სტუ

პირველი ისტორიული ვიზიტი ჩინეთში და ახალი ჰორიზონტები ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში!

22/06/2026

3-18 ივლისამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების  ფაკულტეტის 5 სტუდენტი ჩინეთის ქალაქ სიანში მიემგზავრება. ეს სტუდენტები ორმხრივი თანამშრომლობისა და მემორანდუმის ფარგლებში, წარმოადგენენ პირველ ნაკადს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ AI Summer Camp-ში!

ვიზიტი უნიკალური შანსია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა ტექნოლოგიური პროგრესის ეპიცენტრში მიიღონ უახლესი ცოდნა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები.

გაიცანით პროექტის მონაწილეები და მათი მოლოდინები:

„როგორც კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტს, ჩინეთში, ქალაქ სიანში გამართულ AI Summer Camp-ში მონაწილეობა მომცემს შესაძლებლობას გავიღრმავო ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მივიღო ახალი გამოცდილება და შევხვდე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და სპეციალისტებს. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ შევიძენ პრაქტიკულ ცოდნას თანამედროვე AI ტექნოლოგიების შესახებ, განვავითარებ საკუთარ თავსა და შევიძენ საერთაშორისო პროფესიულ კავშირებს.“ – კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი მარიამ ქარაული

„შესაძლებლობა მოგვეცა ტექნოლოგიური პროგრესის ავანგარდში მყოფ ქვეყანაში მივიღოთ საჭირო ცოდნა ჩვენი პროფესიის გასავითარებლად. ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურ სფეროში მეტი ინტენსიურობით იწყებს ინტეგრირებას, ხოლო საჭირო ცოდნით აღჭურვილი საზოგადოება ყოველთვის დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩინეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომლის გამოცდილების გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“ – სტუდენტი ნიკა კალმეხელიძე

„სიანის AI Summer Camp-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა, შევისწავლო ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე შემოქმედებით პროცესებში. მოუთმენლად ველი პრაქტიკულ სემინარებს, რომლებიც დამეხმარება AI ინსტრუმენტების დიზაინში ინტეგრირებასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების დამყარებაში, რაც ჩემს შემოქმედებით ხედვას ახალ საფეხურზე აიყვანს.“ – სტუდენტი ხატია გაზაშვილი

„ჩინეთის ქალაქ სიანში გამართული AI Summer Camp ჩემთვის იქნება განუმეორებელი გამოცდილება როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული წინსვლისთვის. მზად ვარ, რომ შრომა არ დავზოგო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სრულად ავითვისო ყველაფერი, რასაც სიანში მოღვაწე სპეციალისტები და მოწინავე პროფესიონალები გვასწავლიან ამ პროგრამის განმავლობაში. მოუთმენლად ველი სხვა საერთაშორისო სტუდენტების გაცნობას ისეთ ისტორიით სავსე ქალაქში, როგორიც სიანია, და მათთან ერთად თანამედროვე AI ტექნოლოგიების სიღრმისეულად შესწავლას.“ – სტუდენტი ირაკლი კაციტაძე

„ჩინეთში, ქალაქ სიანში დაგეგმილ AI Summer Camp-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის. პროგრამა მომცემს შანსს, გავიღრმავო ცოდნა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებებში, პრაქტიკაში გამოვიყენო მიღებული თეორიული ცოდნა და გავეცნო ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს. ასევე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან და დარგის ექსპერტებთან გამოცდილების გაზიარება, ახალი იდეების გაცვლა და საერთაშორისო პროფესიული ქსელის შექმნა, რაც მომავალ კარიერულ განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს.“ – სტუდენტი გიორგი კაკუბავა

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს ამ საოცარ, შემეცნებით და პროფესიულად გარდამტეხ მოგზაურობაში! გვჯერა, რომ მიღებული ინოვაციური გამოცდილება დიდ როლს შეასრულებს მათ მომავალ კარიერაში.