სტუ

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

02/04/2026

სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების – „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ – წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მათ სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, რექტორის მრჩეველმა ასოცირებულმა პროფესორმა რატი გურგენიძემ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თალიკო ჟვანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეჯამდა მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა, ასევე შედეგები და მისი განხორციელების სამომავლო გეგმები. პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“, ფარგლებში ხორციელდება.

თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“, 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 100-მდე სპეციალობაში – მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.

პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა. 2018-2025 წლების მონაცემებით პროგრამას 15000 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამის დასაქმების მაჩვენებელი კი, საშუალოდ 75%-ს აღემატება. აღნიშნულ პროგრამაზე 2026 წლიდან ახალი სპეციალობები დაემატა, რომელიც 17-ზე მეტ კომპანიას და 138 სპეციალობას აერთიანებს.