სტუ

სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

27/04/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის N86-ე და N52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

Untitled design (1).png

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უფრო ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.

„ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად ერთვებიან პრაქტიკულ პროექტებში, მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე, ეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და იძენენ იმ კრიტიკულ და პროფესიულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი, ჩართულობა და მოტივაცია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალი თაობა უკვე გააზრებულად ეკიდება პროფესიის არჩევას და მზად არის, საკუთარ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ უნივერსიტეტის გარემო, გაეცნონ სასწავლო პროცესს და უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება შევთავაზოთ და დავეხმაროთ მათი ინტერესების აღმოჩენაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს კარინა გიორგაძეს, თბილისის N60-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს და შორენა ხორავას, თბილისის N52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომავალ თაობას და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“. - პროფესორი თალიკო ჟვანია

ცნობისთვის, 73 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ახალი კათედრა - „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” გაიხსნა და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.