიდეოსატელეფონო სისტემით, რომელიც შეიქმნა საქართველოს პოლიტექნიუკრი ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე  და ამჟამად ინახება დეპარტამენტში.  ამერიკის და ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციებში აღინიშნა კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე დაბრკოლებამდგრადი კოდირების თეორიაში მიღებული შედგების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

    წლების განმავლობაში, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიწვეულ პროფესორებად იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების დრექსელის და კორნელის, გერმანიის დარმშტადტის, ულმის, კონსტანცის და ესენის, დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგის და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში, სადაც მათი ხელმძღვანელობით დაცულია ათეულობით სადოქტორო დისერტაცია. 

ხელმძღვანელი

ზაალ აზმაიფარაშვილი
მისამართი: ოთახი 218დ , VI სასწავლო კორპუსი
ელ ფოსტა: z.azmaiparashvili@gtu.ge

არ არსებობს ადამიანის საქმიანობის სფერო, სადაც ინტენსიურად არ გამოიყენება გაზომვის, კონტროლის და გამოცდის შედეგები. გასული საუკუნის სამოციან წლებში, როცა მთელ მსოფლიოში მაღალი ტემპით ვითარდებოდა და წყდებოდა გაზომვის, მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის საკითხები, რომელთა გარეშე თითქმის შეუძლებელია ჩვენ გარშემო კანონზომიერების შეცნობა, საქართველოში ამ მიმართულებით თითქმის არაფერი არ ხდებოდა. ამ პერიოდში ცნობილმა მეცნიერმა გიორგი ზედგინიძემ  კავკასიის რეგიონში შექმნა მსხვილი მეტროლოგიური ცენტრი, ქ. ლენინგრადის დ.ი. მენდელეევის სახელობის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი, რომელიც შემდგომში  სრულიად დამოუკიდებელი გახდა. ამავე ინსტიტუტში დაიწყო ამ მიმართულებით ასპირანტურაში მიღება და 1966 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო საინფორმაციო-საზომი ტექნიკის სპეციალობით სტუდენტების მიღება. მალევე, 1969 წელს  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრა, რომლის ინიციატორიც და ხელმძღვანელიც გიორგი ზედგინიძე იყო.  კათედრაზე, გახსნის დღიდან,  დღემდე  მუშაობს ტ.მ.დ, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორ-ემარიტუსი ირინა ჩხეიძე. კათედრის პირველი თანამშრომლები იყვნენ: ზურაბ გოგიაშვილი, ანზორ მელია, გურამ ბეგიაშვილი და იმდროინდელი ასპირანტები - მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის კურსდამთავრებულები: ლიანა ხარატიშვილი, კარლო მგალობლიშვილი, ნოდარ ჟღენტი, გურამ ქევანიშვილი. საინფორმაციო-საზომი ტექნიკის სპეციალობის სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ ტ.მ.კ. სოსო როგავა, ტ.მ.კ ნოდარ გიორგობიანი.

1972 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ირაკლი ზედგინიძე.

 ირაკლი ზედგინიძის კვლევები ეხება საზომი ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის, მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის საკითხებს. მის სახელთანაა დაკავშირებული ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის ქართული სკოლა.

ირაკლი ზედგინიძის ხელმძღვანელობით  კათედრა დინამიურად ვითარდებოდა. შეიქმნა სასწავლო ლაბორატორიები, მომზადდა სახელმძღვანელოები. ამ პერიოდში კათედრა უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული ქვედანაყოფი გახდა.

კათედრის განვითარებაში მნიშნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი პროფესორებს: ირინა ჩხეიძეს, ლიანა ხარატიშვილს, ლევან ნარჩემაშვილს, ნოდარ ჟღენტს, კარლო მგალობლიშვილს, გურამ მურჯიკნელს, ომარ ტომარაძეს, რევაზ ჟვანიას, ვლადიმერ ფადიურაშვილს.

კათედრის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში და სახელმწიფო სტრუქტურებში.

კათედრის თანამშრომლებს შორის არიან გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსები, გამოქვეყნებულია 30-მდე მონოგრაფია, 600-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მიღებულია 100-ზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე;

დეპარტამენტის თანამშრომლებს სამეცნიერო სამუშაოებისათვის მინიჭებული აქვთ სახელმწიფო პრემია, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

კათედრის კურსდამთავრებულების წრამატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კათედრაზე, წლების მანძილზე, მუშაობდნენ პროფესორები სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვლადიმერ დოლიძე, ტ.მ.კ. ნათელა ვეკუა, ტ.მ.კ. ლევან ნარჩემაშვილი, ტ.მ.კ. თეიმურაზ ტაბიძე.

კათედრაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ტ.მ.კ. დორა ცადიკი და ლევ მალკინი, რომლებიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობენ და იქ აგრძელებენ მოღვაწეობას, დოქტორი ელენე სიტნიკოვა კი სიდნეის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.

კათედრის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და წარმოებებში, როგორიცაა BP, სოკარ-ჯორჯია, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის  ეროვნული სააგენტო, ბარამბო, თოლია, საქართველოს რკინიგზა, თბილისის მეტროპოლიტენი, ბათუმისა და ფოთის პორტები, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების ორგანიზაციებში, კომერციულ ბანკებში.

2011 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობს პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილი.

2011 წლიდან დეპარტამენტს დაერქვა „მიკროპროცესორული და საზომის სისტემების დეპარტამენტი. ამ პერიოდიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზომვების ავტომატიზაციის ამოცანებს, ავტომატიზაციაში, მართვის სისტემებსა და ხარისხის კონტროლში გამოყენებული თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების შესწავლას და ანალიზს. ამაზე მეტყველებს დეპარატმენტის პროფესორ-თანამშრომლებისა და სტუდენტების მიღწევები ბოლო ათწლეულში.

ამჟამად დეპარტამენტში ფუნციონირებს ორი სამეცნერო ცენტრი: სამეცნერო კვლევითი და სადიაგნოსტიკო ცენტრი „ექსპერტი“ და  სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიური უზრუნველყოფის სასწავლო_სამეცნიერო ცენტრი “სტანდარტი“.

აღნიშნული ცენტრებისა და მიკროპროცესორული დასაზომი სისტემების დეპარტამენტის მასშტაბით 2011-2022 წლის მანძილზე განხორციელებულია მრავალი სახის  პროექტები, მათგან აღსანიშნავია ქვემოთ მოცემული პროექტები :

  1. ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა
  2. სამესანგრეო დანიშნულების დისტანციურად მართვადი მობილური რობოტი
  3. მიკროპროცესორული  PH მზომი  საკომუტაციო USB არხით
  4. პროგრამირებადი ხმამაღლა მოლაპარაკეთა სისტემაკომპიუტერული მართვით
  5. გამაცივებელი მოწყობილობა
  6.  უსადენო ავტონომიური შემადუღებელი აპარატი
  7. ლუმინესცენციური და ლედ ნათურების მოდიფიცირებული მართვის სქემა ((დანერგილია სტუს მე-6 კორპუსის განათების სისტემაში) .
  8. სინთეთიკური საწვავის (ნახშირწყალბადის) მიღების ალტერნატიული ტექნოლოგია
  9. წყლის აქტივაციის ახალი ტექნოლოგიისთვის საჭირო მოწყობილობანი  (საინჟინრო აკადემიასთან დადებული მრავალწლიანი პროექტი)
  10. საგანმანათლებლო პროგრამისათვის განკუთვნილი ვირტუალური  ლაბორატორიული სამუშაოების კომპლექსი საზომ ტექნოლოგიებში
  11. მულტიმედიური  პროექტი  სიმფონია - გამოფენა  „ხმა“
  12. საზომ-მმართველი და ანალიზური მიკროპროცესორული  ხელსაწყოების პროგრამულ-აპარატურული უზრუნველყოფის დამუშავება
  13. სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის მიკროპროცესორული მოდულის პროგრამულ-აპარატურული უზრუნველყოფისა  და ლაბ. მაკეტების შექმნა (დანერგილია სტუ-ს მასშტაბით)

დეპარტამენტი დაარსებიდან დღემდე თანამშრომლობს და აქვს ურთიერთგაცვლითი პროგრამები  ამ დარგში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.

ამჟამად მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტში  მუშაობს 5 პროფესორი, 8 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი და 2 უფრ. მასწავლებელი.

ბოლო 10 წლის მანძილზე გამოშვებულია 18 მაგისტრანტი და 16 დოქტორანტი

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ზაალ აზმაიფარაშვილი

მისამართი : ოთახი 218დ   , VI სასწავლო კორპუსი

ტელეფონი: 2 77 11 11 (   )

ელ ფოსტა:  z.azmaiparashvili@gtu.ge