საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წინამორბედი – ფილოსოფიის კათედრა დაარსდა წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში. ეს იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (უნივერსიტეტის იმდროინდელი დასახელება) ერთ-ერთი ყველაზე დიდი კათედრა, რომელიც მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების ჩათვლით დაახლოებით 110 პედაგოგს ითვლიდა. ამ წლებში კათედრის დისციპლინებში შედიოდა ისეთი საგნები, როგორებიცაა ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა, ლოგიკა, ფილოსოფიის ისტორია, ქართული ფილოსოფიის ისტორია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მომზადება და ა.შ. ამათგან რამდენიმე ზოგადსაუნივერსიტეტო საგანს წარმოადგენს.
გარდა ამისა, კათედრასთან ფუნქციონირებდა სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია, სადაც დაახლოებით 15 თანამშრომელი მუშაობდა.
1962 წლიდან 1993 წლამდე, კათედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი ვახტანგ გაგოიძე. ამ ღვალწმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის სახელთან არის დაკავშირებული ტექნიკური ინტელიგენციის მრავალი თაობის აღზრდა . ფართო იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, სოციოლოგია, მედიცინის ფილოსოფია და ეთიკა, ტექნიკის ფილოსოფია, მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა.შ. ამასთან ბატონი ვახტანგი გამოირჩეოდა დიდი ორგანიზაციული ნიჭით.
90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე კარდინალური გარდაქმნები ტექნიკური უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც აიხასა: შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების ფაკულტეტი, რომელსაც ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი ეწოდა და რომლის სათავეებთან იდგა უნივერსიტეტის იმდროინდელი ხელმძღვანელობა (რექტორი პროფესორი რამაზ ხუროძე) და ახლადშექმნილი ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ა. ცინცაძე და დეკანის მოადგილეები, პროფესორი თ. ჯაგოდნიშვილი და პროფესორი გ. იაშვილი. ამ ადამიანების თაოსნობით 1992 წლიდან ახალ ფაკულტეტზე გაიხსნა ბევრი ინოვაციური, სრულიად განსხვავებული სპეციალობა, ისეთები, როგორებიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR-პიარი) სახელმწიფო მართვის მოხელე, ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკა, თარჯიმან-რეფერენტი, კონფლიქტოლოგია და სხვ., რომელთა ანალოგებიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიპოვებოდა. ამ ფაკულტეტზე, რომელიც დაახლოებით 6000 სტუდენტს ითვლიდა, მოხვედრა და სწავლა ძალიან საამაყო და პრესტიჟული გახლდათ.
ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები უნივერსიტეტის ცხოვრებაზეც აისახა, 1993 წლიდან ცვლილება ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ცხოვრებაშიც. კათედრის ხელმძღვანელი ხდება პროფესორი ვანო ჭიაურელი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სრულიად ახალი სპეციალობის – საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) შემოტანა. ამ სპეციალობის შემოტანით კათედრა გახდა მაპროფილებელი.
1995 წლიდან საბაკალავრო, ხოლო 1999 წლიდან –აღნიშნული სპეციალობის სამაგისტრო პროგრამები ძალიან პოპულარული ხდება, რაც გამოიხატა სულ უფრო მზარდ მოთხოვნილებაში. ამ წლებში საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 100 სტუდენტით განისაზღვრებოდა. ასეთივე მოთხოვნა იყო სამაგისტრო პროგრამაზეც. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი წარმატებით არის დასაქმებული საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მაგალითად, ამ სპეციალობის კურსდამთავრებულები არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ BP-ის რეგიონალური ხელმძღვანელი, ნინო მელაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოს „პერიტუსის“ დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი, USAID-ის პროექტის „ჰარმონიის“ ხელმძღვანელი ბერდია ნაცვლიშვილი, „ არქის“ კომუნიკაციების დირექტორი თორნიკე გურული და მრავალი სხვა. გარდა ამისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის ორივე საფეხურისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი (7-8 პროფესორი) დღეს დასაქმებული არიან ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და თავისი ახალგაზრდული შემართებით ცოდნას უზიარებენ სტუდენტებს. ასე რომ, დეპარტამენტში ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი სინთეზია. აქ ცოდნის გადაცემის მემკვიდრეობითობის პრინციპი დაცულია. ამ წლებში კათედრის თანამშრომლების მიერ გამოიცა მრავალი სტატია, სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვა პუბლიკაციები. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები (სახელმძღვანელო), ფილოსოფიის შესავალი (სახელმძღვანელო), სოციოლოგია (სახელმძღვანელო), ლოგიკა (სახელმძღვანელო), ფსიქოლოგია (სახელმძღვანელო), მარკეტინგის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და სხვ. ახალი, მაპროფილებელი სპეციალობის შემოტანასთან ერთად შეიცვალა კათედრის სახელწოდებაც - მას ჯერ დაერქვა ფილოსოფიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ამრიგად, დეპარტამენტი შედგება ორი ძირითადი მიმართულებისაგან: ფილოსოფია (ზოგადსაუნივერსიტეტო) და საზოგადოებასთან ურთიერთობა (მაპროფილებელი სპეციალობა). ორივე მიმართულებით დეპარტამენტში კვალიფიციური, თავის საქმეში შეყვარებული პროფესიონალები არიან დასაქმებული. უახლოეს მომავალში ორივე მიმართულებით იგეგმება მუშაობის გააქტიურება: ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) ინგლისურენოვანი პროგრამის დასრულება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტაქტების დამყარება ორივე მიმართულებით.
კოვიდამდელ პერიოდში ერაზმუსის პროგრამით ჩვენი სპეციალობის სამი სტუდენტი იქნა მივლინებული ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, უახლოეს გეგმებში არის გათვალისწინებული საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, სახელმძღვანელოების, კრებულების გამოცემა, პიარ-ტექნოლოგიების ლაბორატორიის მუშაობის განახლება და ა.შ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის ცხოვრებაში − სამეცნიერო კონფერენციებში, სტუდენტური დღეების ეგიდით გამართულ სპორტულ და სხვა ღონისძიებებში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცხოვრებაში მოხდა ღირსშესანიშნავი მოვლენები: სამაგისტრო (შარშან) და საბაკალავრო (წელს) პროგრამებმა წარმატებით გაიარეს 7-წლიანი აკრედიტაცია.
და ბოლოს, დეპარტამენტის მუშაობაში ყოველთვის პრიორიტეტული იყო და იქნება სტუდენტებთან ურთიერთობა. ამ საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტები თავს გრძნობენ საქმიან და ამავე დროს მეგობრულ გარემოში.