სტუ
17/06/2024

მაგისტრანტი ლუკა გოგიჩაშვილი XXI საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობდა

27-29 მაისს,  ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. პრაღაში  XXI საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია "Theoretical methods of research of the latest problems” ჩატარდა, რომელსაც 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მუშაობაში ჩართული იყო 5 ქვეყნის, 70-მდე წამყვანი უნივერსიტეტი და აკადემია, მომხსენებლებმა უახლესი პრობლემების კვლევის თეორიულ მეთოდებზე, ფოკუსირებული საკმაოდ საინტერესო 156 თემა წარმოადგინეს.  

 

სამდღიან ევროპულ კონფერენციის მუშაობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტი ლუკა გოგიჩაშვილი მონაწილეობდა. სტუდენტმა პროფესორ ირინე ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით,  შესრულებული შავი ზღვის ორგანიზმების ნიჟარებში შესაძლო ფაზური ტრანსფორმაციების თერმოდინამიკური მოდელირების შედეგები წარადგინა, რაც ბიოლოგიური სისტემების მდგრადობის მისიის კონტექსტში ძალზე აქტუალურ და თანამედროვე კვლევად შეფასდა. მიღებული შედეგების საფუძველზე კონფერენციის მონაწილეებმა პოტენციური რისკები განსაზღვრეს,  რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზღვის ეკოსისტემებსა და ორგანიზმებს კლიმატური პირობების ცვლილებების გამო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის ირინე ბერძენიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებსა და სტუდენტებს შორის,  ახალი ხედვებისა და იდეების გასაცვლელად.

ჩვენი კვლევის ფოკუსი – ზღვის ორგანიზმების ნიჟარები, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატური პირობების ცვლილებებისა და შესაბამისად, ზღვისა და ოკეანეს წყლის მჟავიანობის მატების მიმართ, რაც ბუნების ამ გასაოცარ ქმნილებებს საფრთხეს უქმნის და გაქრობითაც ემუქრება.


ცნობილია, რომ ზღვის ორგანიზმების მინერალური კომპოზიცია შეიცავს კალციუმის კარბონატს, რომელიც არსებობს სამი სხვადასხვა კრისტალური მოდიფიკაციის სახით. მიუხედავად იმისა, რომ მოლუსკის ნიჟარა ყოველთვის იპყრობდა მკვლევართა ინტერესს, კონკრეტული კრისტალური კარბონატული ფაზები ნიჟარის ამა თუ იმ შრეში, ისევე როგორც, ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებს შორის ურთიერთქმედება,  ბიომინერალური კომპოზიციის აწყობის დროს ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი.

საპრეზენტაციო მოხსენებაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი თერმოდინამიკური მოდელი საუკეთესოდ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს აქტუალურ საკითხებს და წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ შეფასდა ფუნდამენტურ ინსტრუმენტად ბიოლოგიური სისტემების ქცევის პროგნოზირებისთვის ოკეანის გამჟავიანებისა და დათბობის პირობებში. ჩვენ წარმოვადგინეთ შავი ზღვის მოლუსკების ნიჟარებში ფაზური გარდაქმნის მიმართულებისა და წონასწორობის ეფექტიანი ანალიზი, რამაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაში ამ აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების ირგვლივ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპულ კონფერენციებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციას, რაც იქონიებს გავლენას კვლევის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ტრანსფერული უნარების განვითარებას და პროფესიული საზოგადოების ატმოსფეროთი დამუხტვას.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მაგისტრანტ ლუკა გოგიჩაშვილის წარმატება სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ქიმიის   სექცია. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე ლუკა გოგიჩაშვილი დასახელდა გამარჯვებულად და  I ადგილი  დაიკავა.

მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, დეკანს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს და მთელ ჩვენს კოლექტივს“, - აცხადებს პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.