საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერები, მკვლევრები აღნიშნავენ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს.
დასანანია, რომ აღნიშნულ თარიღს ვხვდებით მისი დამაარსებლის, აკად. ნანა ხაზარაძის გარდაცვალების შემდეგ. დღეს და სამომავლოდ უკვდავია დიდი მეცნიერის, არაჩვეულებრივი ქალბატონის ხსოვნა, რომლის სახელს უკავშირდება კათედრის და დეპარტამენტის შექმნისა და შემდგომ ხელმძღვანელობის დაუღალავი მოღვაწეობის წლები. როგორც ქალბატონი ნანა აღნიშნავდა „1981 წლიდან დღემდე დამოუკიდებელ საქართველოში მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული პროცესების მიუხედავად, საისტორიო მეცნიერება წარმატებით ვითარდება“, რომლის აქტიური მონაწილეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, შემდგომ კი არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი.
1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე დაფუძნდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა. საქართველოს საყოველთაოდ ცნობილ საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელში ჩაისახა ქართული კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი კერა.
პროფესორ ნანა ხაზარაძის ხელმძღვანელობით კათედრამ შემოიკრიბა 90-იანი წლების საქართველოს ისტორიის მიმართულების ცნობილი სპეციალისტები, პროფესორები: ოთარ აბუთიძე, ვილი ასათიანი, ნინო ახვლედიანი, თამაზ ბერაძე, კარლო თოფურია, თემურ ჩიგოშვილი, ნიკოლოზ ჩუბინიშვილი, გურამ ჩხაიძე, გიული ძიძიგური, დარეჯან მგელაძე, გივი ინანიშვილი, რომელთა ცოდნა-გამოცდილებით საფუძველი ჩაეყარა კათედრის პირველ შემადგენლობას, რომელმაც წლების მანძილზე პედაგოგიური შემოქმედებითი მოღვაწეობით, სიყვარულითა და რუდუნებით შეძლეს ღირსეულად მოეხადათ ვალი ერის შეცნობით დატვირთული, ახალგაზრდა კადრების აღზრდა-მომზადების საქმეში.
კათედრა ამზადებდა ორი სპეციალობის ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორებს - სიძველეთა ტექნიკურ ექსპერტებს (ხელოვნებათმცოდნეებს, მასალათმცოდნეებს) და კონფლიქტოლოგებს (კონფლიქტის მენეჯერებს, საერთაშორისო და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტებს) კათედრასთან ფუნქციონირებდა „ისტორიული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების საპრობლემო ლაბორატორია“. უნივერსიტეტის კედლებში მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაცია მიიღეს და დღეს საქართველოს მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმსა და რაიონულ ცენტრებში არსებულ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმებში მოღვაწეობენ კათედრაზე აღზრდილი მეცნიერ-თანამშრომლები - ნინო კალანდაძე, მამუკა ქაფიანიძე, ვახტანგ ცინცაძე, თეიმურაზ ფარჯანაძე, ინგა ქარაია, ლელა კაკაშვილი, ბიძინა ჩოლოყაშვილი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი „არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის“ დეპარტამენტის სასწავლო სქემა, უნივერსიტეტის სრულიად განსაკუთრებული საკვლევაძიებო ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული ტექნიკური ბაზის შესაძლებლობათა გათვალისწინებით, ქმნის ყველა პირობას ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო-ტექნიკურ მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებით შეიარაღებული კადრების აღზრდისათვის.
დეპარტამენტი ითვალისწინებს არქეოლოგიური მეცნიერების განსაკუთრებულ თანამშრომლობას სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებებთან, პროფესიული კადრების მომზადებისა და დასაქმების საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებს ერთობლივ სასწავლო-მეცნიერულ საქმიანობას ს. ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმთან, შ. ამირანაშვილის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან, ფ. თავაძის მეტალურგიის და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან, ა. აფაქიძის არქეოლოგიის ინსტიტუტთან.
2014 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მომზადდა „არქეოლოგიის“ სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები. აკადემიკოს ნანა ხაზარაძისა და პროგრამაში ჩართული ავტორების, პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მიერ შეიქმნა ქართული მეცნიერების ერთ-ერთი ეროვნული და პრიორიტეტული დარგის, არქეოლოგიის მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული და ინტერდისციპლინარული ცოდნის მქონე სპეციალისტების აღზრდის პრინციპით შედგენილი პროგრამა, რომელიც ხორციელდება არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის სპეციალისტების მონაწილეობით (პროფესორები: თამარ ხოხობაშვილი, მანანა აბუთიძე, ხათუნა თოდაძე, მაია ქუთათელაძე, გივი ინანიშვილი, ვაჟა სადრაძე, მერაბ ძნელაძე).
პროგრამა ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის გამოკვლევის კვალად მის დაცვას, კვლევის პროცესის მართვის ეთიკური პოლიტიკის ერთგულებას, აღმოჩენილი ძეგლის დაცვისა და კონდიციის შენარჩუნებას, რესტავრაცია-კონსერვაციის, მრავალპროფილიანი ანალიტიკურ ტექნოლოგიური მეთოდების ცოდნას, ლაბორატორიული ექსპერიმენტის შესრულების გამოცდილებას, სასწავლო-საკვლევი პროცესის მართვას, სტაციონალურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობას და ხელმძღვანელობას, საერთაშორისო არქეოლოგიური კომპლექსური პროგრამების განხორციელებას.
დეპარტამენტის ინიციატივით უნივერსიტეტში განსაზღვრულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დაფუძნება, რომელიც დიდი მეცნიერის, ნანა ხაზარაძის სახელს დაუკავშირდება. ახალგაზრდა მკვლევრების, მომავალი არქეოლოგების აღზრდას არსებითად ხელს შეუწყობს სამომავლო არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ საველე-პრაქტიკული სამუშაოებით, არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტები იქნება გამოფენილი.
ამ თვალსაზრისით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა „არქეოლოგია“ განიხილება აქამდე წარმატებით ფუნქციონირებადი პროგრამის „სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის“ მემკვიდრედ. არქეოლოგიური არტეფაქტის სამუზეუმო ექსპონატად წარმოდგენის პროცესი ქართული ეროვნული კულტურის მომავალი გაბრწყინების საწინდარია.