ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთსულოვნად გამოხატავს მადლიერებას ღვაწლმოსილი პროფესორის, ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუ-ის საერთაშორისო კონფერენციის "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" ორგანიზებულად ჩატარებისა და სათანადო მხარდაჭერისათვის.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია ბრძნული გამონათქვამისა: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისა“.
საიუბილეო კონფერენციაზე მკვეთრად გამოიკვეთა ამ თვალსაჩინო პროფესორის უდიდესი წვლილი ტექნიკური უნივერსიტეტის ასწლოვან ისტორიაში. იგი იყო დამფუძნებელი გარემოს დაცვის კათედრის, რომელსაც ამჟამად, დეპარტამენტის რანგში, ხელმძღვანელობს პროფესორი დიმიტრი ერისთავი. მისი დიდი შრომითა და ძალისხმევით დაკომპლექტდა მაშინდელი კათედრის აკადემიური პერსონალი, მან საფუძვლიანად განსაზღვრა კათედრის პრიორიტეტები გარემოს დაცვის სფეროში და ჩამოაყალიბა სამომავლო პერსპექტივები.
თავისი საქმის უბადლო მცოდნე, მაღალი რანგის პროფესიონალი, ახალგაზრდობის უსაზღვროდ მხარდამჭერი, ღრმად მოსიყვარულე და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე უსაზღვროდ თავდადებული - ასეთად დარჩება ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისათვის პროფესორ ვიქტორ ერისთავი.