საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პროექტის - „თუთიის მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური გამოლექვა და კოროზიული მახასიათებლების კვლევა“ - ხელმძღვანელია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე დონაძე, პროექტის მენეჯერია აკადემიური დოქტორი ნინო მახალდიანი.
ამასთან, აღნიშნავენ რომ პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან პროფესორი ჯემალ შენგელია, ასოცირებული პროფესორი მაია გაბრიჩიძე. საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მკვლევრები - აკადემიური დოქტორი დავით გოგოლი და მაგისტრი შალვა ზურაბიშვილი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ მარინე დონაძის თქმით, ფუნდამენტური კვლევით დეტალურად შეისწავლიან როგორც თუთიის გალვანური დანაფარის, ასევე, კომპოზიტის მიღების ოპტიმალურ პირობებს ორ სხვადასხვა ელექტროლიტში.
„კვლევით შეფასდება ელექტროლიტში შეყვანილი სხვადასხვა შემავსებლის გავლენა დანაფარის თვისებებზე. ერთ-ერთ შემავსებლად ვიყენებთ ადგილობრივ ბუნებრივ ცეოლიტს - ხეკორძულას კლინოპტილოლიტს, რომელიც სხვა შემავსებლებთან შედარებით იაფი ნედლეულია. მისი შემცველობით მიღებული კომპოზიტური დანაფარის სხვა შემავსებლებთან შედარება მოგვცემს მისი კოროზიული მდგრადობის სურათს და შესაბამისად, იაფი, ეკოლოგიურად სუფთა დანაფარის სამშენებლო, აეროკოსმოსურ, საავტომობილო, გემთმშენებლობის სხვა სფეროებში კონსტრუქციულ მასალებად გამოყენების შესაძლებლობას. ფუნდამენტური კვლევის მეორე სიახლე იქნება კომპოზიტურ დანაფარში შემავსებლად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების (კუდები) გამოყენება. ნარჩენები, სხვა ელემენტებთან და ჟანგეულებთან ერთად, საკმაო რაოდენობით შეიცავს მანგანუმის ორჟანგს. როგორც მრავალი სამეცნიერო კვლევიდან ჩანს, თუთია-მანგანუმის შენადნი მნიშვნელოვნად ზრდის დანაფარის კოროზიამედეგობას და სხვა ტრიბო-მექანიკურ მახასიათებლებს. მესამე შემავსებლის სახით კი შემოვიტანთ Al2O3-ს, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მატრიცაზე კოროზიამედეგი კომპოზიციური დანაფარის მისაღებად”, - აცხადებს მარინე დონაძე.