სტუ
28/04/2026

ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) პროფესიული მომზადების პროგრამა ქართველი მეცნიერებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი თამრიკო ხობელია The University of Texas at Dallas-ის 8-კვირიანი პროფესიული მომზადების პროგრამის სტიპენდიატი გახდა.

პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით ახორციელებს, რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად.

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერი ტეხასის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

თეორიული სწავლება მოიცავს აკადემიური და საგრანტო პროექტების ეფექტურად დაგეგმვასა და წერას, დისერტაციის მომზადების სტრუქტურასა და სტანდარტებს, ასევე აკადემიური აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე კი, დაეუფლება თანამედროვე ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის პრინციპებს, კვლევითი მონაცემების დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს, მიღებული შედეგების მეცნიერულ ინტერპრეტაციასა და მათ აკადემიურ ფორმატში წარმოდგენას.

ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარებას.

აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი, როგორც მკვლევრის, პროფესიულ განვითარებაში, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრაციასა და ახალი ცოდნის საქართველოში დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ), ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის კონკურსი 2025 წლის  შემოდგომაზე გამოაცხადა. დოკუმენტების მიღება კი, 2025 წლის 25 ნოემბერიდან დაიწყო და 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს აკრედიტებული საჯარო სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდა მეცნიერებს.