საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფით აღინიშნა. ღონისძიება აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა და სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკებს დაეთმო.
ვორქშოფში სტუდენტები, უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიების წარმომადგენლები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები კომპანიები - RMG-ი და WasteLess-ი იყვნენ.
ვორქშოპი აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მადლობა გადაუხადა პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერებს იმ დიდი ღვაწლისათვის, რაც ათწლეულების მანძილზე გარემოსდამცველთა აღზრდას და გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევების განხორციელებას უკავშირდება.
პროფესორმა ლიანა თარგამაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გლობალურ და რეგიონულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას, მათ შორის - სამრეწველო ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე.