მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. მის ბაზაზე ვითარდება მშენებლობა, ენერგეტიკა, თავდაცვისუნარიანობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მრეწველობის სხვა დარგები.
ქიმიური და მეტალურგიული წარმოება წარმატებით ფუნქციონირებს და ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. მათი შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც აღნიშნული პროფილის საწარმოებს კადრებით უზრუნველყოფს.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი შეიქმნა ორი ფაკულტეტის -ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გაერთიანებით. გაერთიანებამდე ფაკულტეტმა რეორგანიზაციისა და განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო და ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდა. ფაკულტეტი არსებობის წარმატებულ 100 წელიწადს ითვლის.
საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. ჩვენს წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით გამოყენებითი ქიმიისა და მეტალურგიის განვითარების საქმეში. ქართველური ტომები მეტალურგიის, მინის წარმოების, მეთუნეობის, ფარმაციის, კოსმეტოლოგიისა და ქიმიური წარმოების სხვა დარგების განვითარების ძალზე მაღალი დონით გამოირჩეოდნენ.
არქეოლოგიური მასალებისა და უძველესი წერილობითი წყაროების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, საქართველო მეტალურგიის წარმოშობისა და აღორძინების ერთ-ერთ ძირძველ ქვეყნად არის მიჩნეული. შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო რკინის, ფოლადისა და ზოგიერთი ფერადი ლითონის წარმოების სამშობლოა, ხოლო ქართველური ტომები - ხალიბები, მოსინიკები, მოსხები და თუბალები - კი არიან მათი პირველი მწარმოებლები მთელ მსოფლიოში.
მეტალურგია იყენებს ქიმიურ გარდაქმნებს, ამიტომაც გამოყენებითი ქიმია სათავეს იღებს ლითონების მოპოვებიდან. ,,ქიმია“ თავდაპირველი მნიშვნელობით ,,ლითონების გამოდნობის ხელოვნებად“ იყო მიჩნეული. ,,ქიმა“ ან ,,ქიუმა“ ძველბერძნულად ისედაც დნობას ნიშნავს.
ტერმინი „ქიმია“ ძველ ქართულ ხელნაწერებში ყველაზე ადრე X საუკუნეში მოიხსენიება. დიდი ქართველი განმანათლებლის, ექვთიმე ათონელის (955-1028), მიერ ბერძნულიდან თარგმნილ ნაშრომში ,,ცხოვრება წმიდისა ბაგრატისა’’ ჩართულია ქიმიის მთარგმნელისეული განმარტება, რომლის თანახმადაც, ,,ქიმია ლითონების გამოდნობის ხელოვნებაა’’. ეს განმარტება არა მარტო ქართულ, არამედ ბიზანტიურ თხზულებებშიც ქიმიის ერთ-ერთ პირველ განსაზღვრებას წარმოადგენს.
XI საუკუნეში, ასევე მთაწმინდაზე მოღვაწე ხუცეს-მონაზონმა გიორგი მცირემ, ქართულ ლიტერატურაში პირველმა შემოიტანა ტერმინ ,,ქიმიკოსის“ შესაბამისი ქართული ფორმა ,,ქიმიანნი“. თავის თხზულებაში ,,გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, ის ისევე, როგორც ექვთიმე, ქიმიას გამოდნობის ხელოვნებად მიიჩნევს და, შესაბამისად, ქიმიკოსების პროფესიად ,,ოქროს“, ე.ი. ლითონების გამოდნობის ხელოვნების ფლობას თვლის.
ქიმიის განმარტებას თავის ნაშრომებში გვაძლევენ ქართლის სწავლული მეფე ვახტანგ VI, დავით და იოანე ბაგრატიონები. ქიმიის საკმაოდ ხშირი მოხსენიება ქართულ ხელნაწერებში თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ცოდნის ეს დარგი უძველესი დროიდან იყო ცნობილი.
როგორც აღინიშნა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი შეიქმნა ორი ფაკულტეტის – ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის გაერთიანებით (2005წ.). ეს ორი ძირძველი ფაკულტეტი წლების მანძილზე სათავეში ედგა ქიმიური და მეტალურგიული დარგებისათვის კადრების მომზადებას. მათ რეორგანიზაციისა და განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლეს და ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბდნენ.
ფაკულტეტებს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ დეკანები, პროფესორები: ვ. კაკაბაძე, კ. ქუთათელაძე, კ. ივანოვი, კ. ჩაგუნავა, ა. კახაძე, ე. ჩხიკვაძე, ა. სარუხანაშვილი, თ. გაბადაძე, ნ. კუციავა, აკადემიკოსი გ. ცინცაძე, პროფესორები ა. გულისაშვილი, ალ.ხვიჩია, ლ. ოკლეი, ე. გიორგიძე, ჯ. ლომსაძე, გ. ლომთათიძე; მ. მინდელი, გ. ქაშაკაშვილი.
დღეს უნივერსიტეტის ეს სტრუქტურული ერთეული წარმატებით აგრძელებს წინამორბედი ფაკულტეტების მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას და მიზანმიმართულად ახორციელებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესს ახალგაზრდობის მსოფლმხედველობრივი, მორალური, მოქალაქეობრივი და პროფესიონალური ჩამოყალიბებისთვის.
ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე - „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე - „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.
უნივერსიტეტში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ფაკულტეტზე არსებული კათედრების ბაზაზე შეიქმნა ექვსი დეპარტამენტი:
ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი (უფროსი პროფ. ნ. კუციავა) ჩამოყალიბდა - სილიკატების ტექნოლოგიის, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის, პროცესებისა და აპარატების და ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის, ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, ბიონანოსამედიცინო კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგიის კათედრების ბაზაზე.
ქიმიის დეპარტამენტი (უფროსი პროფ. მ. ცინცაძე) ჩამოყალიბდა ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის, ორგანული ქიმიის და ფიზიკური ქიმიის კათედრების ბაზაზე.
პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის „გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის“ დეპარტამენტი (უფროსი პროფ. დ. ერისთავი) ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კათედრის ბაზაზე.
ფარმაციის დეპარტამენტი (უფროსი პროფ. თ. ცინცაძე) ჩამოყალიბდა ფარმაციის კათედრის ბაზაზე.
სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტი (უფროსი პროფ. როზა ხუციშვილი).
მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი (უფროსი ასოც. პროფ. ზ. საბაშვილი) ჩამოყალიბდა შავი ლითონების მეტალურგიის, ფერადი ლითონების მეტალურგიის, ლითონების წნევით დამუშავების, ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების, საშემდუღებლო წარმოების კათედრების ბაზაზე.
ფაკულტეტზე მოღვაწეობს 111 აკადემიური პერსონალი, მათ შორის 38 პროფესორი, 50 ასოცირებული პროფესორი, 21 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მძლავრი სამეცნიერო ცენტრია. ფაკულტეტზე მოღვაწე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკა ეფუძნება, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, ასევე გამოყენებითი მეცნიერების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებს. მიღწეულმა შედეგებმა პრაქტიკული ასახვა ჰპოვეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ.
ფასდაუდებელია ის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ფაკულტეტის ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დიდი შრომა, რომელიც გასწია პროფ. რ. ნიკოლაძემ 44 წლის მანძილზე კათედრის გამგის რანგში. იგი მრავალი სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ნაშრომის ავტორია. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქიმიური ცოდნის პროპაგანდის, ქიმიური კადრების აღზრდისა და ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში.
საყოველთაოდ მნიშვნელოვანია ქიმიური თერმოდინამიკის დარგში ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს ნ. ლანდიას ღვაწლი, რომელმაც შეიმუშავა სითბოტევადობის გამოთვლის ახალი მეთოდი (შემდგომში ლანდიას მეთოდით ცნობილი), რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მნიშვნელოვან თეორიულ ღირებულებას წარმოადგენს აკადემიის წევრ- კორესპონდენტის დ. ერისთავის დამუშავებული იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები. ფასდაუდებელია აგრეთვე მისი შრომა, რომელიც ეხება ქვეყნის მინერალური წყლების შემადგენლობის განსაზღვრას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მეცნიერული მემკვიდრეობა, რაც ღვაწლმოსილმა პროფ. ვ. კაკაბაძემ დაუტოვა ტექნიკურ ინტელიგენციას. დიდია მისი წვლილი მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქ რუსთავში ბმული აზოტის და მძიმე ინდუსტრიის მრავალი პროდუქციის შექმნასა და განვითარებაში. ეს მაღალი რანგის მეცნიერი მთელი თავისი შეგნებით ემსახურებოდა მის ხელში შექმნილ და დავაჟკაცებულ ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტს.
აკად. რაფიელ აგლაძის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიითა და მისი ხელმძღვანელობით ზესტაფონში შეიქმნა ევროპაში პირველი ელექტროლიზული ლითონური მანგანუმის წარმოება. ომის წლებში ასეთი ტიპის წარმოებას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში. მან თავის მოწაფეებთან ერთად რუსთავში დაარსა ორიგინალური ხერხით კალიუმის პერმანგანატის წარმოება. პრაქტიკულად განახორციელა მანგანუმის დიოქსიდის ელექტროლიზულად წარმოების ათვისება და ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ამ წარმოების ბაზაზე შემდგომში განხორციელდა მანგანუმის დიოქსიდის საექსპერტო პროდუქციის გამოშვება.
სილიკატური დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამ დარგის სამეცნიერო სკოლის მამამთავარს აკადემიის წევრ-კორესპონდენტს კ. ქუთათელაძეს. მისი და მისი მოწაფეების მიერ ორგანიზებული კვლევითი სამუშაოების ციკლი წარმატებით ემსახურება მყარი ამორფული და კრისტალური სილიკატებისა და ძნელადლღობადი მასალების ფიზიკური ქიმიის ფუნდამენტური საკითხების შესწავლა-შემეცნებას.
საყოველთაო აღიარება მოიპოვა პროფ. ბ. კანდელაკისა და მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ლიოფობური სისტემებისა და ხსნარების სტრუქტურების შესწავლის მიმართულებით, ასევე ახალი სახის ქაფწარმომქმნელების მიღების სფეროში.
პროფ. ნ. ბექაურის ხელმძღვანელობით ავტორთა ჯგუფის მიერ მიღებულ იქნა პრაქტიკაში აქტიურად გამოყენებადი მინერალური თეთრი ზეთები, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სპი) საპატივცემლოდ ეწოდა სპიოლ-1 და სპიოლ-2, ასევე ლუმინესცირებადი სითხეები „ნორიოლი და შუბიკორი“, რომლებმაც ფართო გამოყენება ჰპოვეს მრეწველობის სხვადასხვა დარგში.
ქართული მეტალურგიული განათლების სულისჩამდგმელი გახლდათ, ჭეშმარიტად ფართო თვალსაწიერის მეცნიერი, პროფ. გიორგი ნიკოლაძე. მისი ინიციატივით დაიწყო ინჟინერ-მეტალურგების მომზადება და შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ჩამოყალიბება.
პროფ. ნ. ქაშაკაშვილის უდიდესი დამსახურებაა საქართველოში მეტალურგიული ქარხნის დაარსება. მან მსოფლიოში პირველმა შეიმუშავა სრული მეტალურგიული ციკლის მილსაგლინავი ქარხნის ტექნოლოგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეტალურგიულ ქარხანასთან ერთად სხვა ქარხნების მშენებლობას.
აკადემიკოს ფერდიანანდ თავაძე მიეკუთვნება იმ სახელგანთქმულ მეცნიერთა რიცხვს, რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს საქართველოში მეცნიერების ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მან საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყანაში მეტალურგიის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების შექმნას, როგორიცაა ლითონმცოდნეობა, ლითონების ჩამოსხმა, მათი თერმული დამუშავება და სხვა. ის იყო თითქმის ყველა ახალი სამეცნიერო მიმართულების სულისჩამდგმელი მეტალურგიისა და ლითონმცოდნეობის დარგებში.
ფერდინანდ თავაძის ძალზე მრავალფეროვანი სამეცნიერო მიმართულებებს შორის იყო ერთ-ერთი საინტერესო საკითხიც - საქართველოს ისტორიულ ძეგლებზე და არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ ლითონის ნაკეთობებზე მეტალურგიული კვლევა.
ფასდაუდებელია პროფ. ალექსანდრე ხვიჩიას მეცნიერული შემოქმედება, რომელმაც მეტალურგიაში შეიმუშავა “მონოკაზმის” მეთოდით ლითონის მიღების ახალი ტექნოლოგია, რომლის თემატიკაზეც არაერთი საკანდიდატო დისერტაცია იქნა დაცული.
აღსანიშნავია პროფესორ ს. ყურაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული საკონსტრუქციო და სამილე მცირედლეგირებული ფოლადების მოდიფიცირებისა და მიკროლეგირების საკითხები.
მნიშვნელოვანი დანატოვარია პროფესორ ჯ. ბარბაქაძის და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები მაღალი სიმტკიცის თუჯის და მისგან მაღალმდგრადი ბოყვების ჩამოსხმის საკითხებში. კვლევების საფუძველზე მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები დაინერგა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების (მაგ. ჩეხოსლოვაკია) მეტალურგიულ ქარხნებში.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ქალბატონის, მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ეთერ გიორგიძის ღვაწლი, რომლის მშობლიურ ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოზე სპეციალისტთა მრავალი თაობა აღიზარდა. უზარმაზარია მისი დამსახურება მეტალურგიის და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტებზე სტუდენტების მომზადებასა და ჩამოყალიბებაში.
ნაყოფიერი იყო საინჟინრო-სამეცნიერო მიმართულების - ელექტროგლინვის პროცესების ერთ-ერთ ფუძემდებლის პროფესორ ალექსანდრე ნოზაძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა. მისი პრორექტორობის პერიოდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა მოწინავე პოზიციები მეცნიერებაში. შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრების, ლაბორატორიებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების ფართო წრე; დამყარდა საქმიანი კავშირები საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.
წარუშლელი კვალი დატოვა მეტალურგიის ფაკულტეტის ისტორიაში შესანიშნავმა პედაგოგმა და მეცნიერმა, პროფესორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა ფაკულტეტს. ფასდაუდებელია მისი წვლილი ლითონების განივი და ხრახნული გლინვის თეორიის და ტექნოლოგიის დამუშავებაში, ლითონის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევაში.
პროფესორების ალექსანდრე ნოზაძისა და ჯემალ ლომსაძის გვერდით მოღვაწეობდა ბევრი შესანიშნავი მეცნიერი, რომელთა შორის იყო პროფესორი და მაღალი კლასის ინჟინერი მერაბ მიქაუტაძე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავებული და რეალიზებულია მილადიდვის წარმოების ახალი აგრეგატების შექმნა და არსებულის რეკონსტრუქცია, მილსაგლინავი აგრეგატის ტექნოლოგიური ხაზის სრულყოფა.
მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესორმა ვასილ კოპალეიშვილმა. აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით გამოკვლეული და შექმნილი ორიგინალური სამილე ფოლადების გამა, რომელთა უმრავლესობა დანერგილი იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სამუშაო „ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ფოლადი - მზა პროდუქცია“ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
დიდი კვალი დატოვა პროფესორმა რაულ გვეტაძემ, რომლის კვლევითი საქმიანობა ახალი კლასის, უნიკალური თვისებების მქონე, მაღალი სიმტკიცის დეფორმირებადი თუჯების მიღების საფუძვლებში და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შექმნაში ფასდაუდებელია. მან ასევე, მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა ქართული ენათმეცნიერების სფეროში, კერძოდ კი სწავლობდა ასომთავრულ დამწერლობას.
საქართველოში შედუღების ტექნოლოგიების მეცნიერული კვლევის განვითარებაში ფასდაუდებელია პროფესორ სოზარ (ბაუ) იაკობაშვილის წვლილი. მისმა გამოგონებამ „ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია“ ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თაობის „ცს“ სერიის ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყაროები. კვების წყაროს ცს–200-ის ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში.
პროფ. ს. მაზმიშვილის ხელმძღვანელობით დამუშავდა მანგანუმის ღარიბი კარბონატული მადნების გამოწვა-გრავიტაციული გამდიდრების ახალი ორიგინალური ტექნოლოგია, რომელმაც უზრუნველყო მანგანუმის მაღალი შემცველობის კონცენტრატების მიღება.
ვრცელია იმ პროფესორ - მასწავლებელთა და მეცნიერთა სია, რომლებიც მოღვაწეობდნენ ფაკულტეტზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის განვითარებაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბოლო სამ ათეულ წელიწადში ფაკულტეტზე მოქმედი აკადემიური პერსონალის წარმატებები და მიღწევები.
ჭიათურის საბადოს რაციონალური გამოყენების, მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივების და ეკოლოგიური გაჯანსაღების მიზნით, პროფ. ნ. წერეთელის ხელმძღვანელობით შემუშავდა და წარმოებაში დაინერგა „სპეცკონცენტრატებისა“ და „სპეცპროდუქტების“ მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუმიანი ფეროშენადნობების გამოდნობის ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები, რომლებზეც მიღებულ იქნა 4 პატენტი და ოთხივე გაიყიდა.
აღსანიშნავია კვლევა „ფოლადგამოსაშვები ხვრელიდან ბუნებრივი აირისა და ჰაერის-ჟანგბადის შებერვით განხორციელებული დნობები“, რომლის საფუძველზეც გაცემულია სამი მეცნიერული აღმოჩენის დიპლომი, რომელიც მიიღო ავტორთა ჯგუფმა პროფ. გ. ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით. მისივე ხელმძღვანელობით გამოიცა აგრეთვე ხუთენოვანი ლექსიკონი და ექვსენოვანი მეტალურგიული ტერმინების ორტომეული.
პროფ. მ. ოქროსაშვილის ხელმძღვანელობით, პირველად შემუშავდა ელექტრონული სხივით ლითონის აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციისას ნანოკრისტალური აგებულების ფხვნილთა მიღების ტექნოლოგია, რომელზეც მიღებულია არაერთი პატენტი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი.
ლითონების ელექტროწინაღობით შედუღების ტექნოლოგიების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი პროფესორ არტურ სულამანიძეს, რომელმაც შექმნა კონტაქტური შედუღების „სულამანიძის ხერხი“ (პატენტი გამოგონებაზე ეპ 1999 1785B), რომელიც საშუალებას იძლევა სისქეთა ნებისმიერი ფარდობისა და ნებისმიერი მასალის დეტალთა კონტაქტური შედუღების საშუალებას ნებისმიერი გვარობის დენით.
2008 წელს მეტალურგიის დარგში „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდება მიენიჭა პროფესორ ს. მებონიას. 2012 წელს მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის “სამანქანო სისტემებში დარტყმითი მოვლენების პარამეტრების გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები და დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია” .
ღირსეულად აგრძელებენ სახელოვანი მამების გზას პროფესორები დ. ნოზაძე, ნ. ლოლაძე და ზ. ლომსაძე. მათი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიებს და მათ კვლევას. მნიშვნელოვანია ნ. ლოლაძის კვლევები ახალი შემადგენლობის მაღალეფექტური ალმასკომპოზიციური მასალების შექმნაშიც.
პროფ. ნ. ხიდაშელის თაოსნობით შემუშავებულია თუჯის მოდიფიცირების ახალი ხერხი და მიღებულია მაღალი კლასის დეფორმირებადი ბეინიტური თუჯი.
ინტენსიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები პლაზმური ტექნოლოგიების მიმართულებით. პროფ. მ. ხუციშვილის მიერ შემუშავებულმა პლაზმური დაფრქვევის ტექნოლოგიებმა ლამინარული პლაზმატრონების გამოყენებით, დადებითი გამოხმაურება მიიღო ევროპისა და აშშ-ს სამეცნიერო წრეებში. აღსანიშნავია, ასოც. პროფ. ზ. საბაშვილის მიერ შემუშავებული ლითონების ეკოლოგიურად სუფთა პლაზმური ჭრისა და მაღალმტკიცე ბოჭკოვანი კომპოზციური მასალების პლაზმური ჭრის ტექნოლოგიები.
დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა პროფ. თ. გაბადაძის ხელმძღვანელობით მიღებულმა არაფეთქებადმა უსაფრთხო დამანგრეველმა მასალამ და ახალი ტიპის წყალგაუმტარმა ზესწრაფმაგრებადმა სპეცცემენტებმა, რომლებიც წარმატებით იქნა დანერგილი მთელ რიგ სამრეწველო ობიექტებზე, ჰესებსა და მეტროპოლიტენებში.
თავისი აქტუალობით გამოირჩევა აკად. გ. ცინცაძის მიერ შესრულებული სამუშაოთა ციკლი არაორგანულ და კოორდინაციულ ნაერთთა ქიმიაში, სპექტრო-ქიმიაში და ელექტროქიმიაში. აღნიშნული კვლევებისათვის იგი აღიარებულია კოორდინაციული ქიმიის ქართული სკოლის ფუძემდებლად. დიდი დაინტერესების გამო კვლევის შედეგები წარმატებით იქნა ასახული გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ ფუნდამენტალურ მონოგრაფიებში.
კვლევების პროდუქტიულობის ხარისხის კონტროლისა და ბუნებრივი და ბიოლოგიური ობიექტების ანალიზებისათვის პროფ. ვ. ერისთავის ხელმძღვანელობით შემუშავდა და შეიქმნა ზეემანის ეფექტზე მომუშავე ატომურ ადსორბციული სპექტროსკოპის დანადგარი. სპექტალური შეფერხებების მაღალი კორექციითა და მაღალი მგრძნობიარობით. აღნიშნული დანადგარისათვის ავტორთა ჯგუფი სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროსა და ვერცხლის მედლებით.
პროფ. გ. გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით პირველად განხორციელდა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მტკიცე სტრუქტურის პიგმენტებისა და ფლუსების სინთეზი, რაც უნიკალური მასალაა მხატვრული მინანქრის მისაღებად.
აქტუალურია სამუშაოები რომელიც ეხება საკვები პროდუქტების სრულფასოვნების შესწავლას, ხარისხის კონტროლსა და მართვის მიმართულებას.
საინტერესო კვლევები მიმდინარეობს ფაკულტეტზე, ადგილობრივი ბუნებრივი ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღებისა და მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლის მიმართულებით.
აკად. რამაზ ქაცარავას ხელმძღვანელობით შემუშავებულია პოლიმერების სინთეზის პოლიკონდენსაციური მეთოდის მე-3 თაობა. ე.წ. „აქტივირებული პოლიკონდენსაცია“. შემდგომში მოხსენიებულია „ქაცარავას მეთოდის სახელწოდებით.“
პროფ. თ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფის მიერ მიღებულია ახალი თაობის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ფარმაკოლოგიური ქმედების ფართო სპექტრი გააჩნია.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულებისაა კვლევები რომელიც ეხება საქართველოს ბუნებრივი ნედლეულის ბაზაზე ენერგოეფექტური მასალების, ელექტროტექნიკური დანიშნულების მინებისა და მინამასალების მიღებას.
აქტუალურია კვლევები, ბიოტექნოლოგიის მიმართულებით რომლებიც ეხება მაღალი აქტივობის მქონე ფერმენტების მიღებას, გაწმენდას და მათი ჰომოლოგიურობის დადგენას; ანტიკანცეროგენული თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლასა და პრაქტიკულ გამოყენებას; კვლევები ასევე უკავშირდება სოფლის მეურნეობასა და კვებით ინდუსტრიას.
პირველად საქართველოში პროფ. ზ. კოვზირიძის და მისი მოწაფეების ინიციატივით შეიქმნა მაღალი ანტიბლასტომური ეფექტის მქონე პრინციპულად ახალი მეთოდოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგია;
მიღებულია ახალი კარბიდ-სიალონური კომპოზიტები რომლებიც მაღალი ცეცხლგამძლეობის, სისალის, მაღალი ქიმიური მედეგობის გამო წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული რაკეტულ-კოსმიურ ტექნიკაში მაღალტემპერატურული დამფარავების და ჯავშანტექნიკის დასამზადებლად.
მნიშვნელოვანია აგრეთვე პურ-პროდუქტების ვიტამინირების და ყურძნის ნარჩენებიდან ზეთების მიღებისა და გამოყენების შესახებ ჩატარებული კვლევები.
დასანერგად წარდგენილია ინოვაციური სამუშაოები, რომლებიც ეხება თბილისის მეტროპოლიტენის გვირაბების წყალუჟონადობის პრობლემის გადაჭრას; ენგურჰესის სადაწნეო გვირაბისა და კაშხლის წყალსაცავის ფილტრაციის შემცირება-შეწყვეტას; ტყიბულის შახტის გამაგრების პრობლემის გადაჭრას; ფოთისა და ანაკლიის პორტების სწრაფი ტემპით მშენებლობის წარმართვისათვის წყალქვეშა ბეტონირების უსწრაფესი გამაგრების მეთოდის გამოყენებას.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი, რომელიც ასაჯაროებს მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს და ხელს უწყობს ინტერდისციპლინარულ კვლევებს.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე ფაკულტეტს აქვს ურთიერთკავშირი უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან: კორნელის უნივერსიტეტთან; ბოსტონის ნორდის უნივერსიტეტთან; კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან; ლუნდის უნივერსიტეტთან; პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან; ამერიკულ კომპანიებთან და სხვებთან.
მსოფლიო კვლევაში ჩართულობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს სამეცნიერო ჯგუფის საქმიანობა პროფ. თ. ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უძღვება ნახშირორჟანგის დაჭერა – პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევების განვითარებას. ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა გლობალური ინდუსტრიის წამოწყებულ მსოფლიო პროგრამაში სადაც 100- ზე მეტ სტარტაპერ მონაწილეთა შორის გაიმარჯვა.
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გარკვეული ჯგუფი ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია, ხოლო პროფ. ზ. კოვზირიძე ამ ფედერაციის საბჭოს წევრი. მათ მიიღეს მონაწილეობა ფედერაციის ეგიდით 2021 – 2022 წლებში ამერიკის ქ. ნიუკასლში, სამხრეთ კორეაში ქ. ბუსანში, პოლონეთის ქ. კრაკოვში ჩატარებულ კონგრესებში, ქ. ვაშინგტონში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ამ ჯგუფის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე წარდგენილია 100-მდე სამეცნიერო პრეზენტაცია.
ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს მიღებული აქვთ 200-ზე მეტი საავტორო მოწმობა, 150-ზე მეტი პატენტი, რომელთა შორის ბოლო ათი წლის განმავლობაში გაყიდულია რამდენიმე პატენტი, გამოცემულია 150-მდე მონოგრაფია, რამდენიმე დაიბეჭდა უცხოეთში.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მინიჭებული აქვს ფაკულტეტის რამდენიმე თანამშრომელს.