სტუ
05/11/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. 

კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპექტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ.

გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციული შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. 

Cover gtu.png (20).jpg

„სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, - აცხადებს ნატო ქათამაძე. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. 

„ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.