სტუ
17/08/2026

სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს ვისთანაც მას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.

ლამარა ბერიშვილის მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან მოღვაწეობის თითქმის ექვსი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების და სტუდენტთა არა ერთი თაობის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლამარა ბერიშვილის სამეცნიერო და პრაქტიკული   საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით.

ასოცირებული პროფესორი ლამარა ბერიშვილის ავტორობით 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ანალიზური ქიმიის  7 სახელმძღვანელო და მეთოდური მითითებანია შექმნილი, სახელმძღვანელოები, რომელებიც გამოირჩევა პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობით და დღესაც სამაგიდო წიგნია მრავალთათვის.

ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და ჯილდო.

ლამარა ბერიშვილის სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე