საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - აზიის განვითარების ბანკთან (ADB), ვაგენინგენის უნივერსიტეტსა (ნიდერლანდები) და კვლევით ფონდთან (WUR Partnership), ასევე, CAREC-ის ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან ერთად - ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა.
ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოადგენდენ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი, ბიშკეკში შედგა.
დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ADB-თან, WUR-თან და CAREC-ის ქვეყნების აგრარული უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობა უზრუნველყოფს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკების საქართველოში ინტეგრაციას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს CAREC-ის რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით.
როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მხრივ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.