სტუ
11/06/2024

11 ივნისს, სტუ-ის სამშენებლო სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო დარგში, გინა გურეშიძის ინიციატივით, "ერაზმუს +"-ის პროგრამით პოლონეთიდან ახლახან დაბრუნებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას, "ერაზმუს +" ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიკა ზვიადაძე და ფაკულტეტის სხვადასხვა კურსისა და სპეციალობების სტუდენტები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა რუსუდან ოდიშელიძემ და თამაზ ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას, პოლონეთის, ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, “ერაზმუს +”-ის პროგრამით ერთსემესტრიანი სწავლების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ დეტალურად დაახასიათეს უნივერსიტეტის სტრუქტურა და საგნები, რასაც პოლონეთში გაეცნენ. ამასთანავე,  თანატოლებს ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრების, ახალგაზრდების სასწავლო, სამეცნიერო თუ შემეცნებითი საკითხების შესახებ.  ქართველმა სტუდენტებმა, როგორც თავად აღნიშნეს, პოლონეთში, ექვსი შერჩევითი საგანი გაიარეს, რაც მთლიანობაში 30 კრედიტს გაუტოლდა.


სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე, სტუდენტებმა თანატოლებს თითოეული საგნის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და მის პრაქტიკაში გამოყენებაზე ისაუბრეს.

საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მათ პოლონეთში სწავლის დროს ენერგოეფექტური სახლის პროექტი შექმნეს, რომელიც პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. გარდა სასწავლო პროცესებისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები, მათი სტუდენტური ცხოვრებიდან: ახალი წლის შეხვედრა, კონკურსები სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული სამზარეულო კერძების, გასვლითი ექსკურსიები და ა. შ. რამაც შეხვედრა გაახალისა.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. რუსუდან ოდიშელიძემ და თამაზ ხუციშვილმა სტუდენტების ყველა შეკითხვას უპასუხეს და დაჰპირდნენ, რომ მსურველებს ყველა საკონსულტაციო საკითხში აქტიურად დაეხმარებიან.


დასასრულს, მარიკა ზვიადაძემ მოუწოდა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად ჩაებნენ  „ერაზმუს+“  პროგრამაში, ეს არის უდიდესი საშუალება, რასაც ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს,  უკეთ გაეცნონ ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას, გაუზიარონ ჩვენი პრაქტიკა და ჩამოიტანონ იქ არსებული სიახლეები.

ცნობისათვის: „ერაზმუს +“ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. მის მიზანს სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2021 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის ბევრმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში.