1992 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული სპეციალობების შემოღების მიზნით შეიქმნა ინგლისური ენის სპეციალური სწავლების კათედრა. კათედრის ხელმძღვანელად მოწვეული იქნა პროფ. ნუგზარ სიხარულიძე. შექმნის პირველი დღიდანვე კათედრაზე დაიწყო არა მხოლოდ ინგლისური ენის ინტენსიური სწავლება, არამედ შეიქმნა ჰუმანიტარულ-ტექნიკური სწავლებისა და სპეციალისტების მომზადებისათვის საჭირო ისეთი სპეციალობები როგორებიცაა მთარგმნელი რეფერენტი, სახელმწიფო მოხელე, ქალაქის მენეჯერი და ტურიზმი. შემდგომში, გარდა მთარგმნელი-რეფერენტისა დანარჩენი სპეციალობები ცალკე კათედრების სახით გამოიყო, ხოლო ყველა უცხოური ენა გაერთიანდა ჯერ ერთ კათედრად ხოლო შემდეგ დეპარტამენტად პროფ. ნ. სიხარულიძის ხელმძღვანელობით, სამივე დონის, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა სახით.
პარალელურად 1994 წელს სტუ-ს ბაზაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი მრავალწლიანი საგრანტო პროექტი, პირველად საქართველოში, სახელმწიფო მოხელეთა მომზადების ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის სახით (IPA) შემდგომში (GIPA). ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ს სახელმწიფო მოხელეთა ეროვნული აკადემია (NAPA) ხოლო ქართულს - ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები პროფ. ნ. სიხარულიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამავე დროს ამ ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. იმის გამო, რომ ასეთი სახის სპეციალისტების მომზადება საქართველოში ახალი წამოწყება იყო, მთელი პროფესურა დაკომპლექტდა ამერიკელი პედაგოგებით და სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. ინსტიტუტმა მრავალი პროექტი განახორციელა. მათ შორის ტექნიკური ხასიათისაც. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, ხოლო სხდომათა დარბაზი - ხმის მიცემის ელექტრონული ქსელით.
დღეს დეპარტამენტი ატარებს საუნივერსიტეტო პროფილს. უცხოური ენების B1 და B2 დონეების სწავლების გარდა, ახორციელებს უცხოური ენების სწავლებას (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობების მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული მიმართულებებით. გარდა ამისა, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც სპეციალისტებისგან უცხოური ენის ცოდნის გარდა მოითხოვს მის გამოყენებას აქტიური ზეპირი და წერითი კომუნიკაციისათვის არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დეპარტამენტმა მოამზადა და ახორციელებს საქმიანი კომუნიკაციის საფუძვლების სწავლებას როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული შემადგენლობით. პარალელურად დამუშავდა და ხორციელდება ტექნიკური თარგმნის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს მიიღონ ყველა სახის ინფორმაცია და გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში არა მხოლოდ პირად, არამედ თარგმნის საშუალებით, საყოველთაო მოხმარებისათვის. ასევე უცხოელ პარტნიორებს თუ საზოგადოებას გააცნონ როგორც პირადი, გუნდური თუ კორპორატიული სახის ინფორმაცია ქართულიდან უცხო ენაზე გადატანით, მაღალ კვალიფიციურ დონეზე.
ყველა არსებული სასწავლო კურსის განხორციელება ხდება მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რომლებიც დასაქმებულნი არიან დეპარტამენტში. გარდა სასწავლო პროცესისა, დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ჩაბმული იყვნენ მთარგმნელობით საქმიანობაში. უნივერსიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე ითარგმნა მრავალი წიგნი და სტატია როგორც უცხო ენიდან ქართულზე, ასევე ქართულიდან უცხო ენაზე.