5 ივნისს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი სემინარი თემაზე - „გარემოსდაცვითი გამოწვევები XXI საუკუნეში“ ჩატარდა.
ღონისძიებაში, რომელიც გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის 601-ე აუდიტორიაში გაიმართა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების ბაკალავრიატის საფეხურის, მეორე კურსის ოთხი სტუდენტი მონაწილეობდა. სემინარის მუშაობას აღნიშნული დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ქ.თბილისის 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სემინარის ხელმძღვანელმა გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ჯიმშერ ქერქაძემ დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო გარემოს დაცვის მსოფლიო დღის დაარსებისა და მისი აღნიშვნის ისტორია. მომხსენებელმა განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა გაეროსა და მისი შვილობილი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (UNEP) როლს, მათ ერთობლივ ძალისხმევას დედამიწაზე არსებული უმწვავესი გარემოსდაცვითი პრობლემების დაძლევაში კაცობრიობის მდგრადი განვითარებისათვის და მომავალ თაობათა საკეთილდღეოდ.
სემინარზე, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები ბევრ საჭირბოროტო გარემოსდაცვით პრობლემატიკას შეეხებოდა. კერძოდ, ბიოდეგრადირებადი პლასტმასების ცხოვრებისეული გამოყენების უპირატესობა ჩვეულებრივ პლასტმასებთან მიმართებაში; სმოგის ნაირსახეობებთან დაკავშირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო ეკოლოგიურ საფრთხეებთან პირისპირ დარჩენილი მსოფლიოს ქალაქები-მეგაპოლისები; პლანეტის მოსახლეობის შიმშილობის დაძლევის მიზნით გენმოდიფიცირებული და ბიოორგანული საკვების ალტერნატიული გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ნიადაგების დეგრადაციის მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები და საშუალებები.

სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს, ამავე დროს, განხილული თემატიკის ფარგლებში, სათანადო ცოდნა და ერუდიცია გამოავლინეს.
სემინარის მუშაობა შეაჯამა გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა. მან სიტყვით წარმოთქმისას, ხაზი გაუსვა სემინარის ყოველწლიურად გამართვის დამკვიდრებულ ტრადიციას და მონაწილე სტუდენტებს, მათივე სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, სამომავლო წარმატებები უსურვა მეცნიერულ კვლევის მიმართულებით.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.