სტუ

„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” - ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის

29/06/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში, რომელიც უნივერსიტეტსა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, ოცი პედაგოგი მონაწილეობდა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი ტიპის ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით. პროფესორ თალიკო ჟვანიას  განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლება-სწავლის პროცესს, ზრდის გაკვეთილების ეფექტიანობას და პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდები დანერგონ.

„ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სხვადასხვა AI პლატფორმასთან, გაეცნენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასების სისტემების გაუმჯობესებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამარტივებასა და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული მიდგომების შემუშავებას უკავშირდება.

მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება AI ინსტრუმენტების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ეხმარება იგი პედაგოგებს დროის ოპტიმიზაციაში და როგორ ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების შექმნის გზით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხებზე, რაც თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა“.

 - პროფესორი თალიკო ჟვანია

ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის  ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”, ორი დღე მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სესიებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები - ლილი პეტრიაშვილი და მზია კიკნაძე უძღვებოდნენ.