სტუ
31/05/2024

29 მაისს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს  პოლონეთის,  ქ. ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, გზებისა და ხიდების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ბარტოს პიატეკი ესტუმრა.

მისი კვლევის სფერო და ძირითადი კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია კომპოზიტური მასალების გამოყენებაზე ხიდების ინჟინერიაში.  

იგი კვლევით პროექტებში ხიდების გამაგრების გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობს, დაინტერესებულია მშენებლობაში კომპოზიტების გამოყენებით. დაკავებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დიაგნოსტიკით, საექსპერტო დასკვნებით, გამაგრებითი და ხიდების გამოცდის პროექტებით, ასევე, რიცხვითი ანალიზით.


გარდა ამისა, ბარტოს პიატეკი დიზაინერებისთვის, დიზაინის სფეროში ევროკოდი 2-ის მიხედვით   ტრენინგებს ატარებს. მის მიერ  წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კვლევითი პროექტის არსი მოვისმინეთ, რომელიც ითვალისწინებს არატრადიციული ბეტონისგან ხიდის კონსტრუქციების მშენებლობასა და მოდერნიზაციას, აღჭურვილს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სენსორებით, ხიდების მონიტორინგისა და დატვირთვის კონტროლისათვის. ხიდის სისტემა დამზადებულია პოლიმერული კომპოზიტებისაგან. ამასთანავე, მან გაგვაცნო თუ როგორ ხდება პოლონეთის  ქ. ჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ხიდების ექსპერტიზა და რიცხვითი ანალიზი, ინსპექტირება და ახალაშენებული ხიდების საველე გამოცდები.


       

 სტუმარმა დაათვალიერა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, რის შემდეგადაც ქართველ კოლეგებს  სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება გაუზიარა.   პოლონელმა პროფესორმა დიდი სურვილი გამოთქვა მომავალში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს.