სტუ

ცნობილია, რომ სოციოლოგია ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგია. სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით იგი საზოგადოებას, მის მთლიანობასა და ერთიანობაში შეისწავლის, რის გამოც სოციოლოგის პროფესია მრავალგანზომილებიანია. ეს არის პროფესია, რომელიც საზოგადოებაში არსებული მწვავე და აქტუალური პრობლემების კვლევასა და მათი მოგვარების თაობაზე რეკომენდაციების შემოთავაზებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მსოფლიოში სოციოლოგების მიმართ დიდი მოთხოვნაა. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია იმ ორგანიზაციებისა და მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც დაკავებულნი არიან ინოვაციური ტექნოლოგიების შემოღებითა და დანერგვით, შრომის ბაზრისა და თანემდროვე ეკონომიკურ-ორგანიზაციული კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სისტემების სფეროში რეფორმებით, პოზიტიური საზოგადოებრივი იმიჯის შექმნასთან და რეკლამასთან დაკავშირებული საკითხებით და ა.შ.

თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო ასევე კარგად აცნობიერებს საზოგადოებრივი პროგრესის საქმეში ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მეცნიერებების როლსა და მნიშვნელობას ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების და მისი განვითარების კანონზომიერებათა შესწავლისა და გათვალისწინების მეშვეობით. ფსიქოლოგია და განსაკუთრებით მისი ისეთი მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება, როგორიცაა გამოყენებითი ფსიქოლოგია, მოწოდებულია დაეხმაროს ადამიანებს, უკეთესად და წარმატებით შეასრულონ ის ამოცანები, რაც დასახულია ამა თუ იმ საწარმოს, ფირმის, კორპორაციისა თუ სხვადასხვა დაწესებულებათა წინაშე. ფსიქოლოგი, ითვალისწინებს რა იმ დარგის სპეციფიკას, რომელსაც  ემსახურება, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს მუშაობის პროცესის ოპტიმიზაციისა და უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სტუ-ის ხელმძღვანელობამ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017 წელს ჩამოაყალიბა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ამჟამად, სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის დეპარტამენტი), რომლის პროფესორები უკითხავენ ლექციებს სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს.

დეპარტამენტში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობენ მეცნიერები, რომელთაც აქვთ კვლევითი საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება მათ შორის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიაში, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. სხვადასხვა დროს მათ შესრულებული აქვთ კვლევითი პროექტები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის, ფილოსოფიის ინსტიტუტის ფონდის, რუსთაველის ფონდის გრანტებით. დეპარტამენტის პროფესორები მონაწილეობას ღებულობენ სამეცნიერო ფორუმებში - საქართველოსა და უცხოეთში, მათ შორის: დანიაში, უნგრეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, იტალიაში გამართულ კვლევით პროგრამებში. 

ჩვენი პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები სარედაქციო საქმიანობაშიც. წლების მანძილზე მათ უმუშავიათ ისეთ ცნობილ გამოცემებზე, როგორებიცაა ფილოსოფიის სერია „მაცნე“, ინგლისურენოვანი ჟურნალი „კულტურა და ფილოსოფია“, საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ფილოსოფიური ძიებანი“, სამეცნიერო ჟურნალები „რელიგია“,  „პოლიტიკა“, „საისტორიო ვერტიკალები“, ,,სახელმწიფო და კონტროლი“, ,,Socioპოლიტოლოგოსი”და სხვ.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი კოკა კუტუბიძე 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ის არის პროფესორთა ლიგის დამფუძნებელი, საქართველოში ფილოსოფიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური მეცნიერებების“ ხელმძღვანელი, სილაბუსების ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და სტუ-ის ოქროს მედლით. ამჟამად ბატონ კოკა კუტუბიძეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლული მდივნის პოზიცია უკავია.

დეპარტამენტში წარმატებით მუშაობს სოციალური მეცნიერებებისა  და ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამები. დოქტორანტების მომზადებაში ადგილობრივ კადრებთან ერთად ჩართულნი არიან საქართველოში ცნობილი მეცნიერები − დარგის წამყვანი სპეციალისტები. ოთხ ათეულ წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე პროფესორებთან ერთად მხარდამხარ მუშაობენ ახალგაზრდა, გამორჩეული პოსტ-დოქტორანტები და დოქტორანტები.

დეპარტამენტი ორიენტირებულია განვითარებაზე. მომზადებულია და უახლოეს პერიოდში სააკრედიტაციო სამსახურს წარედგინება სოციოლოგიისა და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამები. გრძელდება მუშაობა ანალოგიური დისციპლინების საბაკალავრო პროგრამების შესაქმნელად.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დეპარტამენტში შექმნილია სოციალური კვლევების ლაბორატორია, რომელიც შეასრულებს ემპირიულ სოციოლოგიურ გამოკვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხისა და დონის ასამაღლებლად, სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის. ლაბორატორია ხელშეკრულებით ითანამშრომლებს საქართველოსა და უცხოეთის ანალოგიურ სამეცნიერო დაწესებულებებთან, კერძოდ: „პოსტინდუსტრიული (ახალი) საზოგადოების კვლევის ცენტრი“ (თბილისი), „ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი“ (თბილისი, თსუ), „ტოკიოს უნივერსიტეტი“ (იაპონია), „საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება“ და სხვა.

ამჟამად, სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის დეპარტამენტში აკადემიურ პოზიციებს იკავებენ: პროფესორი იაშა (კოკა) კუტუბიძე (დეპარტამენტის ხელმძღვანელი), პროფესორი კარლო კოპალიანი, ასოცირებული პროფესორი მაია გელაშვილი (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), ასოცირებული პროფესორები: არსენ ბურჯალიანი, შოთა ვადაჭკორია, მურად შონია, ლია მეტრეველი, ნატო მახათაძე, ირმა ხურცია-ანდრიაძე, თეონა შარიქაძე, ასისტენტები: თეა მურვანიძე და თათია ასლანიშვილი.