სტუ

2010 წელს სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ყალიბდება ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, დეპარტამენტი აერთიანებდა უცხო ენების მიმართულებას და ახლად ჩამოყალიბებულ ევროპისმცოდნეობის მიმართულებას. პროფესორ-მასწავლებლების და მოწვეული პედაგოგების რაოდენობით ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ყველაზე მრავალრიცხოვანი სტრუქტურული ერთეული გახლდათ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ზურაბ გამეზარდაშვილი.

2011 წელს აკრედიტაცია გაირა ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამამ (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი მურმან პაპაშვილი. უკვე 2012 წლის სექტემბერში სამოცამდე აბიტურიენტი ჩაირიცხა აღნიშნულ სპეციალობაზე.  უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად  ეს გახლდათ ევროპისმცოდნეობის პირველი საბაკალავრო სასწავლო პროგრამა რომელის ამოქმედდა საქართველოში.

2011 წლიდან  სტუ-ში, პროფესორ ზურაბ გამეზარდაშვილის ინიციატივით დაფუძნდა ევროინტეგრაციული  პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.  ცენტრის მიზანი გახლდათ ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განხორციელება და პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის საჭირო მეთოდური დახმარების აღმოჩენა.

ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი აღნიშნული ფორმით ფუნქციონირებდა 2017 წლამდე. 2017 წელს განხორციელებული რეფორმის შემდგომ ყალიბდება ევროპეისტიკის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ გამეზარდაშვილი), ასევე ევროინტეგრაციული პროცესების  შესწავლისა და მოდელირების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია (ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე). აღნიშნული ინსტიტუტიც და ლაბორატორიაც ქმედით დახმარებას უწევდა ევროპისმცოდნეობის სტუდენტებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკულ უნარების გამყარებაში;   ინსტიტუტიც და ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა 2021 სექტემბრამდე, ვიდრე რეორგანიზაციის შედეგად არ მოხდა ევროპისმცოდნეობის მიმართულების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების გაერთიანება ახალ - ,,პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ დეპარტამენტად (ხელმძღვანელი პროფესორი თამარ კიკნაძე).

2010 -2021 წლებში ევროპისმცოდნეობის მიმართულებაზე განხორციელდა მრავალი სამეცნიერო-პრაქტიკული აქტიობა რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა ევროპისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტთა, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, საქართველოში ევროპისმცოდნეობისა და ევროინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაცია,  სასწავლო-სამეცნიერო კუთხით ევროპისმცოდნეთათვის შესაბამისი გარემოც შექმნა, ევროპის შესწავლის სტიმულირება, ასევე თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებში ევროპისმცოდნეობის სპეციალობის შესახებ, ცნობადობის გაზრდა.

განვლილი ათწლეულის მანძილზე, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის,   ევროინტეგრტაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ევროპეისტიკის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და ევროინტეგრაციული პროცესების  შესწავლისა და მოდელირების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის მიერ განხორციელდა შემდეგი სახის თემატური აქტიობები:

  1. სამეცნიერო ფორუმები და გამოცემები - 2010 წლიდან, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი და ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ევროპისმცოდნეობის კვლევების ხელშეწყობისათვის, სისტემტურად ატარებდა (ეს ტრადიცია ამჟამად გრძელდება), საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებს ,,საქართველო და ევროპა“. შერჩეული და რეცენზირებული მოხსენებები  ქვეყნდება კრებულში ,,ევროპული კვლევები“. გარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებისა ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ურთიერთობა დაამყარა სტამბოლის ქართული სავანის სამეურვეო საბჭოსთან და ერთობლივად 2015 და 2019 წლებში სტამბოლში ქართულ სავანეში ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც თურქეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-ის პროფესორები: ნუგზარ ბარდაველიძე, ნინო გომართელი, ქეთევან ჩახნაშვილი და მაია ყიფიანი. 2021 წლის დეკემბერში სტამბოლის ქართულ სავანეში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა პროფესორი ემზარ ფაჟავა;
  2.  2015-2021 წლებში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით  დეპარტამენტის პროფესორების (ზ. გამეზარდაშვილი, მ. პაპაშვილი, ნ. ბარდაველიძე, ხ. ჩაფიჩაძე, ე. ფაჟავა)  მიერ განხორციელდა  შოთა რუსთაველის სამი და  ერაზმუსის გრანტით დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კვლევა;  აღნიშნული სამეცნიერო კვლევები გამოიცა 6 წიგნად;
  3. ევროპისმცოდნეობის სპეციალობის  მიმართულების პროფესორების მიერ სტუდენტებისათვის მომზადდა სათანადო სასწავლო კურსების სახელმძღვანელოები.
  4. ევროპისმცოდნეთა კლუბის დაფუძნება - 2013 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა ევროპისმცოდნეთა კლუბი (პრეზიდენტი − მეორე კურსის სტუდენტი ნინი გელაშვილი, თანაპრეზიდენტი − მეორე კურსის  სტუდენტი მარიამ ბაგაური,  კოორდინატორი  პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე), კლუბის ეგიდით ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდებს შორის ევროინტეგრაციის პოპულარიზაციაში ამ მიმართულებით. ქ. რუსთავის საჯაროს სკოლებში მოეწყო შეხვედრები უფროსკლასელ მოსწავლეებთან, თბილისის 123-ე საჯარო სკოლასთან გაფორმდა თანაშრომლობის მემორანდუმი, ჩატარდა საქართველო-ევროპის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (მოსწავლეთა კონფერენციები, საინფორმაციო შეხვედრები, 123-ე სკოლის მოსწავლეებთან სისტემატურად ტარდებოდა შეხვედრები ე.წ. ,,ღია კარის დღეები“ სტუ-ში);
  5. თემატური ღონისძიებები - ევროპისმცოდნეთა კლუბის ორგანიზებით შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან: დიპლომატებთან, მეცნიერებთან, მწერლებთან, ჟურნალისტებთან; ასევე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის  სტუდენტებთან ერთობლოვად ჩატარდა ინტელექტუალური თამაშების სერია, მოეწყო არა-ერთი თემატური ლაშქრობა ,,გაიცანი მშობლიური მხარე“;  
  6. ევროპის დღის აღნიშვნა - 2013 წლიდან ევროპისმცოდნეთა კლუბის წევრები ევროპის კვირეულის ფარგლებში მონაწილეობდნენ ევროპის დღისადმი მიძღვნილ საჯარო ღონისძიებებში. კლუბის წევრები გორისა და ახალციხის უნივერსიტეტებში  ადგილობრივ ადმინისტრაციასთან და სტუდენტურ საბჭოებთან თანამშრომლობით და ადგილობრივი სტუდენტების მონაწილეობით  აწყობდნენ ევროპის დღესადმი მიძღვნილ ,,მრგვალ მაგიდებს“;  ასევე კლუბის წევრებმა ტრადიციად დაამკვიდრეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, არასტუდენტი ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყოთ ჰუმანიტარული აქტივობა − ,,ბუნების დაცვის დღე“, ამ აქტივობის ფარგლებში თბილისის და მცხეთის მიმდებარე ტერიტორიების ტყიანი მასივების დასუფთავება;
  7. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები - 2012 წლიდან ევროპისმცოდენობის დეპარტამენტი ორგანიზებას უწევდა ევროპისმცოდნეობის საკითხებისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას;  2015 წლიდან სტუდენტური კონფერენციები ცალკე აღარ ტარდება და ევროპისმცოდნეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ცალკეულ სექციად გარდაიქმნა;
  8. ევროპისმცოდენეობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სხვა აქტივობები - 2015-2018 წლებში ევროპისმცოდნეობის სტუდენტებს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ტელევიზიის ,,ახალი საქართველოს“ გადაცემათა ბადეში გამოეყოთ დრო და საშუალება მიეცათ ყოველკვირეულად მიეღოთ მონაწილეობა  გადაცემებში − ,,ძალაუფლება ხალხს“ და ,,გულახდილი საუბრები“. აღნიშნულ გადაცებში სისტემატურმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო ევროპისმცოდნეობის სტუდენტების პროფესიულ ჩამოყალებებას და კარიერულ ზრდას.

ევროპისმცოდნეობის სპეციალობის პირველი გამოშვების მაგისტრანტმა ირაკლი ჯავახიშვილმა 2015 წლიდან სწავლა განაგრძო რომის თომა აქვინელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სპეციალობის დოქტურანტურაში და   დოქტორის ხარისხის დაცვის შემდგომ დაუბრუნდა საქართველოს.  2020 წელს ირაკლი ჯავახიშვილმა და ევროპისმცოდნეობის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა მარიამ ბაგაურმა ერთობლივად მოამზადეს და გამოსცეს  წიგნი ,,ეკლესიის სოციალური მოძღვრების სახელმძღვანელო“. დღეს აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს  დამხმარე სახელმძღვანელოს საგანში ,,რელიგია და პოლიტიკური პროცესები ევროპაში“. ევროპისმცოდნეობის სპეციალობის კურსდამთავრებულთა ერთმა ჯგუფმა (მუხრან შუბითიძე, გიორგი შენგელია, ელენე ბაგაშვილი, ქეთი მაღლაკელიძე) 2020 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია“. ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საკმაოდ ნაყოფიერ საქმიანობას ეწევა ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის სფეროში.